სტუდენტური კვლევა სამცხე-ჯავახეთის უკეთ შესაცნობად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებულმა პროექტმა – ,,შეიცან სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ლოკაციის უცნობი ფასეულობები“ – სტუდენტური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტი მოამზადეს და კონკურსში წარადგინეს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა – ანა გვენეტაძემ (ხელმძღვანელი), გივი ბურდულმა, ანი ჟამუტაშვილმა, ნინო სულხანიშვილმა, ნინო მეხრიშვილმა, ანზორ გორგაძემ, ვარტუი ოვსეფიანმა, რუსუდან ძებისაურმა, პაპუნა ბეჟიტაშვილმა და მიხეილ გულიაშვილმა.
პროექტის ფარგლებში ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა გამოკითხეს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ის რეზიდენტები, რომლებმაც მიმდინარე წლის ივლისში განახორციელეს ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში. სტუდენტური კვლევა მოიცავდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვასაც, რომლებიც ფლობდენ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, აქ არსებული ეკლესიებისა და მუზეუმების უცნობი ფასეულობების, ღირშესანიშნაობების, ხალხში გავრცელებული მითებისა და ლეგენდების თაობაზე. კვლევა ჩატარდა როგორც ონლაინ გამოკითხვით სოციალური ქსელების საფუძველზე, ისე პირდაპირი ინტერვიუს გზით. პირდაპირი ინტერვიუირება განხორციელდა რაბათის, ვარძიის, საფარისა და ხერთვისის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ახალციხის ღია სივრცეებში, სასტუმროებსა და კაფე-ბარებში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შედგენილი ანკეტებით. სტუდენტურმა კვლევამ საინტერესო შედეგები აჩვენა. სამცხე-ჯავახეთის ტურისტული მიმზიდველობის ზრდის პარალელურად, გამოიკვეთა რეგიონისთვის დამახასითებელი პრობლემები, რაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.
პროექტის განხორციელებისას სტუდენტებს დახმარებას უწევდა თსუ-ს ეკონიმიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, რომელიც თან ახლდა სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთში.
კვლევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სტუდენტების მიერ მომზადებულ იქნა ვიდეო რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი. საბოლოოდ დაიდება კვლევის შედეგების ამსახველი ვრცელი ანგარიში, სადაც გამოჩნდება სამცხე-ჯავახეთის ტურისტული მიმზიდველობის ზრდის ტენდენციები და, ამავე დროს, რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები.
„ერთი დიდი სიამოვნება იყო ამ სტუდენტებთან ერთად მუშაობა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი განათლებული, შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, კარგი ანალიტიკური აზროვნების მქონე, მოტივირებული, თავისი ქვეყნის მოსიყვარულე ახალგაზრდები გვყავს. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს – სტუდენტებს თავიანთი პროექტების რეალურად განხორციელების შესაძლებლობებს რომ აძლევს“, – განაცხადა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო აბესაძემ.