სანდრო ლიჩელი ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებს
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი სანდრო ლიჩელი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სლოვაკეთში, ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში სწავლობდა.
,,არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც სასურველი გახდა ჩემთვის საზღვარგარეთ განათლების მიღება. მოუთმენლად ველოდი გაცვლითი პროგრამის გამოცხადებას და გამიხარდა, როდესაც ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში მოვხვდი. სლოვაკეთის დედაქალაქი ლამაზი და მრავალფეროვანია თავისი ღირსშესანიშნაობებით და არქიტექტურით. გაცვლითი პროგრამის პერიოდში, ასევე, მქონდა შესაძლებლობა მოგვენახულებინა სლოვაკეთის მრავალი ქალაქი და მეზობელი ქვეყნები (ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი).
სწავლების მეთოდები ბრატისლავას უნივერსიტეტში განსხვავდებოდა ჩვენი სასწავლებლისგან, რაც ჩემთვის საინტერესო პრაქტიკა იყო. მომეცა შანსი – შემესწავლა საინტერესო დისციპლინები უცხოურ ენაზე. სალექციო კურსები მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოებს, ამოცანებს, პრეზენტაციებს ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა მარკეტინგი, პროექტების მართვა, ფინანსები, ფასიანი ქაღალდის ბაზრები და ა.შ.; ასევე, გვქონდა შეხვდრა მოწვეულ ლექტორებთან სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან (პოლონეთი, გერმანია). მათ გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებზე, მდგრად განვითარებაზე, ბიზნეს გარემოზე, მეწარმეობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
სწავლების პერიოდის განმავლობაში გამეცნო უამრავი სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა ნაწილთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. მათთან ურთიერთობისას გავეცანი მათ ენას, კულტურულ თავისებურებებს და მეც მომეცა შანსი, რომ მათთვის გამეზიარებინა ინფორმაცია ქართული ენის, დამწერლობის, ისტორიის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების შესახებ, რამაც ბევრ მათგანში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სასწავლო პერიოდში მოგვეცა საშუალება, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის შეგვეთავაზებინა ქართული კერძები და სასმელები, რითაც აღფრთოვანებულნი დარჩნენ“, – ასე გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს სანდრო ლიჩელი.
სანდრო ამაყობს, რომ თსუ-ს სტუდენტია. როგორც თავად ამბობს, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე მას საშუალება მიეცა შეესწავლა ფუნდამენტური ეკონომიკური კონცეფციები, პრინციპები და თეორიები. ,,აქ გავიღრმავე თეორიული ცოდნა, რომელიც საჭიროა ეკონომიკური საქმიანობისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მოტივების, გამოვლენის ფორმების, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ტენდენცების და მოსალოდნელი შედეგების დასადგენად და გასაანალიზებლად. მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტმა მომცა შანსი გაცვლითი პროგრამის საშუალებით მიმეღო განათლება ევროპის ქვეყანაში, საიდანაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება ჩემი კარიერული წინსვლის პროცესში“, – აღნიშნავს სანდრო.