იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბაზა სამცხის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

თარიღი: 2022-11-18 18:35:48

2022 წლის დასაწყისიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე ხორციელდება მასშტაბური სამწლიანი პროექტი „სამცხის რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლები“, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის პროგრამის ფარგლებში.

თსუ -ის ასოცირებული პროფესორის ნინო სილაგაძის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს ისტორიული სამცხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიის და კულტურის ძეგლთა (ეკლესია-მონასტერი, მეჩეთი, სხვა საკულტო ნაგებობები, ციხე-სიმაგრე, კოშკი, ნანგრევი, დარბაზი, დარანი, ისტორიული შენობა-ნაგებობა – აგებული 1921 წლამდე) სრულ აღნუსხვას, ფოტო-ვიდეო-ფიქსაციას, არქიტექტურული გეგმების, ანაზომების და ჭრილების მომზადებას, წარწერების (ეპიგრაფიკული. ლაპიდარული, ნაკაწრი) წაკითხვას და აკადემიურ დონეზე პუბლიკაციას, თითოეულ ძეგლზე ისტორიის და ხელოვნებათმცოდნეობითი ნარკვევის მომზადებას.

აღსანიშნავია, რომ  რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ნუსხაში ამ რაიონის ისტორიის და კულტურის 350 ძეგლია ფიქსირებული, თუმცა მათი რაოდენობა ბევრად მეტია.

„მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდება ციფრული ჰუმანიტარიის როლი, ცალკეული საინფორმაციო ბაზის შექმნა (დარგობრივი, რეგიონული პრინციპით) სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ მიმართულებით უკანასკნელი 40 წლის მანძილზე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები: გამოიცა მრავალტომეული „საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“, რომელმაც დაფარა ჩვენი ქვეყნის სამი რეგიონი (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი). თუმცა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კომპლექსური საინფორმაციო ბაზა, არც ნაბეჭდი და არც ელექტრონული სახით, დღემდე არ არსებობს“, – ამბობს ნინო სილაგაძე.

პროექტის ძირითად შემსრულებელთა შორის (ნინო სილაგაძე, ბონდო კუპატაძე, გიორგი ბაგრატიონი) არიან ისტორიული სამხრეთ საქართველოს (ტაო-კლარჯეთის) კულტურული მემკვიდრეობის მკვლევრები, რომელთა მონაწილეობით 2014-2020 წლებში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის ფორტიფიკაციების საინფორმაციო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო-ანალიტიკური ბაზა. მეცნიერთა აზრით,  ანალოგიური ტიპის საინფორმაციო ბაზა (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) საქართველოს თითოეული რეგიონის შესახებ აუცილებელია. სამცხის რეგიონი პრიორიტეტულია ბევრი მიზეზით: წლების მანძილზე, ცივი ომის პერიოდში, ეს რეგიონი საზღვრისპირა ზონად ითვლებოდა და სისტემური და მასშტაბური საექსპედიციო სამუშაოების წარმოება და კვლევა ყოველთვის ვერ ხერხდებოდა; რეგიონში განსაკუთრებით მრავლადაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელთა საკმაო ნაწილი დაზიანების და განადგურების საფრთხის წინაშეა, ამდენად მათი ლოკალიზება, ფიქსაცია და შესწავლა ფრიად საშური საქმეა.

ნინო სილაგაძის ინფორმაციით, პროექტის უმთავრესი სიახლეს და ანალოგიურ კვლევებთან შედარებით უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისი დასრულებისათვის შეიქმნება ერთიანი  საინფორმაციო ბაზა სამცხის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო წრეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ციფრულ ფორმატშიც. მომავალი კვლევა მრავალასპექტური იქნება, რადგან სხვადასხვა სპეციალიზაციის მკვლევართა შერეული გუნდი უზრუნველყოფს კულტურის ძეგლების კომპლექსურად შესწავლას, ხელოვნებათმცოდნეობითი, ისტორიული, ისტორიულ-გეოგრაფიული, არქიტექტურული, ეპიგრაფიკული თვალსაზრისით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2022 წლის ზაფხულში პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორი სამეცნიერო-საველე ექსპედიცია, რომელმაც დიდწილად მოიცვა ადიგენის და ახალციხის მუნიციპალიტეტები. განსაკუთრებით აქტუალურია სამცხის რეგიონის იმ ძეგლების შესწავლა, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა კავშირი-თურქეთის სასაზღვრო პერიმეტრში ექცეოდა და მკაცრი სასაზღვრო რეჟიმის გამო მკვლევართა შესწავლის მიღმა რჩებოდა.

საველე ექსპედიციები ტრადიციულად დაიგეგმა მდინარეთა ხეობების არეალში, შესაბამისად, ხეობის მთლიანი პერიმეტრის დაზვერვით და შესწავლით. ექსპედიციების განმავლობაში მოხდა მდინარე მტკვრის, აგარისწყლის, კალმახისწყლის, ჭარალის, ოცხეს, ქვაბლიანის, ფოცხოვისწყლისა და ურაველის ხეობებში არსებული ყველა ისტორიული ძეგლის (სულ – 180 ძეგლი) ლოკალიზაცია, ფოტოფიქსაცია, აზომვა, არქიტექტურული ნახაზის, გეგმის და ჭრილის შედგენა. სამომავლოდ თითოეულ ძეგლზე მომზადდება კომპლექსური სტატია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ძეგლის ისტორია, ისტორიულ-გეოგრაფიული გარემო, შესწავლის ისტორია, არქიტექტურა, ფერწერა, ეპიგრაფიკა, ძეგლთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობა და არტეფაქტები. 2023 წელს იგეგმება კიდევ ოთხი ექსპედიცია ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. პროექტის დასასრულს, სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიის და კულტურის ძეგლები ანბანური თანმიმდევრობით თავს მოიყრის ორენოვან ენციკლოპედიურ ნაშრომში „სამცხის ისტორიის და კულტურის ძეგლები“.

ექსპედიციის შედეგები უკვე აისახა რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომში (მათ შორის – ნინო სილაგაძემ თსუ-ს არმენოლოგიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება -„ქვაბლიანის ხეობის რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ძეგლის შესახებ“; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის XV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – „განათლება, მეცნიერება, ინოვაციები პოსტ- პანდემიურ პერიოდში“ ბონდო კუპატაძემ წარადგინა მოხსენება „სამცხის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა. ექსპედიციების წინასწარი ანგარიში“. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო კონფერენციაზე თამაზ გოგოლაძემ წარადგინა მოხსენება „სამცხის უცნობი ეპიგრაფიკული ძეგლი სოფელ უდეს ეკლესიიდან ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის  შესახებ“.

მნიშვნელოვანია, რომ მკვლევართა გუნდი შედგება ახალგაზრდა მეცნიერებისგან: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგი ჩილინგარაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ელისაბედ უგულავა, რომლებისთვისაც მსგავს პროექტებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი  გამოცდილებაა მომავალი  საქმიანობისათვის. ასეთი პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს თსუ-ს სამეცნიერო ტრადიციების მდგრადობას და უწყვეტობას.

Facebook
Twitter
LinkedIn