თსუ-ს მაგისტრანტი ნიკოლოზ სარაჯიშვილია ერთ-ერთი ავტორი, რომლის სახელმძღვანელოთიც მეთერთმეტე კლასში საქართველოს ისტორია ისწავლება

თარიღი: 2023-12-01 20:35:02

საქართველოს ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ არის შედგენილი, საქართველოს საჯარო სკოლების მეთერთმეტე კლასებში უკვე ისწავლება. სახელმძღვანელოზე მუშაობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ის მოიცავს პერიოდს გიორგი I-დან (X-XI სს.) პირველ მსოფლიო ომამდე (1914).

სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორის,  ,,უახლესი ისტორიის ცენტრის” ხელმძღვანელის,  ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის ნიკოლოზ სარაჯიშვილის ინფორმაციით, წიგნი სამი ნაწილისგან შედგება: 1. განვითარებული შუა საუკუნეები საქართველოში; 2. საქართველო XV-XVIII საუკუნეებში;  3. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

„აღსანიშნავია, რომ ავტორთა ძირითადი ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები არიან: ლალი მექერიშვილი, გიორგი არქანია, ჯონდი ხუხია, გიორგი ბუცხრიკიძე, ლაშა ხართიშვილი. ჩვენ მართლაც უდიდესი შრომა ჩავდეთ სახელმძღვანელოს შექმნაში. მის შესაქმნელად არც თუ დიდი დრო გვქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, საქმეს თავი კარგად გავართვით.

შედეგიც სახეზეა – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოს მიენიჭა გრიფი და, ამასთან, მიიღო უმაღლესი შეფასება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმძღვანელო უნდა ითარგმნოს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და 2024 წლიდან სწორედ ამ სახელმძღვანელოთი ისწავლიან შესაბამისი ენობრივი სექტორების სკოლის მოსწავლეები“,  – ამბობს ნიკოლოზ სარაჯიშვილი. 

მისივე თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ელემენტი წყაროებია. ,,ჩვენმა ჯგუფმა მრავალი წყარო დაამუშავა და, ასე ვთქვათ, საუკეთესოები შეარჩია. ზოგიერთ შემთხვევაში გამოვიყენეთ სრულიად ახალი, ჯერჯერობით გამოუქვეყნებელი წყაროებიც კი. მაგალითად, XIX საუკუნის ეპოქაზე მუშაობისას მოვიხმე ხალხოსან ივანე ჯაბადარისა და ანარქისტ გიორგი (კომანდო) გოგელიას მოგონებები, რომელთა შესაბამისი მონაკვეთები სპეციალურად სახელმძღვანელოსთვის ითარგმნა. აქვე ვიტყვი, რომ ორივე მათგანის ცალკე წიგნად გამოცემა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი“,  – ამბობს ნიკოლოზ სარაჯიშვილი.

სახელმძღვანელოს ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული სახელმძღვანელოთი მოსწავლეებმა სწავლა უკვე მიმდინარე სემესტრიდან (2023 წლის შემოდგომიდან) დაიწყეს და იმედია, რომ ის პირნათლად შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც ავტორები მისი შექმნის პროცესში ითვალისწინებდნენ.

ბლიც-ინტერვიუ ნიკოლოზ სარაჯიშვილთან

როგორ იწერება საქართველოს ისტორია? თქვენ სოციალურ ქსელში საუბრობთ იმაზე, რომ ზოგიერთი პედაგოგი ზღაპრებად დაწერილ ე.წ. ისტორიას ასწავლის ბავშვებს… თქვენი სახელმძღვანელო, რომლითაც მეთერთმეტე კლასელები სწავლობენ, როგორ შეადგინეთ?

სოციალურმა ქსელმა, განსაკუთრებით კი ფეისბუქმა, ინფორმაციის გავრცელება ძალიან იოლი გახადა და, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ვხვდებით სერიოზული უზუსტობებისა და გამოგონილი ფაქტების ტირაჟირებას. უფრო ხშირად ისეთი ფაქტები ვრცელდება საზოგადოების ფართო ფენებში, რომელთაც რეალობასთან არაფერი აკავშირებთ. მაგალითად, ბოლო პერიოდში შემხვდა ასეთი ამბავი, როდესაც ერთ-ერთ უცნობ ავტორს უცნობი წყაროების მიხედვით ეწერა, რომ თამარ მეფე ღამღამობით ქალაქის გაჭირვებული მოსახლეობისთვის ქსოვდა და დილით მათ ნახელავს ურიგებდა. ამავე სტატიაში ვკითხულობთ, თითქოს თამარ მეფე „რა ფასის საჭმელსაც შეჭამდა დღეში, იმ ფასის საქონელს, თავისი ხელით შექმნილს, გაყიდდა ხოლმე და მიღებულ ფულს გლახაკებს აძლევდა, ან გლახაკებს უქსოვდა და უკერავდა ტანსაცმელს იმ ფასისას, რასაც ჭამდა. ანუ, უფასოდ ან სახელმწიფოს ხარჯზე არაფერს ჭამდა“. სამწუხაროა, მაგრამ ამ (და მის მსგავს სხვა) სტატიას დიდი მოწონება აქვს, მათ შორის რამდენიმე ნაცნობი მასწავლებლის მიერ გამოხატული მოწონებაც შემხვდა. და მსგავსი „ლეგენდები“ ხშირია. პრინციპში, მახსენდება უნივერსიტეტის ჯერ კიდევ ბაკალავრიატის წლები, როდესაც სკოლაში ნასწავლი ბევრი ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ რეალობასთან კავშირში საერთოდ არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე პროფესიამ შემიწყო ხელი და ჩემმა ლექტორებმა მომაწოდეს საჭირო სწორი ინფორმაცია, ხოლო ის, ვინც მხოლოდ სკოლაში ნასწავლი ცოდნით დაკმაყოფილდა, ბუნებრივია, ამ ლეგენდად მოყოლილი ამბების სჯერა. ვერც გავამტყუნებთ.

გარდა ამისა, რეალობა ის არის, რომ დღევანდელი მასწავლებლები არ და ვერ ეცნობიან იმ სამეცნიერო სიახლეებს, რომელსაც ჩვენი და სხვა სახელმწიფო უნვიერსიტეტებისა თუ კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლები ქმნიან. ამას რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები განაპირობებს. ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ვეცადეთ ჩვენს სახელმძღვანელოში შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ფართოდ შეგვეტანა ის სამეცნიერო სიახლეები, რომელიც ისტორიის კონკრეტულ პერიოდებში გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ამ სახელმძღვანელოთი მუშაობის დროს თავად მასწავლებლებიც კი ძალიან ბევრ ახალ ფაქტორს გამოავლენენ კონკრეტული მოვლენის სწავლების პროცესში და ისტორიულ ფაქტებსაც მეტად სხვადასხვა შეხედულებით შეაფასებენ.

სუბიექტურ ფაქტორებს რამდენად გამორიცხავს ისტორიულ სახელმძღვანელოზე მუშაობა და ამ კუთხით რა გამოცდილება დაგიგროვდათ?

სახელმძღვანელო სწორედ ის პროდუქტია, რომელიც სუბიექტურ ფაქტორებს უნდა გამორიცხავდეს. ეს არ არის კვლევა ან მონოგრაფია, რომელშიც ერთეული ავტორის ნარატივი/კვლევითი ხაზი იქნება გატარებული. ბუნებრივია, ეს იოლი არ არის. თავდაპირველ ეტაპზე საკმაოდ რთული ჩანდა, რაღაც მომენტში ვფიქრობდი კიდეც, რომ იმდენად რთული იყო, არ ღირდა ამ პასუხისმგებლობის აღება. თუმცა საუბრების, განხილვების შემდეგ გადავწყვიტე, მეცადა და ბოლომდე შემესრულებინა დაკისრებული საქმე.

მეც და ჩემმა მეგობარმა კოლეგებმაც დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ, რომ სუბიექტური დამოკიდებულებები და ავტორისეული ნარატივები ნულამდე დაგვეყვანა და თუ რაიმე მცირე დოზით მაინც გაგვეპარა, რეცენზენტების ჯგუფმა ისიც ნულს გაუტოლა. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა შეძლო, რომ ისეთი სახელმძღვანელო შეექმნა, რომელიც თავის მისიას პირნათლად შეასრულებს.

რა ემოციური შეგრძნებაა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ავტორი ხართ სახელმძღვანელოსი, რომლითაც სკოლებში ისტორია ისწავლება?

ისტორიკოსი თითქოს წარსულში მოხეტიალე ადამიანია, არადა ერთ-ერთი უპირველესია, ვინც მომავალზე ფიქრობს და სწორედ მომავლისთვის მუშაობს ამ წარსულშიც… ალბათ ეს ის ემოციაა, რომლის გამოც ღირდა ამ პროფესიის არჩევა, მით უმეტეს, ემოცია მაშინდელი მომენტისა, როდესაც გვამცნეს, რომ სახელმძღვანელომ სხვა სახელმძღვანელოებს შორის უმაღლესი შეფასება მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გამოიცემა და შესაბამისი სექტორის მოსწავლეებიც სწორედ ჩვენი ჯგუფის მიერ გამოცემული საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოთი ისწავლიან უახლოესი წლების განმავლობაში.

სტატიაზე, ასევე, მუშაობდა ჟურნალისტი შურთხია ბეროშვილი

Facebook
Twitter
LinkedIn