ღონისძიება, რომელიც ქართულ სამიწათმოქმედო კულტურას მიეძღვნა
თსუ-ში 15 და 16 აპრილს ქართული ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ეხებოდა ქართულ სამიწათმოქმედო კულტურას და ქართული ხორბლის ჯიშების მიმართ ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზატორები იყვნენ თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, თსუ-ს მუზეუმი და ბიბლიოთეკა. ღონისძიებას 16 ევროპული ქვეყნის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მოწვეულები იყვნენ მეცნიერები და მკვლევრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, სოფლის მეურნეობის აკადემიიდან და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან. უნივერსიტეტს ეწვივნენ ქართველები ფერეიდნიდან, ისტორიული ჰერეთიდან და ტაო-კლარჯეთიდან.
ღონისძიება თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა: „ქართული ხორბლის ჯიშები ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ჯერ კიდევ ძვ.წ VI-V ათასწლეულით თარიღდება ხორბლის პირველი ნიმუშები, რომლებიც მარნეულთან ახლოს, ქვემო ქართლში აღმოაჩინეს. ეს არის უნიკალური აღმოჩენა, რომელიც მიუთითებს, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო იყო და რჩება ხორბლის მოყვანის და წარმოების კერად. ერთ-ერთ პირველ ქართულ სამწერლობო ძეგლში „შუშანიკის წამება“ პურობა დაკავშირებულია ხორბალთან, პურთან და გასაგებია, რომ ხორბალი დომინანტი იყო საკვებწარმოებაში“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართველთა უდიდესი წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში, კერძოდ ჩვენი სამიწათმოქმედო გამოცდილება. საქართველოში ენდემური ჯიშის ქართული მემინდვრეობის არაერთი ელემენტი მოგვეპოვება, რომელსაც დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება“, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თსუ-ს პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა.
თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა აუდიტორიის წინაშე ისაუბრა საქართველოში ღვინისა და ხორბლის მოყვანისა და რიტუალური დატვირთვის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ.
თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა XVI-XVIII საუკუნით დათარიღებული ძველი საბუთები და ეტრატები, ფოტოები და ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის უნიკალური ჯიშები და ეთნოგრაფიული მასალა, ასევე ამ საკითხისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და წიგნები. ექსპონატები მოგვითხრობენ მარცვლეული კულტურის – რიტუალებისა და გამოყენების იმ უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოში.
მეორე დღეს გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ქართული ენდემური ჯიშების მარცვლეულ კულტურას ეძღვნებოდა: „ქართველთა ეროვნულ – კულტურული იდენტობის მახასიათებელი – ხორბალი წერილობით კულტურაში“ – პროფესორი ლია ახალაძე; „ხორბალი და პური თანამედროვე ქართულ ტრადიციულ სარიტუალო პრაქტიკაში“ – პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; „ერთი აგრარული დღეობის შესახებ კახეთში“ – პროფესორი თეიმურაზ გვიმრაძე; „ქართული ენდემური ხორბლის გავრცელების არეალი თანამედროვე საქართველოში“ – დოქტ. ნოდარ შოშიტაშვილი.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,ქართული ხორბლის, მის მოყვანასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სულიერი და სოციალური კულტურის ცნობადობის გაზრდა”.
ვინაიდან 12 და 13 აპრილს საქართველოში ტრადიციულად ეთნოლოგიის დღე აღინიშნება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ წელს აჯილდოებს განსაკუთრებული წვლილის მქონე ადამიანებს ამ სფეროში და წელსაც ორ ადამიანს – ინესა მაისაიას და ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძეს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს ქართული კულტურის გადარჩენისა და განვითარების საქმეში, რექტორმა გადასცა მადლობის წერილი საჩუქართან ერთად.
ელენე გამიაშვილი,
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი