თსუ-ში იზრდება იმ სტუდენტთა რიცხვი, ვისაც სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება სურს

თარიღი: 2023-11-24 19:00:36

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე დღითიდღე უფრო და უფრო მეტად იზრდება სტუდენტთა რიცხვი, რომელთაც სურთ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება. კონფერენციების ფარგლებში კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მასში მონაწილეობა, ჩაატარონ კვლევა და შემდგომ ანგარიში სამეცნიერო კომისიას წარუდგინონ. სამეცნიერო კონფერენციებისადმი დამოკიდებულების დასადგენად გავესაუბრეთ რამდენიმე სტუდენტს, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში და სურთ, რომ მათი კარიერა სამეცნიერო საქმიანობას დაუკავშირონ.

კონფერენციებში მონაწილეობისთვის სტუდენტების მოტივაცია მრავალგვარია, მათ შორის, თვითრეალიზების, ახლის გაგებისა და აღმოჩენის სურვილი, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება. სამეცნიერო კვლევის ჩატარებებისას სტუდენტები მათი საკვლევი თემის ირგვლივ სხვადასხვა წყაროს მეშვეობით იძენენ მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას. ამასთანავე, როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, კვლევის პროცესში ისინი კარიერულად და პიროვნულად ვითარდებიან. კონფერენცია არის პლატფორმა, რომლითაც აუდიტორიას წარუდგენენ კვლევის შედეგებს, რომლითაც ახალი პროფესიული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი: ,,უახლესი კვლევები აქტუალური საკითხების ირგვლივ აფართოებს პროფესიულ თვალსაწიერსა და ცოდნას’’, – ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი სტუდენტი.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, კვლევის ფარგლებში ისინი საკუთარ სოციალურ წრეს აფართოებენ. მართლაც, კოლეგებთან თუ ექსპერტებთან ურთიერთობის დამყარება შესაძლოა საკმაოდ ღირებულიც კი იყოს.

გარდა ამისა, სტუდენტთათვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია კონფერენციაში მონაწილეობის შედეგად მოპოვებული ქულაა, რომელიც სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვებაში ეხმარება.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რის გამო არ/ვერ იღებენ კონფერენციებში მონაწილეობას სტუდენტები, შესაძლოა დასახელდეს დროის დეფიციტი, გამოცდილების ნაკლებობა და პირველად მონაწილეობის შიში, ინტერესის არარსებობა სამეცნიერო საქმიანობისადმი: ,,მონაწილეობაზე  უარის  თქმის  მიზეზი  ხშირად  ჩვენივე  შიშითაა განპირობებული. ადამიანებს გვეშინია, რომ შეცდომას დავუშვებთ ან აუდიტორია კრიტიკულად  შეგვაფასებს…  ყველას ვურჩევ,  რომ ამის გამო თავის შეკავება არ ღირს’’, – გვეუბნება ერთ-ერთი სტუდენტი.

თსუ-ში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორები სტუდენტებს სთავაზობენ სექციებს, რომლებიც, ძირითადად, დისციპლინების დაყოფას ემთხვევა, ხოლო მათ შიგნით თემების გამოყოფა სტუდენტთა პრეროგატივაა. შესაბამისად, შემოთავაზებული სექციების გათვალისწინებით, მონაწილეებს შეუძლიათ თავადვე გადაწყვიტონ  – რაზე სურთ კვლევის ჩატარება. რაც შეეხება სტუდენტთა დამოკიდებულებას სამეცნიერო კომისიისადმი, ისინი მუდამ აღნიშნავენ, რომ კომისიის წევრები ყოველთვის ინარჩუნებენ ობიექტურობას: ,,ხედვებსა და შეფასებებში ყველას შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები გაგვაჩნდეს და ისინი კომისიის  წევრებისას  არ ემთხვეოდეს, მაგრამ  ისინი მუდამ გამორჩეული სამეცნიერო ღირსების მქონე მონაწილეებს ანიჭებენ უპირატესობას’’, – ასეთია სტუდენტების მოსაზრება.

საინტერესოა, რომ სამეცნიერო კონფერენციების პრობლემებზე საუბრისას სტუდენტთა ნაწილმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა კონფერენციის დასრულებისთანავე სამეცნიერო კომისიას დაესახელებინა გამარჯვებულთა ვინაობა, ამასთანავე სხვა მონაწილეებისთვის განემარტათ – თუ რომელ კომპონენტებში დააკლდათ მომზადება. საბოლოო ჯამში, სამეცნიერო კონფერენციების ფარგლებში სტუდენტები აგროვებენ გამოცდილებას, ცოდნას, ვითარდებიან პიროვნულად თუ პროფესიულად, აფართოებენ სოციალურ წრეს… შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები რჩება მამოძრავებელ ძალად კლევისა და პროგრესის პროცესში.

მარიამ ხაზალია

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn