თსუ-ს მეცნიერთა ჯგუფმა სამცხის სამივე მუნიციპალიტეტის 300-ზე მეტი ძეგლი აღნუსხა და შეისწავლა

თარიღი: 2023-12-20 17:58:04

16 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „კულტურული მემკვიდრეობის კვლევების“ კონკურსით დაფინანსებული პროექტის – „სამცხის რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლები“ (NHE-21-1739) ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „სამცხის კულტურული მემკვიდრეობა“ გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „ქუმის/ხომის წმ. გიორგის ეკლესია“ (ნინო სილაგაძე), „ჭულეს წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობის სტილური მახასიათებლები და მისი მიმართება პალეოლოგოსურ მხატვრობასთან“ (ელისაბედ უგულავა); „სამცხის ისლამური კულტურული მემკვიდრეობის გენეზისი და თანამედროვე სიტუაცია“ (ბონდო კუპატაძე), „ახალი მასალები ჩორჩანელთა და ხურციძეთა ფეოდალური სახლის შესახებ“ (თამაზ გოგოლაძე);  „მჭედელთა მოსახსენებელი ძველი ქართული წარწერები სამხრეთ საქართველოდან – სტატისტიკა და წინასწარი ვარაუდები“ (ნიკოლოზ ჟღენტი),  „სლესის ციხე ახალი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით“ (ქეთევან დიღმელაშვილი), „ოდრიის ციხის ლოკალიზების საკითხისთვის“ (ბებური გოზალიშვილი), „სამცხის ნასოფლარები და მათი ტოპონიმიკა“ (ლევან წიქარიშვილი), „სამცხეში 2023 წელს ჩატარებული საკვლევი ექსპედიციების შედეგები“ (ანა იმედაშვილი), „ოძრხე, რკინისჯვარი და ხოსრო ანუშირვანის 542 წლის ლაშქრობა ეგრისში“ (მანანა სანაძე), ოსმალო საქართველოს საკითხისათვის XIX საუკუნის 70-იან წლებში (გიორგი ყაზბეგისა და სოლომონ ასლანიშვილ-ბავრელის მოგზაურობების მიხედვით)“ (ანა ქიტესაშვილი, მარიამ ჭინჭარაული).

პროექტი „სამცხის რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლები“ გულისხმობს ისტორიული სამცხის ტერიტორიაზე (თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით – ადიგენის, ასპინძის, ახალციხის რაიონები) არსებული ისტორიის და კულტურის ძეგლთა (ეკლესია-მონასტერი, მეჩეთი, სხვა საკულტო ნაგებობები, ციხე-სიმაგრე, კოშკი, ნანგრევი, დარბაზი, დარანი, ისტორიული შენობა-ნაგებობა) სრულ აღნუსხვას, ფოტო-ვიდეო-ფიქსაციას, არქიტექტურული გეგმების, ანაზომების და ჭრილების მომზადებას, წარწერების (ეპიგრაფიკული, ლაპიდარული, ნაკაწრი) წაკითხვას და აკადემიურ დონეზე პუბლიკაციას, ისტორიის და ხელოვნებათმცოდნეობითი ნარკვევის მომზადებას თითოეულ ძეგლზე.

პროექტში გაერთიანებულია თსუ-ს მეცნიერთა ჯგუფი (ასოცირებული პროფესორები  – ნინო სილაგაძე და ბონდო კუპატაძე, დოქტორანტი გიორგი ჩილინგარაშვილი, მაგისტრი ელისაბედ უგულავა), არქიტექტორი გიორგი ბაგრატიონი და პალეოგრაფიის სპეციალისტი თამაზ გოგოლაძე. ჯგუფმა 2022-2023  წლებში, საველე ექსპედიციების მეშვეობით, რომლებიც ჯამში 90 დღე გრძელდებოდა, სამცხის სამივე მუნიციპალიტეტის 300-ზე მეტი ძეგლი აღნუსხა და შეისწავლა.

პროექტის ძირითად შემსრულებელთა შორის (ნინო სილაგაძე, ბონდო კუპატაძე, გიორგი ბაგრატიონი) არიან ისტორიული სამხრეთ საქართველოს (ტაო-კლარჯეთის) კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარნი, რომელთა მონაწილეობით 2014-2020 წლებში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის ფორტიფიკაციების საინფორმაციო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო-ანალიტიკური ბაზა.

,,ანალოგიური ტიპის საინფორმაციო ბაზა (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) საქართველოს თითოეული რეგიონის შესახებ აუცილებელია. სამცხის რეგიონი პრიორიტეტულია ბევრი მიზეზით: 1. წლების მანძილზე, ცივი ომის პერიოდში ეს რეგიონი საზღვრისპირა ზონად ითვლებოდა და სისტემური და მასშტაბური საექსპედიციო სამუშაოების წარმოება და კვლევა ყოველთვის ვერ ხერხდებოდა. 2. სამცხის რეგიონში განსაკუთრებით მრავლადაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელთა საკმაო ნაწილი დაზიანების და განადგურების საფრთხის წინაშეა, ამდენად, მათი ლოკალიზება, ფიქსაცია და შესწავლა ფრიად საშური საქმეა.

მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდება ციფრული ჰუმანიტარიის როლი, ცალკეული საინფორმაციო ბაზების შექმნა (დარგობრივი, რეგიონული პრინციპით) სასიცოცხლოდ აუცილებელია ლოკალური კვლევების შემდგომ მაღალ დონეზე განვითარებისთვის. ამ მიმართულებით უკანასკნელი 40 წლის მანძილზე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები: გამოიცა მრავალტომეული „საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ (3 რეგიონი – შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი). თუმცა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კომპლექსური საინფორმაციო ბაზა, არც ნაბეჭდი და არც ელექტრონული სახით, დღემდე არ არსებობს.

პროექტის უმთავრესი სიახლე და, ანალოგიურ კვლევებთან შედარებით,  უპირატესობაა შემდეგი გარემოებები: 1. სამცხის კულტურული მემკვიდრეობა დღემდე არ ყოფილა კომპლექსური და ერთიანი შესწავლის საგანი, შედეგი – ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა სამცხის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მნიშვნელოვანი იქნება ქართველოლოგიის და, ზოგადად, ჰუმანიტარული მეცნიერებისთვის; 2. კვლევის მრავალსპექტრულობა. მკვლევართა შერეული გუნდი უზრუნველყოფს კულტურის ძეგლების კომპლექსურად შესწავლას, ხელოვნებათმცოდნეობითი, ისტორიული, ისტორიულ-გეოგრაფიული, არქიტექტურული, ეპიგრაფიკული თვალსაზრისით. 3. სამცხის კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ნაბეჭდი პუბლიკაციის სახით, აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზის სახით, ხელმისაწვდომი იქნება ციფრულადაც, სამეცნიერო წრეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის.

სამცხის რეგიონი ისტორიული მესხეთის ნაწილია. ისტორიული პერიპეტიების შედეგად ამ რეგიონში განვითარდა მულტიკულტურალიზმი, რაც აისახა ისტორიის და კულტურის ძეგლებზეც.  ერთ დასახლებაში გვერდიგვერდ არსებული ეკლესია და მეჩეთი, კათოლიკური და გრიგორიანული საკულტო ნაგებობები ამის ნათელი დასტურია. შესაბამისად, ამ რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლთა სრულყოფილად შესწავლა პრიორიტეტულია საქართველოს თანამედროვე გამოწვევების პირობებში, რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. საბჭოთა კავშირის და ცივი ომის პერიოდში სამცხის, როგორც საზღვრისპირა რეგიონის, ჩაკეტილობა დღესდღეობით უფრო საშურს ხდის სამცხის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას. ამ მიმართულებით სამეცნიერო აქტივობა,  მეზობელი ქვეყნების სამეცნიერო წრეებთან,  ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამცხის კულტურული მემკვიდრეობით უფრო მეტად დაინტერესების პერსპექტივას ჰქმნის.

პუბლიკაციაში თითოეულ ძეგლზე დაიწერება ენციკლოპედიური ტიპის ანალიტიკური სტატია, რომელიც შემდეგი ნაწილებისგან იქნება შემდგარი: 1. ძეგლის მდებარეობა და ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა, ტოპონიმიკა; 2. ძეგლის შესწავლის ისტორია ბიბლიოგრაფიით; 3. ძეგლის ტიპოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობითი და არქიტექტურული აღწერილობა (ძეგლის გეგმა, ანაზომი, ჭრილი). 4. ძეგლის ისტორია, ნარატიული, დოკუმენტური და ეპიგრაფიკული წყაროები. დიდ და მნიშვნელოვან ძეგლებზე დაიწერება მაქსიმალურად ამომწურავი ანალიტიკური ნარკვევი, ხოლო მცირე ძეგლებზე ენციკლოპედიური ხასიათის სტატია. 2024 წლის ბოლო იგეგმება ქართულ-ინგლისური პუბლიკაცია „სამცხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, – აღნიშნავს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბონდო კუპატაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn