„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ მეორე ნომერი გამოიცა

თარიღი: 2023-04-05 19:53:25

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ მეორე ნომერი უკვე ღია წვდომაშია. სამეცნიერო პერიოდიკა, რომელიც გასულ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაფუძნდა, დარგთაშორისი კომუნიკაციის დაწყება-გაუმჯობესების გზით, თანამედროვე ქართული სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხების კვლევას ისახავს მიზნად. 

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ მეორე ნომერში მკითხველი გაეცნობა კვლევით სტატიებს:

მნიშვნელოვანი  ტენდენციები  გერმანიის  სასამართლო  პრაქტიკაში  სამედიცინო სამართლის მიმართულებით 2012“  – ულრიხ ჰაგენლოხი

ჯანდაცვის  სამართლის  დისციპლინა  და  მისი  განვითარების  პერსპექტივა  საქართველოში“ – ნინო ლაშაბერიძე/გიორგი ბახტურიძე

მტკიცების  ტვირთის  ანალიზი  სამედიცინო  დავებში  ქართული, ინგლისური და ამერიკის შეერთებული შტატების სამართლის მიხედვით“ – ანა კვანტალიანი

ესთეტიკური სამედიცინო მომსახურების სამართლებრივი ასპექტები“ – ნინო ბერიძე

პაციენტის  პირადი  ცხოვრების  დაცვის  გარანტიები – კონფიდენციალურობის ვალდებულება (ქართული და საერთაშორისო გამოცდილება“ – დავით ქანთარია.

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ გამოცემა და უწყვეტობა მნიშვნელოვანი და აუცილებელი წამოწყებაა და, ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც კი არის, რადგან სამართალი და ჯანდაცვა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგებია, ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი რეგულაციები მთლიანად სამართლის დარგის ფუნქცია-შედეგია. ჩვენს ჟურნალს რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება; დარგთაშორისი კომუნიკაციისა და თანამედროვე სამედიცინო სამართლის საკითხების აქტიური კვლევის დაწყება… ზოგადად, იურიდიულ ასპექტებს არ აქვს ნეგატიური  დატვირთვა, პირიქით, მისი ფუნქციაა სამართალდარღვევათა, ექიმისა თუ პაციენტის უფლებების დარღვევის პრევენცია.

მიხარია, რომ ჟურნალის მიმართ საზოგადოების ინტერესი მზარდია.

ვცდილობთ, თითოეულ ნომერში, უპირველესად, ის საკითხები ავსახოთ, რაც თანამედროვე ქართულ სამედიცინო სამართალში აქტუალურია. სტატიებიც სწორედ ამ კრიტერიუმით ირჩევა.

ქართული სამედიცინო სამართლის დარგში კვლევითი პლატფორმა ნელ-ნელა ყალიბდება. ვფიქრობთ, მომავალში ჯერ სასერტიფიკატო კურსები ავამოქმედოთ, შემდეგ კი უმაღლესი განათლების სივრცეში სამედიცინო სამართლის, როგორც საგნის, მასშტაბურ დანერგვას შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნა „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ სარედაქციო საბჭოს წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ირაკლი სასანიამ.

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ მეორე ნომრის გაცნობა მკითხველს ბმულზე – https://bit.ly/3ZKjIlc – შეუძლია.

Facebook
Twitter
LinkedIn