საპატიო თბილისელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
„თბილისობა 2025”-ზე თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ თსუ-ს პროფესორებს: ჯენარო ქრისტესაშვილს – ექიმ-რეპროდუქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს; ზურაბ აბაშიძეს – დიპლომატს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორს; თეიმურაზ ჩიგოგიძეს – ექიმ-უროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს.
ჯენარო ქრისტესაშვილი:
– ჩემთვის, როგორც რამდენიმე თაობის თბილისელისთვის, ალბათ არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი და ემოციური წოდება, ვიდრე საპატიო თბილისელობაა. ჩემი ბავშვობა, ზრდასრულობა, პროფესიული განვითარება და პიროვნული ჩამოყალიბება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისთან. სწორედ ამ ქალაქმა მასწავლა მთავარი ღირებულებები, ჩამინერგა სიყვარული საკუთარი გარემოს, ადამიანებისა და საქმის მიმართ. თბილისი ჩემთვის არის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი არა მხოლოდ თავისი იერსახით, არქიტექტურითა და ბუნებით, არამედ, უპირველესად, ადამიანებით, რომლებიც აქ ცხოვრობენ. აქ ცხოვრობენ ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და სრულიად უცნობები, მაგრამ ნამდვილი თბილისელები, რომლებიც გამოირჩევიან ტოლერანტობით, გულწრფელობით, ურთიერთპატივისცემით და ღრმა სიყვარულით საკუთარი ქალაქის მიმართ. ცხოვრების განმავლობაში, მიუხედავად მრავალი მომხიბვლელი შესაძლებლობისა, არასდროს მიფიქრია თბილისის დატოვება. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება უნდა გამეზიარებინა ჩემს ქალაქსა და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის და აღმეზარდა ექიმებისა და მეცნიერების ახალი თაობები. საპატიო თბილისელობის წოდება ჩემთვის უდიდესი პატივია და, ამავდროულად, პასუხისმგებლობაც. ჩემი დიდი სურვილია, რომ თბილისი მუდამ განვითარდეს და გაძლიერდეს ისე, რომ არ დაკარგოს ის მთავარი, რაც მას მართლაც განსაკუთრებულს ხდის – სითბო, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საპატიო წოდების ღირსად ჩამთვალა და ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მომილოცა და ეს სიხარული გაიზირა.
ზურაბ აბაშიძე:
– ჩემთვის დიდი პატივია – ვატარებდე ამ საპატიო წოდებას. ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენო, რომ ჯერ კიდევ 1980 წელს მამაჩემი – ირაკლი აბაშიძე გახდა საპატიო თბილისელი და მასთან ერთად ეს წოდება მიიღეს მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების ისეთმა კორიფეებმა, როგორებიც იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, ნიკო კეცხოველი, ვალერიან ჭელიძე. სხვა დროს ამ წოდებას ღირსებით ატარებდნენ ლადო გუდიაშვილი, აკაკი შანიძე, ანდრია ბალანჩივაძე, სესილია თაყაიშვილი, ევგენი ხარაძე, უჩა ჯაფარიძე, ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი და არაერთი სახელოვანი ქართველი მოღვაწე. ამდენად, ჩემთვის დიდი პატივია, შევუერთდე ამ დიდ პლეადას. მიხარია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი ასე დაფასდა.


თეიმურაზ ჩიგოგიძე:
– მე დავიბადე თბილისში, აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა. თბილისში მივიღე უმაღლესი განათლება, დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ მომანიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. ჩემი მთელი ცხოვრებისეული გზა თბილისთან არის დაკავშირებული. ამდენად, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ჩემთვის დიდი პატივია და, ამავდროულად, ძლიერი მოტივაცია, რათა ჩვენს ძვირფას თბილისელებს მეტი შემართებითა და მონდომებით ვემსახურო. თბილისელებს ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას! აქვე მინდა მივულოცო დამსახურებული ჯილდო მედიცინის ფაკულტეტის პროფესორს ქალბატონ ჯენარო ქრისტესაშვილს და ყველა იმ პიროვნებას, რომელთაც აღნიშნული წოდება მიენიჭა.
