თსუ-ში საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამართლის კურსი მიმდინარეობს

თარიღი: 2023-03-27 20:46:44

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამართლის კურსი მიმდინარეობს. ლექციებს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნიკა თომასიანი უძღვება.

კურსი 8 შეხვედრას მოიცავს, სადაც მოსწავლეები სამართლის არსს, დარგის მიმართულებებსა და რეგულირების სფეროებს მათთვის ადაპტირებული მეთოდით ეცნობიან.

პირველი ლექცია სამართლის არსის, სამართლის დარგების, საქართველოს კონსტიტუციის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხებს დაეთმო. კურსი 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის არის გამიზნული.

„ეს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და საბავშვო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. სკოლის მოსწავლეებს ვაწვდით ინფორმაციას სამართლის დარგისა და იურისტის პროფესიის შესახებ. მაგალითად, პირველ ლექციაზე ვისაუბრეთ სამართლის არსზე, ადამიანის უფლებებზე,  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.  ვფიქრობ, ეს პროექტი ორმხრივად სასარგებლოა – მოსწავლეები იურისტის პროფესიის შესახებ მიიღებენ ძირითად ინფორმაციას და მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტისთვის, რადგან სამომავლოდ ვგეგმავ პედაგოგიურ საქმიანობასაც და შესაბამის გამოცდილებას შევიძენ“, – ამბობს ნიკა თომასიანი.

„ნიკამ თავად ააწყო სალექციო კურსი, რომელსაც მოსწავლეებს უკითხავს. პირველი ლექცია 1 საათის ნაცვლად 2 საათი მიმდინარეობდა, რაც აუდიტორიის ინტერესით იყო გამოწვეული, რადგან ძალიან მარტივად და, ამავე დროს, კომპეტენტურად მიაწოდა სამართლის შესახებ პირველი ლექციის გეგმით გათვალისწინებული ინფორმაცია.

სამართალი, როგორც ცალკე საგანი, სკოლებში არ ისწავლება და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პროექტის საშუალებით მათ მივაწოდოთ ის ცოდნა, რაც მათ პროფესიის გააზრებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემთ“, – აღნიშნა თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორმა მარინე ლომოურმა.

თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის სამართლის კურსი სააუდიტორიო ფორმატით მიმდინარეობს. პროექტის კოორდინატორები ონლაინ კურსის ორგანიზებას, რომელიც, ძირითადად, რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი, სამომავლოდ გეგმავენ.

Facebook
Twitter
LinkedIn