საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ სამი ტომი გამოიცემა                                                       

თარიღი: 2023-03-14 20:57:07

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2021 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის – ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა” – სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო გრანტის ფარგლებში პირველად მოეწყო. კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 105-ე წლისთავს.

პროექტში ჩართულ მკვლევართა საქმიანობა ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ სამი ტომის გამოცემას მომავალი წლის დასაწყისისთვის.

როგორც პროექტის მონაწილემ და კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ბონდო კუპატაძემ განაცხადა, პროექტის – ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა”  – ფარგლებში გამოიცემა ქართულენოვანი მონოგრაფიის 2 ტომი და ერთი ტომი  – ინგლისურენოვანი ვერსია, სადაც შეტანილი იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრული ისტორია.

,,კონფერენციის მთავარი იდეაა – ვაჩვენოთ საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი მშენებლობის ძირითადი პრინციპები, ანუ როგორი ტიპის სახელმწიფოს აშენებდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურნი სხვადასხვა მიმართულებით – ეს იქნებოდა სოციალური პოლიტიკა, არმიის მშენებლობა,  კულტურული პოლიტიკა და ა.შ. ყველა ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენს სამ ტომეულში 2024 წლის დასაწყისისთვის. ანუ, როგორც მოგახსენეთ, ისტორიოგრაფიაში უკვე არსებული მასალის, საარქივო თუ სხვა ტიპის წყაროების გამოყენებით დაიდება ფუნდამენტური კვლევა. ჩემი დღევანდელი მოხსენება კი შეეხება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას და სეკულარიზაციის პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტა იმ პერიოდში“, – განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, პროექტის მონაწილემ ბონდო კუპატაძემ.

ჩვენთან საუბარში თსუ-ს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ განაცხადა: ,,ჩემთან ერთად პროფესორებმა  – ბონდო კუპატაძემ, მიხეილ ბახტაძემ და დოქტორანტებმა  – სალომე ჭანტურიძემ, ირაკლი ირემაძემ – აი, ამ პატარა ჯგუფმა მოიპოვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. ჩვენი მიზანია საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია შევისწავლოთ თავიდან ბოლომდე, ყოვლის მომცველად: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, პოლიტიკური პარტიები, საგარეო პოლიტიკა, საკანონმდებლო საქმიანობა, სპორტი, განათლება…  ერთი სიტყვით, ყველაფერი!

12 მარტის კონფერენცია მიეძღვნა ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი  პერიოდის –  1918-1921 წლების ისტორიას, რომლის სამართალმემკვიდრეები ჩვენ ვართ. ამიტომ, მაშინ რაც ხდებოდა, დღესაც აქტუალურია ბევრი რამ. მაგალითად, ჩემი მოხსენების სათაური გახლავთ ,,მრავალპარტიული სისტემის სტაბილიზაცია საქართველოში“. როდესაც ნიკოლოზ მეორის ხელისუფლება ჩამოაგდეს და მონარქია დაეცა, მას შემდეგ, 1917 წლის პირველ თვეებში, საქართველოში ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია ფუნქციონირებდა. მათ  შორის  გაჩაღდა, შეიძლება ითქვას, ბრძოლა ჰეგემონიისათვის. ეს ბრძოლა, გარკვეულ პერიოდებში, მწვავე იყო, განსაკუთრებით პირველი ორი თვის განმავლობაში (თებერვალ-მარტში), მაგრამ ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტისაგან განსხვავებით (ამას ხაზგასმით ვამბობ), მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ შეძლო, რომ პატარა წაკინკლავების მერე ერთად დამსხდარიყვნენ,  ეთანამშრომლათ… მონარქიის დაქცევის მერე, სოციალ-დემოკრატებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა, სოციალ-ფედერალისტებმა – ყველაზე წამყვანმა პარტიებმა მოაწყვეს ინტერპარტიული შეკრება და შექმნეს ორგანო, რომელიც უხელმძღვანელებდა ქართული სახელმწიფოს აღდგენას. ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს შეთანხმება ერთმანეთთან ვერ მოახერხა და ამ ბრძოლაში გავიდა 30 წელი. დავუჯეროთ ჩვენს წინაპრებს!“ – აცხადებს კონფერენციის მონაწილე, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დიმიტრი შველიძე.

პროექტის თანამონაწილე, ასოცირებული პროფესორი მიხეილ ბახტაძე 1918-1921 წლების საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას იკვლევს. ,,საინტერესო მოხსენება გამოვიდა, რადგან ბევრი რაღაც ისტორიაში მეორდება და ჰგავს იმ წლებს, ჰგავს იმას, რაც არის დღესაც. აზერბაიჯანი და საქართველო ძალიან სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ მაშინაც, რასაც განაპირობებს ორივე სახელმწიფოს ინტერესები – ეს უკავშირდება ნავთობს, ნავთობსადენს, რკინიგზას, რომელიც ვერ იმუშავებს, თუ არ იქნებოდა მაშინ და არ იქნება დღესაც სახელმწიფოთა შორის კარგი ურთიერთობები. გარდა ამისა, მოხსენება ეხება იმ სავაჭრო ურთიერთობას, რომელიც არსებობდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის; იმ პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც მაშინ იყო და, ნაწილობრივ, სამხედრო საკითხებსაც (თუმცა, სამხედრო საკითხები უფრო მეტად არის ცნობილი საზოგადოებისათვის), ამიტომ მე აქცენტი გავაკეთე ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე“, – განაცხადა მიხეილ ბახტაძემ.

დოქტორანტ ირაკლი ირემაძის მოხსენება შეეხებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სისტემას. ,,როდესაც 100 წლის წინ  საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში  ქმნიდნენ ახალი განათლების სისტემას, პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო საზოგადოების გარდაქმნის, თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი ფუნდამენტი, რადგანაც მანამდე საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს მიუწვდებოდა ხელი განათლებაზე. აქ საუბარია იმაზე, რომ მანამდე  არსებული რეპრესიული განათლების სისტემა შეიცვალა დემოკრატიულით. ანუ ამ ორმა წელმა დაგვანახა, რომ დამოუკიდებლობის შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეგვეძლო იმ პრობლემების გადაჭრა, რაც მთელი რუსეთის იმპერიის განმავლობაში არ ხდებოდა საქართველოში, რომ მოქალაქეებს არ ჰქონოდათ წვდომა განათლებაზე“, – განაცხადა ირაკლი ირემაძემ.

კონფერენციაზე სხვა საინტერესო მოხსენებებიც წაიკითხეს, რომლის შესახებაც გაზეთი მოგვიანებით დაწერს.

Facebook
Twitter
LinkedIn