სანდრო კაპანაძე: ,,პლურალიზმს ვერ შექმნის პარტიულ ჭრილში გატარებული პოპულისტური აზრები“
,,ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერები ქართული მედიის სარკეში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და მინიჭების შემდეგ სამი ქართული ტელეარხის („იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მთავარი არხი“) მაგალითზე“ – ეს საკითხი შეისწავლა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა სანდრო კაპანაძემ. როგორც სანდრო აღნიშნავს, კვლევის მიგნებები იყო საკმაოდ მრავალფეროვანი.
,,ხშირად აღნიშნულ ტელევიზიებში გადმოცემული ნარატივით იკარგება ობიექტური სურათი და იკარგება სიმართლე, რადგან სახეზე გვაქვს ზედაპირული პოპულისტური, პარტიული შინაარსები, რომლებიც პერმანენტულად ახდენენ პირველწყაროს, ჭეშმარიტი ინფორმაციის მოდიფიცირებას.
სხვადასხვა თეორია ამბობს, რომ საქართველოში გვაქვს პოლარიზებული პლურალიზმი მედიაში, ისევე, როგორც პოლიტიკაში. ის, რომ პლურალიზმი გვაქვს დომინანტ მედიასაშუალებებში, ფაქტობრივად ალოგიკურია, რადგან მედიისთვის პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრის პატივისცემას, მაგრამ ასევე აზრებისა და ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნას. გადმოცემული მიდგომა და ნარატივი კი ხშირად კონტრპროდუქტიულია პლურალიზმის, ის აზიანებს აზრებს, რადგან ფაქტები იქცა კუთვნილ, სუბიექტურ მოცემულობებად და არა ობიექტურობად. უფრო მეტად გვაქვს პოლარიზებული პოპულიზმი, პოლარიზებული მონიზმი – ეს პოლიტიკური დისკურსები ხშირად დაკავშირებულია კონკრეტულ პიროვნებებთან და უფრო სუბიექტებთან. პლურალიზმს ვერ შექმნის პარტიულ ჭრილში გატარებული პოპულისტური აზრები.
ერთადერთი, რომელსაც ამ ვითარებაში შეუძლია გადააზღვიოს საზოგადოება, არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რეალურად ფინანსდება ხალხისგან, რათა უზრუნველყოს პლურალიზმი და გადაზღვევა ამ ფილტრში გატარებული შინაარსებისგან საზოგადოების, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუცია, ჯერჯერობით ბოლომდე ვერ პასუხობს ამ ამოცანას. ის მიდრეკილია პროსამთავრობო ნარატივებისკენ. ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების ლიდერების წარმოჩენა ქართული მედიის სარკეში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და მინიჭების შემდეგ 3 ტელევიზიაში იყო სრულიად განსხვავებული – ფაქტი წარმოჩენილი იყო ტელევიზიათა პირადი ინტერესის სპექტრიდან , რასაც ისევ პარტიულ დონემდე მივყავართ“, – აღნიშნავს სანდრო კაპანაძე.