მაკა ნუცუბიძის ავტორობით „საქართველოს ღვინის სამართალი“ პირველად მოხვდა საერთაშორისო გამოცემაში „Global Wine Law“

თარიღი: 2023-03-13 17:40:09

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის, სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის ავტორობით „საქართველოს ღვინის სამართალი“ პირველად მოხვდა ინგლისურენოვან საერთაშორისო გამოცემაში „Global Wine Law“. კრებულში მსოფლიოს 26 ქვეყნის ღვინის სამართლებრივი რეგულაციებია გამოკვლეული და აღწერილი. „Global Wine Law“ ერთადერთი საერთაშორისო გამოცემაა, რომელმაც ღვინისა და ვაზის სამართლის სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა ერთ სივრცეში გააერთიანა და ონლაინპლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს, იურისტებს, მეცნიერებს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციებს სამართლებრივი რეგულაციების ერთმანეთთან შედარების საშუალება მისცა. კრებული საერთაშორისო ორგანიზაცია „ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ მიერაა მომზადებული, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში ღვინის სამართლის სწავლებისა და კვლევის სამეცნიერო-საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და პრაქტიკოს იურისტებს, ხელს უწყობს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ღვინის სამართლის კვლევისა და სწავლების განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვაქვს კანონმდებლობა ვაზისა და ღვინის შესახებ, ღვინის სამართალი, როგორც სამართლის ცალკე დარგი, ჩამოყალიბების პროცესშია. მაკა ნუცუბიძე, რომელსაც საფრანგეთში აქვს სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მიღებული, მჭიდრო სამეცნიერო-კვლევითი ურთიერთობები აქვს საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან. იგი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის, იტალიის და სხვა მსხვილი ღვინისმწარმოებელი ქვეყნების მსგავსად, საქართველოში, როგორც ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა არსებობდეს ვაზისა და ღვინის სამართლებრივი რეგულაციების შემსწავლელი ცალკე დარგი – „ღვინის სამართალი“. ამ მიზნის განსახორციელებლად, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე იურისტ-მკვლევართა ჯგუფი ყალიბდება, რომელიც სამართლის დარგის „ღვინის სამართლის“ განვითარებას ჩაუყრის საფუძველს, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და ფრანგი კოლეგების თანადგომით სამართლებრივ კვლევებს განახორციელებს – გამოავლენს ღვინის ქართული კანონმდებლობის ხარვეზებს, მოახდენს პრაქტიკაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით.

მაკა ნუცუბიძე უკვე მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის სამართლის არჩევით კურსს შესთავაზებს.

საქართველოში ღვინის სამართლის ცალკე დარგად ფორმირების აუცილებლობასა და თანამედროვე ქართული ღვინის სამართლის გამოწვევებს მაკა ნუცუბიძე ინტერვიუში განმარტავს.

მაკა ნუცუბიძე: „პოსტ საბჭოთა სივრცეს თუ არ ჩავთვლით, მსოფლიოში თითქმის ორი საუკუნეა ვაზისა და ღვინის სამართლებრივი რეგულაციების სისტემური კვლევა და შესწავლა ხორციელდება სამართლის ცალკე დარგის „ღვინის სამართლის“ სახელით. „ღვინის სამართალს“ ასევე მოიხსენიებენ, როგორც ,,ვაზისა და ღვინის სამართალს“. სამართლის ეს დარგი სამართლებრივად არეგულირებს მთლიანად ღვინის ინდუსტრიის, ღვინის სექტორის მამოძრავებელ პროცესებს სავენახე მიწის რეგისტრაციიდან და ვენახის გაშენებიდან – ღვინის დაგემოვნებამდე“.

რატომ ღვინის და არა მაგალითად, ვისკის სამართალი?

მაკა ნუცუბიძე: „საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, ისევე, როგორც საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და სხვა. ამ ქვეყნებში ღვინო მხოლოდ ეკონომიკური პროდუქტი არ არის, იგი კულტურის, ისტორიის, ტრადიციების ნაწილია. ღვინის ხარისხი თითოეული ღვინისმწარმოებელი ქვეყნის პრესტიჟია და ღირსება. ღვინის წარმოება მრავალსაფეხურიანი პროცესია. ღვინის ხარისხზე გავლენას ახდენს ნიადაგი, მოვლის საშუალებები, გეოგრაფიული/ადგილწარმოშობის დასახელებების აღიარება და დაცულობა, სასაქონლო ნიშნები, დამზადების წესები, ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტე და მომხმარებლის დაცვა ფალსიფიცირებული ღვინისგან. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებიც სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებს. საფრანგეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ (რომელიც ღვინის სამართლის კვლევისა და სწავლების თითქმის ორ საუკუნეს ითვლის), რომ სამართლის ეს „არომატული და გემრიელი“ დარგი მუდმივი განვითარების მდგომარეობაშია როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ – ევროკავშირის და საერთაშორისო დონეზე“.

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღვინის წარმოების რეგულაციებთან დაკავშირებით  რა ვითარებაა?

მაკა ნუცუბიძე: „ეროვნული კანონმდებლობით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ღვინის სამართლის საკითხებია: ვაზის მოვლის, ღვინის წარმოების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ღვინის ტრადიციული დასახელებების დაცვის სტანდარტები, ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვის წესები, ბაზარზე განთავსებისას მომხმარებელთა დაცვისა და რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ვალდებულებები და სხვა.

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც, იმავდროულად, საქართველოში ღვინის სამართლის განვითარების საფუძველი და გამოწვევაა. ასოცირების ხელშეკრულებამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ ქართული ღვინო, დაბეგვრის გარეშე, ნულოვანი საბაზრო ტარიფით გაიყიდოს ევროკავშირის ქვეყნებში. ამისთვის ღვინისმწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ ხარისხის სტანდარტები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობაშია გაწერილი და მათთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებაა. საქართველოში ევროკავშირის სამართლის შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა და ამ კანონმდებლობის დაცვით წარმოებული ღვინის მიმართ ნდობის გაზრდა ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდის გარანტიაა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ სხვა მსხვილი ბაზრის მქონე სახელმწიფოებში. არაევროკავშირის ქვეყნებს, როგორც წესი, თავიანთი მოთხოვნები და სამართლებრივი რეგულაციები აქვთ ღვინის იმპორტის, დაბეგვრის, სერტიფიცირების მიმართ, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებითაა დარეგულირებული. არაევროკავშირის ქვეყნები, რომლებთანაც უკვე აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ქართველ ღვინისმწარმოებლებს, გააჩნიათ თავიანთი, ეროვნული ღვინის მარეგულირებელი კანონები. მათი სისტემური შესწავლა, გამოკვლევა, ნაშრომებისა და გზამკვლევების მომზადება ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ღვინის რეალიზატორებს, ექსპორტ-იმპორტიორებს, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს (კანონმდებლებს, საჯარო მოხელეებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს და სხვ.) ღვინის სექტორში არსებული ურთიერთობებისა და დავების გადაწყვეტისას.

რა მნიშვნელობა აქვს კრებულში „Global Wine Law“ საქართველოს ღვინის სამართლის მიმოხილვის გამოქვეყნებას? 

მაკა ნუცუბიძე: „ღვინის სამართლის საერთაშორისო ორგანიზაცია AIDV „Global  Wine Law“-ს გამოცემის ინიციატორი და ავტორია. ამ ორგანიზაციის წევრები არიან მსოფლიოში ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების იურისტები, პროფესორები, მკვლევრები, ასევე, მოქმედი ადვოკატები და მოსამართლეები, რომლებიც ღვინის სამართალში მოღვაწეობენ. კრებულს სამი რედაქტორი ჰყავს: ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები – თეოდორ გეორგოპოლუსი, რეინ-ჟან პრინსი და სტეფან სტერნი. ბატონი გეორგოპოლუსი საფრანგეთის, რეიმსის შამპან არდენის უნივერსიტეტის ჯორჯ ჩაპეზის ვაზისა და ღვინის სამართლის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჟან მონეს ღვინისა და სამართლის პროგრამის დირექტორია. სწორედ მან შემომთავაზა ამ კრებულისთვის კვლევის განხორციელება და ამ ნაშრომის მომზადება. ბატონი პრინსი საფრანგეთის ექს ან პროვანსის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ღვინის სამართლის სპეციალიზებული ადვოკატია, ხოლო სტეფან სტერნი – ავსტრალიელი ადვოკატი ასევე ღვინის სამართლის სპეციალიზაციით.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ასოციაციამ რედაქტორების ხელმძღვანელობით შეიმუშავა ერთიანი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც 26 ქვეყნის იურისტმა ვიმუშავეთ ჩვენ-ჩვენი ქვეყნების სამართლის სისტემაში ღვინის სამართლებრივი რეგულაციების მოძიებასა და გამოკვლევაზე. ნაშრომები ორგზის იქნა გადახედილი დამოუკიდებელი, ანონიმური ექსპერტების მიერ და საბოლოო რედაქტირების შედეგად 2023 წლის 3 მარტს გამოიცა შვეიცარიაში გამომცემლობა „Helbing Lichtenhahn“-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კრებულის პირველ გამოცემაში 2021 წელს მხოლოდ 20 ქვეყანა მოხვდა და მათ შორის არ იყო საქართველო. მოგვიანებით მეორე შევსებულ გამოცემაში დამატებულ 6 ქვეყანას შორისაა დღეს საქართველოს ღვინის სამართალი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კრებულის რედაქტორების მკაცრი პოლიტიკის მიუხედავად, რომ თითოეული ავტორი უნდა მორგებოდა წინასწარ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, საშუალება მომცეს მცირე, მაქსიმუმ ერთგვერდიანი შესავალი გამეკეთებინა, რითიც, ბუნებრივია, დიდი სიხარულით ვისარგებლე და, მოკლედ, მაგრამ მთავარი სათქმელი მაინც გადავეცი ყველა მკითხველს საქართველოს, როგორც 8000 წლიანი ღვინის წარმოების ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ. იმედია, წიგნი ბევრს დააინტერესებს და საქართველოს ღვინის სამართლებრივი რეგულაციების გაცნობას შეუდგება“.

რა გეგმები გაქვთ ღვინის სამართლის კვლევა-სწავლების განვითარებასთან დაკავშირებით?

მაკა ნუცუბიძე: „ღვინის სამართალი იკვეთება სამართლის აბსოლუტურად ყველა დარგთან – სისხლის სამართლიდან დაწყებული, სამოქალაქო-სახელშეკრულებო, ადმინისტრაციული, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საბაჟო, საგადასახადო, შრომით, საერთაშორისო კერძო სამართლით დამთავრებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მკვლევართა გუნდის შეკვრა. იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის მხრიდან დაინტერესება უკვე არის. მჭიდრო კავშირები და ურთიერთთანამშრომლობის გეგმები გვაქვს საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის უნივერსიტეტებთან. ჩვენი მთავარი მხარდამჭერია ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაცია. ვმუშაობთ საქართველოში ღვინის სამართლის დარგის სტრატეგიის შემუშავებაზე და მაისის თვეში დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო ვებინარი ფრანგი და ქართველი დოქტორანტების მონაწილეობით ღვინის სამართლის სხვადასხვა საკითხებზე.

რაც შეეხება ჩემს ინდივიდუალური კვლევისა და სწავლების გეგმას, მე უკვე შევიმუშავე სილაბუსი არჩევითი საგნისთვის  – „ღვინის სამართლის შესავალი“ და ე.წ. „რიდერი“, როგორც კურსის შესაბამისი სასწავლო-დამხმარე მასალა. პარალელურად ვმუშაობ მონოგრაფიაზე. ჩვენ ხომ ჯერ ახლა დავიწყეთ, წინ ბევრი და დიდი გეგმები გვაქვს!“

Facebook
Twitter
LinkedIn