თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური შედეგების პრეზენტაცია

თარიღი: 2022-08-05 13:18:37

იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა აკადემიური შედეგების პრეზენტაცია 28 ივლისს გამართა. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის, სამთავრობო სტუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და  სტუდენტები  დაესწრნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადაწყვეტილებითა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას მხარდაჭერით, ინსტიტუტის ინიციატივის საფუძველზე, სპეციალური სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ 2021-2022 აკადემიურ სასწავლო წელს საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, რომლებმაც საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისას განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. მადლობის სიგელები და საჩუქრები საერთაშორისო სამართლის გუნდების წარმატებული მომზადებისა და ინსტიტუტის აქტიური მხარდაჭერისთვის გუნდების  მწვრთნელებსაც გადაეცათ, რომლებიც ამ პროცესში მოხალისეობრივად ჩაერთვნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს   თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ პროფესორმა ირმა ხარშილაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ნინი ნიკოლაიშვილმა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: თავდაცვის აღმშენებლობის სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი  თამარ იოსელიანი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში სახელმწიფო და სოზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის ლევან ალექსიძის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომლის სამართალმემკვიდრეც დღეს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტია. ინსტიტუტი საერთაშორისო სამართლის სფეროში მაღალკვალიფიციური მეცნიერებისა და  პრაქტიკოსების მომზადების ადგილად იქცა. ამ დრომდე ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სამართლის სპეციალობის კადრების აღზრდის კუთხით, ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთ  ბაზას წარმოადგენს და, თსუ სამართლის პროგრამასთან ერთად, მაღალმოთხოვნადთა პროგრამებს შორის იკავებს წამყვან ადგილს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიუხედავად 2020 წლიდან საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის გაორმაგებისა, საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული 80 პირველკურსელიდან 2020 წელს –  86%, ხოლო 2021 წელს – 94% სახელმწიფო გრანტის მფლობელია. 2022 წელს პროგრამაზე სწავლის მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.  ორივე პროგრამის სტუდენტებს, გარდა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი  საგნებისა,  სასწავლო კურსების მიღმა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა მრავალ ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში, როგორიცაა ადგილობრივი და საერთაშორისო იმიტირებული პროცესები, სტუდენტური კონფერენციები, სასერტიფიკატო კურსები, საზაფხულო სკოლები,  მოისმინონ ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ საჯარო ლექციები საერთაშორისო სამართლის ატუალურ  საკითხებზე და სხვა.

მიმდინარე წლის წარმატებული აკადემიური შედეგები თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში განხორციელებულმა სიახლეებმა განაპირობა. ცვლილებები სწავლების ხარისხის ზრდისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის ინტენსივობისა და კვლევითი-საგანამანთლებლო პროექტების რაოდენობის ზრდას გულისხმობს.

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, თსუ-ის რექტორს, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას ინსტიტუტის მხარდაჭერისათვის და ყველა იმ უწყებების წარმომადგენელს, რომლებიც მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობენ ინსტიტუტთან და უზრუნველყოფენ სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა პროექტებსა თუ პროგრამებში, მათ შორის, სამაგისტრო საფეხურზე სტაჟირებების პროგრამებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომავალი პროფესიონალების პრაქტიკული უნარების განვითარებას.

თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ აკადემიური შედეგების პრეზენტაციაზე მიმართულებაზე განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის მიზნით, 2020 წელს რეაკრედიტირებული საერთაშორისო სამართლის საბაკლავრო და სამაგისტრო საფეხურებზე შეიცვალა სავალდებულო საგნების სქემა,  არჩევითი საგნების შეთავაზება მნიშვნელოვნად გაიზარდა, შედეგად სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი პროფესიული ინტერესის მიხედვით დაგეგმოს  სასწავლო კურიკულუმი, გაფართოვდა პროგრამაზე მოწვეული  ლექტორების წრე. ასევე, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის სახელმწიფო პრაქტიკული სასწავლო კომპონენტი სავალდებულო გახდა, რათა მათ დასაქმებისთვის საჭირო უნარები შეიძინონ.

„მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, რომელიც მსოფლიო დონეზე არსებობს,  არ და ვერც ხდება საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა. ამის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო სამართლის სწვალება იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ უფრო ძლიერ, დემოკრატიულ და სანდო პარტნიორის სახელის მატარებელ სახელმწიფოდ საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნა ირინე ქურდაძემ.

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს, დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსთან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის აღმშენებლობის სკოლასთან.  

„წარმატებები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ვაღწევთ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის ფასდაუდებელი თანამშრომლობა, რომელიც საჯარო სექტორთან ჩამოგვიყალიბდა და რომელთა ჩართულობა განაპირობებს წარმატებულ შედეგებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმების ფარგლებში სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკა გაიარონ სახელმწიფო უწყებების შესაბამის დეპარტამენტებში, რაც მათ პრაქტიკული უნარების შეძენა-გაღრმავებაში ეხმარებათ“, – განმარტა ირინე ქურდაძემ.

როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინი ნიკოლაიშვილმა  განაცხადა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას –  სტაჟირება გაიარონ იუსტიციის სამინისტროში. სტაჟირების შედეგად, სტუდენტები პრაქტიკაში იყენებენ უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას საერთაშორისო სამართალში და იძენენ პრაქტიკოსი იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. 2022 წლისთვის უკვე არაერთმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა სტაჟირება სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო სამართლისა და  საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის მიმართულებით. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს თსუ-სთან ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.”

 „ჩვენ ხაგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს უნივერისტეტთან და განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან. ამისათვის გაქვს სამართლებრივი ჩარჩო, რომლის საფუძველზეც მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ყველა იმ სტუდენტთან, ვის ინტერესშიც არის, რომ თავისი მომავალი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობებს დაუკავშიროს. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტო ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლოკაციაა, რომ მათ სამომავალოდ  განივითარონ ცოდნა და გაიღრმავონ პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის სტუდენტები მაქსიმალურად იყვნენ დაკავშირებული სწორედ მსგავსი ხასიათის სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რადგან მათი ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია სახელმწიფო ინტერესებისთვის საერთაშორისო ურთერთობების მიმართულებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.

„თავდაცვის სამინისტროსა და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს შორის, რამდენიმე წელია, აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და არაერთი ღონისძიება დაორგანიზდა. გამოვყოფდი გასულ წელს ორგანიზებულ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კურსს. მიმდინარე წელს გაფორმდა მემორანდუმი როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებლობის სკოლასა და თსუ-ს შორის, რის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის განხორციელებას და ამ პროგრამის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირებას. სექტემბრიდან იგეგმება და ძალიან მნიშნელოვანი ეტაპი იქნება თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაბამისი მაგისტრის ხარისხის სპეციალისტების მოსამზადებლად, რაც ძალიან ღირებულია, განსაკუთრებით დღეს არსებული გამოწვევების ფონზე“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

თსუ-ის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან. უახლოეს მომავალში მხარეების ჩართულობით იგეგმება საზაფხულო სკოლა, სადაც შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების საკითხები და, ზოგადად, საზღვაო სამართალი იქნება განხილული.

 „მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლების დროს აკადემიური პროცესის წარმართვას თავისი სირთულეები ახლდა, ჩვენ მოვახერხეთ წარმატებით გამოგვეყენებინა ეს – როგორც შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისთვის ლექციების წასაკითხად, მოგვეწვია საერთაშორისო დონეზე აღიარებული აკადემიური პერსონალი, მათ შორის, საზღვაო სფეროს გამორჩეული სპეციალისტები. მინდა გითხრათ, რომ სამართლის ამ დარგის მიმართ ყოველწლიურად იზრდება სტუდენტების ინტერესი, რაც, როგორც შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან ახალი პორტების მშენებლობის პექსპექტივებმა, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა.

აღსანიშავია ჩვენი დოქტორანტის  – ნიკოლოზ მელქაძის სადოქტორო კვლევა საზღვაო სამართალში, რომელსაც ის ნიდერლანდების სამეფოს გრონინგენის უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  აწარმოებს ორმხრივი ხელშეკრულების ფორმატში (cotutelle). მნიშვნელოვანია, რომ  ეს ამგვარი ხელშეკრულების დადების პირველი პრეცედენტია ჩვენთვის.

ზოგადად, ინსტიტუტის ხელშეწყობით ჩვენი სტუდენტები ყოველ წელს ირიცხებიან ევროპის აღიარებულ უნივერსიტეტებში მაგისტრატურის საფეხურზე და იქ აგრძელებენ წარმატებულად თსუ-ში დაწყებული განათლების პროცესს“, – განაცხადა თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა სირაძემ.

„ახლა ვმუშაობ სადოქტორო კვლევაზე, მყავს ორი თანახელმძღვანელი –  გრონინგენის უნივერსიტეტიდან  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ჩემი კვლევა ეხება საზღვაო სამართალს, განსაკუთრებით შავ ზღვაში მოქმედ საზღვაო სამართალს, ვიკვლევ თავისუფალი ნაოსნობის, ასევე ომის სამართალს, რაც დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია“, – განმარტა ნიკა მელქაძემ.

ინტერნაციონალიზაცია    

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოუყალიბდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.

„ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დავამკვიდრეთ  სასწავლო თემატური სერტიფიცირებული კურსების,  საჯარო ლექციების, ასევე, სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული  მოკლე სასწავლო კურსების ტრადიცია (რომელშიც კრედიტები გაიცემა).  ამ პროცესში ჩაერთვნენ  მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ინსტიტუციების აღიარებული მეცნიერები და პრაქტიკოსები.  ძალიან ვაფასებთ მათ ჩართულობასა და მხარდაჭერას“, – განაცხადა ირინე ქურდაძემ და მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის იმ პროფესორ-მასწავლებლებს, ვინც აქტიურად ჩაერთო მსოფლიოში აღიარებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მოწვევის პროცესში. საბაკალავრო საფეხურზე პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ აშშ-ის გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის დირექტორის მოადგილის და აშშ-ის საზღვაო სამხედრო აკადემიის მოწვეული ლექტორის, დოქტორის  ბრიან ვილსონის მიერ შეოთავაზებული ინგლისურენოვანი  კურსი ,,საზღვაო უსაფრთხოება”.

მოწვეულ ლექტორებს შორის ასევე იყვნენ: დევიდ ჯ. ატარდი (David J. Attard) – საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (მალტა) დირექტორი; ჯეიმს კრასკა (Professor James Kraska) – აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების საერთაშორისო საზღვაო სამართლის კოლეჯის წამყვანი პროფესორი, ჰარვარდის სამართლის სკოლისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ბარკლაის სამართლის სკოლის დამსახურებული პროფესორი; რიკ ბატონი (Rick Button) – ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტი; მარკო ლონგობარდო (Dr. Marco Longobardo) – საერთაშორისო სამართლის ლექტორი ვესტმინსტერის უნივერსიტეტში; ემილი მაქსი (Emilie Max) – ჟენევის აკადემიაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მკვლევარი; ნოამ ლუბელი (Noam Lubell) – პროფესორი, სამართლის სკოლა, სამხედრო კონფლიქტებისა და კრიზისების ცენტრის დირექტორი, ესექსის უნივერსიტეტი, ბრიტანეთი; პროფესორი ელმარ გიემულა საავიაციო სამართლის პროფესორი (ბერლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი); რუმიანა იოტოვა (Dr. Rumiana Yotova) – მკვლევარი და ლექტორი, ლაუტერპახტის ცენტრი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და სხვები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორის ნინო რუხაძის  ძალისხმევითა და იურიდიული ფაკულტეტის მხარდაჭერით, როგორც კი კოვიდვითარებამ გახადა შესაძლებელი, ჩამობრძანდა და ჩაატარა საჯარო ლექცია საბაკალავრო საფეხურისა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის სპეციალური მასტერ კლასი მსოფლიოში აღიარებულმა პროფესორმა ჯეიმს ჰეთვეიმ (მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ).

შეხვედრას ესწრებოდა ლოზანის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი, მკლევარი შონ მულერი (Sean Mueller), რომლის ინიციატივითა და ინსტიტუტთად პარტნიორობით,  მიმდინარე წლის ივლისში,  შვეიცარიის მთავრობის მხარდამჭერით, ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე  „ტერიტორიული გამოწვევები და შესაძლებლობები მულტიკულტურული დემოკრატიებისთვის“, რომელსაც უძღვებოდნენ როგორც შვეიცარიელი, ასევე, ქართველი ექსპერტები. სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის (მათ შორის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის) 20-მდე სტუდენტმა. საზაფხულო სკოლის მსვლელობას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ეწვია და მონაწილეებს შეხვდა საქართველოში შვეიცარიის ელჩი, ქ-ნი ჰაიდი გრაუ.  

სამეცნიერო საქმიანობა

ინსტიტუტის აკადემიური შედეგების პრეზენტაციისას ირინე ქურდაძემ საერთაშორისო  და ადგილობრივი პროექტების/პარტნიორების რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდის ფაქტორს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი, როგორც ინსტიტუციურ დონეზე,   ასევე  –  ინდივიდუალურად   აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო  პროექტებში.

ინსტიტუციურ დონეზე აღსანიშნავია შემდეგი სამეცნიერო/სასწავლო პროექტები, რომლებსაც ამ ეტაპზე ინსტიტუტი  ახორციელებს:

  • ხელი მოეწერა ორმაგი დოქტორანტურის შესახებ ხელშეკრულებას (cotutelle) თსუ-სა და  გრონინგენის უნივერსიტეტს (ნიდერლანდები) შორის. აღნიშნული პროექტის პირველი მონაწილე გახდა საერთაშორისო სამართლის მიმართულების სადოქტორო საფეხურის სტუდენტი ნიკოლოზ მელქაძე. დოქტორანტს ერთობლივ ხელმძღვანელობას გაუწევენ: საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის  მხრიდან ასოცირებული პროფესირო ეკა სირაძე, გრონინგენის უნივერსიტეტის მხრიდან პროფესორი, დოქტორი პანოს მერკურისი და ასოცირებული პროფ., დოქტორი ანდრე დე ჰოგი.
  • 2.  Jean Monnet Chair (“Understanding EU Policy for Equality” (UEUPE)/ ევროკავშირის თანასწორობის შესახებ პოლიტიკის გააზრება), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტია,  რომლის იმპლემენტაცია ხელს უწყობს ევროკავშირის თაობაზე სწავლა/სწავლების პროცესს, ევროკავშირის სამართლებრივი სისტემის უკეთ გააზრებას, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში.  პროექტის ქოლგის ქვეშ ჩატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს ცოდნის ამაღლებას   თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ევროპული სტანდარტების შესახებ.  პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები; შეიქმნა და პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულია სასწავლო კურსი  „ადამიანის უფლებები და მრავალფეროვნება, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“. ჩატარდა სტუდენტური კონფერენციები და საჯარო ლექციები/დისკუსიები ევროკავშირში ინტეგრაციის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების  საკითხებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მონეს პროექტის ფარგლებში,  ორგანიზაცია MCERC და თსუ სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის  მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ მარიკა გერსამიასთან პარტნიორობით,  ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს ტრეინგ-კურსები ჟურნალისტებისათვის. ტრენინგების ჩატარება ნიდერლანდების საელჩოს მიერ არის მხადაჭერილი. ჟან მონეს კათედრის იმპლემენტაციაში ჩართულები არიან ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი:  ირინე  ქურდაძე, მარიამ კევლიშვილი და თამარ ალექსიძე.
  • რუსთაველის ფონდის მიერ მხადაჭერილი პროექტი – ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების განვითარების პერსპექტივები საერთაშორისო სამართლებრივ და გეოპოლიტიკურ ჭრილში“. ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული მნიშველობის არის ეს თემა, რადგან სწორად ინსტიტუტისა და საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელი  ლევან ალექსიძე ამ საკითხზე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა, როგორც მეცნიერი და როგორც პრაქტიკოსი.
  • ზაარლანდის უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად ინსტიტუტის პროფესორი ირინე ქურდაძე მიწვეულია ცნობილი საგამომცელო სახლის, შპრინგერის ,,Springer” სპეციალური სერიის ,,European Union and its neighbours in a globalized world” სარედაქციო კოლეგიისა  და სამეცნიერო სტატიების წინასწარი შეფასების ჯგუფის წევრად.

აღსანიშნავია მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები, რომელიც  ინსტიტუტის აკადემიურმა  პერსონალმა მიმდინარე პერიოდში გამოსცა. განსაკუთრებით კი  პუბლიკაციები, რომელიც  აკადემიურ სფეროში მსოფლიოს წამყვანმა  გამომცემლობამ – Routledge გამოაქვეყნა:

  • საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორის, სამართლის დოქტორის დავით პატარაის ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო საერთაშორისო სამართალში: International Law: Text, Cases and Materials. 1st Edition, ISBN 9781032101231 Published November 30, 2021 by Routledge 1152 Pages;  პუბლიკაცია პროფ. დ. პატარაიას არა მხოლოდ მრავალწლიანი  შრომის შედეგი, არამედ დამსახურებული საერთაშორისო აღიარებაა.
  • ინსტიტუტის მოწვეული ლექტორის ნათია კალანდარიშვილის (PhD in Law, University of Essex, UK) მონოგრაფია „ოკუპაცია და კონტროლი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში („Occupation and Control in International Humanitarian Law, Published by Routledge. https://www.routledge.com/…/Kaland…/p/book/9780367476649)
  • ასევე, პროფ. დ. პატარაიას რედაქტორობით მომზადდა და გამოიცა ინგლისურენოვანი სტატიათა კრებული ,,საერთაშორისო სამართლის შერჩეულის საკითხები”, რომელიც მიეძღვნა ბ-ნ ლევან ალექსიძის ხსოვნას. (first volume of International Law Book Series: “International Law: Selected Issues”, edited by prof. David Pataraia. TSU Press, 2021)

ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აკადემიური პერსონალის მნიშნელოვან ამოცანად რჩება ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის შექმნა და ექსპერტული გამოცდილების გაზიარება:

  • საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორის კონსტანტინე კორკელიას მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული პუბლიკაციები ყოველთვის იპყრობს დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას. მათ შორის აღსანიშნავია: სტატიათა კრებული „ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის დროს საქართველოში“ (რედ. კ. კორკელია), რომელიც გამოიცა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით; „ადამიანის უფლებათა დაცვა და სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია“, (2020წ. რედ. კ. კორკელია), რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ლ. ალექსიძის ხსოვნას.
  • ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბითაძემ გამოაქვეყნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო  საერთაშორისო გარემოსდაცვით სამართალში, რომელშიც მოცემულია  ყველა მიმართულება გარემოს დაცვის კუთხით: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსები, ნარჩენების მართვა და, რაც მთავარია, კონვენციები, ხელშეკრულებები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლა ასრულებს და  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებაა.
  • ასევე გამოქვეყნდა მონოგრაფიები: სამართლის დოქტორის დავით გეფერიძის ,,საავიაციო სამართალი” (განახლებული რედაქცია, 2021); ასისტენტ-პროფესორის ნინო რუხაძის „სახელმწიფო იმუნიტეტი და ადამიანის უფლებები (2021) და ასისტენტ-პროფესორის მარიამ კევლიშვილის „მიგრანტთა სამართლებრივი რეგულაცია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ჭრილში“, თბილისი, (2020).
  • ასოცირებული პროფესორს, სამართლის დოქტორს საზღვაო სფეროში, საერთაშორისო ექსპერტს ეკა სირაძეს  საქართველოში საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისათვის გადაეცა სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი.

წარმატებები საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში

მიმდინარე წელს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტურმა გუნდებმა  არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის: ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი (Philip C. Jessup International Law Moot Court Competition), ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი (Telders International Law Moot Court Competition), ნიურნბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის  იმიტირებული პროცესი  (Nuremberg Moot Court).

 „ჩემთვის ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება უდიდესი გამოცდილება იყო. მნიშვნელოვანი იყო როგორც  პროფესიული უნარების, ასევე, გუნდური და პიროვნული თვისებების თვითშეფასებისა და განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა თსუ-ის საერთაშორისო სამართლის მიმართულების მაგისტრანტმა ანა მუხაშვილმა.

ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესში მთელი მსოფლიოდან მონაწილე 160 გუნდიდან თსუ საუკეთესო შედეგების მქონე გუნდთა შორის მოხვდა და შემდგომ წარმატებულად იასპარეზა საერთაშორისო რაუნდების მოწინავე ეტაპზე (advanced rounds) აშშ-ის, დანიის, ინდოეთის, სინგაპურისა და სხვა გუნდების წინააღმდეგ.  გუნდის წევრი ვახტანგ ქაჩიბაია საერთაშორისო რაუნდების მოწინავე ეტაპის საუკეთესო მომხსენებელთა სიაშია, ხოლო გუნდი წერილობითი პოზიციის კომბინირებული ქულით საერთაშორისო რაუნდების რეიტინგის TOP 10 გუნდს შორის არის ისეთ უნივერსიტეტებთან ერთად, როგორებიც არის ჰარვარდის, მელბურნისა და სინგაპურის უნივერსიტეტები. გუნდმა ასევე მიიღო ‘Alona E. Evans Award for Best Memorials at the White & Case International Rounds’. აღსანიშნავია, რომ წერილობით პოზიციებში ამგვარი შედეგი საქართველოს გუნდების ისტორიაში უპრეცედენტოა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: გვანცა დოლბაია, შალვა ქიტესაშვილი, ვახტანგ ქაჩიბაია, თამარ ვარდიაშვილი და ანა მუხაშვილი; გუნდს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი თამარ რუსეიშვილი.

თსუ-ის გუნდმა წარმატებით იასპარეზა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 45-ე საერთაშორისო რაუნდში. შეჯიბრი 1977 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ევროპის კონტინენტზე ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს წარმოადგენს.  ამ წლის საქმე  საერთაშორისო კოსმოსური სამართლის, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანმხვედრ გამოწვევებს ეხებოდა.

გუნდმა საერთაშორისო რაუნდებში  ავსტრიის, ნიდერლანდების სამეფოს, ირლანდიის და რუმინეთის გუნდების წინააღმდეგ იასპარეზა. შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წერილობითი პოზიციის დოკუმენტმა (მემორიალი) საერთაშორისო რაუნდებში დაიკავა საპრიზო მესამე ადგილი, ხოლო განმცხადებლის ზეპირ გამოსვლებსა და წერილობით კომპონენტში მიღებული ჯამური შეფასებით, თსუ-ის გუნდი შევიდა შეჯიბრის საუკეთესო ათეულში და დაიკავა მე-6 ადგილი. სტუდენტებმა  – ნინო თურმანიძემ, ნინო ენუქიძემ, ალექსანდრე პატარაიამ და მიხეილ ლაზგინიანმა გამარჯვება  აკადემიკოს ლევან ალექსიძის 96 წლის იუბილეს მიუძღვნეს. გუნდის მწვრთნელი იყო თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი თამთა ზაალიშვილი.

ნიურნბერგის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო შეჯიბრია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს უნივერსიტეტების გუნდები „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“ ფორმატში განიხილავენ ჰიპოთეტური საქმის კომპლექსურ პროცედურულ და არსებით საკითხებს. თსუ-ის გუნდმა წარმატებით დაასრულა 2022 წლის ნიურნბერგის საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესზე ასპარეზობა და ფინალურ ზეპირ რაუნდებში მონაწილე 45 გუნდს შორის მე-4 ადგილი დაიკავა. წერილობითი პოზიციების კომბინირებული ქულით კი თსუ-ის გუნდი კონკურსში თავდაპირველად მონაწილე 105 გუნდს შორის მე-9 ადგილზე გავიდა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ელიზაბეტ კაკაბაძე, სულიკო ჟღენტი, მარიამ კახიძე და თამარ გობეჯიშვილი. გუნდს ხელმძღვანელობდა სამართლის დოქტორი გიორგი ნაკაშიძე. სულიკო ჟღენტი და თამარ გობეჯიშვილი საუკეთესო მომხსენებლებად მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ეტაპებზე დასახელდნენ.

„თსუ საერთაშორისო სამართლის სკოლამ ძალიან საინტერესო ანგარიში წარმოადგინა. დაჯილდოვნენ წარმატებული გუნდები, რომლებმაც საერთაშორისო ინგლისურენოვან საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესების კონკურსში იასპარეზეს  და საპრიზო ადგილები დაიკავეს, რაც ძალიან საგულისხმოა. ეს გარემოება  გასათვალისწინებელია და დამატებითი სტიმულია ჩვენი  სტუდენტებისათვის. ინსტიტუტს სამეცნიერო კვლევითი მიმართულებითაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგები აქვს, მომზადდა და გამოქვეყნდა პუბლიკაციები მსოფლიო მასშტაბის გამორჩეულ გამომცემლობაში, რაც საერთაშორისო მასშტაბით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხილვადობის ზრდას უწყობს ხელს“, – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

სტუდენტების საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა უზრუნველყო.

Facebook
Twitter
LinkedIn