სანივთო სამართლის სახელმძღვანელოს მესამე შევსებული გამოცემა

თარიღი: 2023-05-10 20:26:55

სანივთო სამართლის სახელმძღვანელოს მესამე, შევსებული გამოცემა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის თამარ ზარანდიას ავტორობით გამოიცა. წიგნში სამოქალაქო სამართლის ქვედარგის სანივთო სამართლის ფუძემდებლური ცნებები და სანივთო სამართლის პრინციპების წარმოჩენით სანივთოსამართლებრივი ნორმების სწორი გამოყენებისთვის საჭირო ორიენტირებია განხილული; განსაზღვრულია ქონების ცნება, რომელიც კერძო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური ცნებაა და დღემდე სამართლის სხვადასხვა სისტემაში აზრთა სხვადასხვაობის შედეგად ფორმირდება; განმარტებულია ნივთებთან ადამიანის ურთიერთობის სამართალი: ფაქტობრივი ურთიერთობები  – მფლობელობის სახით და სამართლებრივი ურთიერთობები – საკუთრების სახით.

სახელმძღვანელო თემატურად კოდექსის სისტემას მიჰყვება და შემდგომი ნაწილები სამეზობლო ურთიერთობების, მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრებისა და სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებებს ეხება.

სანივთო სამართალთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით  სასწავლო წიგნი პერმანენტულად ახლდება.

„ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღების შემდეგ საკანონმდებლო მოწესრიგებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, რომელიც ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთების შეძენა/განკარგვის ნაწილთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, განმარტებები სახელმძღვანელოში აისახა. გარდა ამისა, სტუდენტებთან მუდმივი უკუკავშირის შედეგად დავინახე აუცილებლობა, რომ გარკვეული თავები განახლებულიყო და სახელმძღვანელო ახალი კაზუსებით შევსებულიყო. წიგნი სასწავლო დანიშნულებისაა, რომლითაც სტუდენტები სანივთო სამართლის საგნის შესწავლისას ხელმძღვანელობენ, შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცადე ბევრი მაგალითი შემეტანა და, შედარებით, მარტივ ენაზე ყოფილიყო განმარტებული სანივთო სამართლის მნიშვნელოვანი საკითხები“, – აცხადებს თამარ ზარანდია.

ამ დროისთვის ხელმისაწვდომია სანივთო სამართლის სახელმძღვანელოს როგორც  ბეჭდური, ასევე, ელექტრონული ვერსია, რომელიც თსუ-ს ბიბლიოთეკის ვებ-პლატფორმაზეა განთავსებული. 

სასწავლო წიგნის სამიზნე აუდიტორია ფართო სპექტრს მოიცავს  – სახელმძღვანელო განკუთვნილია სამართლის სკოლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და, ზოგადად, იურისპრუდენციით დაინტერესებული მკითხველისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn