ქართული სამართლის დიგიტალიზაცია
კვლევა-სწავლება-პრაქტიკული გამოყენება
მსოფლიოში სამართლის დიგიტალიზაციის პროცესი ორი ათწლეულია, რაც დაიწყო, საქართველოში კი დაახლოებით 5 წელიწადს ითვლის. სამართალწარმოების პროცესის გაციფრება სამართლის ტექნოლოგიების „ლიგალტექის“ მეშვეობით მიმდინარეობს.
„ლიგალტექი“ თანდათანობით იკეთებს კარიერას. თუ ცოტა ხნის წინ არ მოიძებნებოდა იურისტი, რომ ციფრული ტექნოლოგიები შინაარსობრივ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის მხარდასაჭერად გამოეყენებინა, დღეს თითქმის არ არსებობს არც ერთი მოზრდილი საადვოკატო კომპანია, რომელსაც არ ჰყავს ლიგალტექის სამუშაო ჯგუფი“, – აღნიშნულია სტატიაში „სამართლის დიგიტალიზაცია“, რომელიც შედარებითი სამართლის ქართულ–გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში 2020 წელს ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორის შტეფან ბრაიდენბახისა და ადვოკატის, სოფთვეარ ტექნოლოგიების ექსპერტის ფლორიან გლატცის ავტორობით გამოქვეყნდა. უკვე 2022 წლის სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორ გიორგი ხუბუას, ასოცირებული პროფესორის ლადო სირდაძისა და პროფესორ ბრაიდენბახის საავტორო სამართლის ტექნოლოგიების „ლიგალტექის“ სასწავლო კურსი დაინერგა.
სამართლის დიგიტალიზაცია საქართველოში ნელ–ნელა აქტიურდება – სახელმწიფო სტრუქტურებში პროცესი უფრო ინტენსიურია, ტემპს კერძო სექტორი შედარებით ჩამორჩება, თუმცა ქართულ შრომის ბაზარზე ახალი კადრების მოთხოვნა მზარდია. რაში გამოიხატება სამართლის დიგიტალიზაციის საჭიროება და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობები? – საკითხს თსუ–ს პროფესორი, შტაინბაისის უნივერსიტეტის პროფესორი, შპს „ნიუ ლო–ს“ დამფუძნებელი გიორგი ხუბუა და თსუ–ს მოწვეული ლექტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, შპს „ნიუ ლო–ს“ დამფუძნებელი დირექტორი ლადო სირდაძე განმარტავენ.
გიორგი ხუბუა: „სამართლის დიგიტალიზაცია გულისხმობს იურისტის საქმიანობის ყველა ასპექტის გაციფრებას. სამართლებრივი ნორმების, სამართლებრივი პროდუქტებისა და პროცესების გაციფრულება იძლევა შემდგომი ავტომატიზაციის შესაძლებლობას. სამართლებრივი ნორმა შეიძლება გარდაიქმნას კოდად. ორივე მათგანი ეფუძნება ერთსა და იმავე ლოგიკას: „თუ – მაშინ“. შესაბამისად, შესაძლებელია კომპიუტერული კოდის მეშვეობით სამართლებრივი წინაპირობებისა და შედეგების გაწერა და შემდეგ მათი პროგრამული მენეჯმენტი. აღნიშნული ეხება ყველაფერს, რაც იურისტის საქმიანობაში განმეორებადია. თუ ჩვენ ვიპოვით იმ პრინციპს, თუ რა შემთხვევაში მეორდება სხვადასხვა ქმედება, მაშინ შეგვიძლია შევიმუშაოთ გარკვეული წესი, რომელიც ამ ქმედებას არეგულირებს. შემდეგ შესაძლებელია ამ წესის ციფრულ სამყაროში გადატანა – მისი გარდაქმნა კოდად. კოდირების შემდეგ კი აღარაფერი უდგას წინ ავტომატიზაციას.
სამართლის დიგიტალიზაციის სფეროში უკვე არსებული მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავია. ციფრული ბოტების მეშვეობით შესაძლებელია ადამიანმა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს ამომწურავი სამართლებრივი კონსულტაცია კომპიუტერული პროგრამისგან. ხელოვნური ინტელექტი იძლევა ისეთი მოცულობის მონაცემების ანალიზის შესაძლებლობას, რაც სხვა შემთხვევაში თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. განსაკუთრებით დიდია დიგიტალიზაციის როლი იურიდიული ტექსტების შედგენაში. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ სრულყოფილად გამართული სარჩელი მონაცემთა შეყვანის შემდეგ რამდენიმე წამში მომზადდეს. ჭკვიან პროგრამებს შეუძლიათ მიხვდნენ, თუ რა ფაქტობრივი გარემოებებია სახეზე დავაში, მონახონ სამართლის შესაბამისი ნორმები და მათი ანალიზის საფუძველზე ავტომატურ რეჟიმში მყისიერად დააგენერირონ ტესტები.“
ლადო სირდაძე: „სამართლის ტექნოლოგიების გამოყენება ოცდამეერთე საუკუნის ფენომენია. ის თავისი მასშტაბებით ცოტა ხანში გადააჭარბებს არსებულ ინდუსტრიულ რევოლუციას. საქართველოში სამართლის გაციფრულებაზე მუშაობა ბოლო რამდენიმე წელია, რაც დაიწყო. გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახლახან დავაფუძნეთ სამართლის ტექნოლოგიების კომპანია „ნიუ ლო“, რომელიც დაეხმარება იურისტებს თავიანთი საქმიანობის დიგიტალიზაციაში. სხვა ქვეყნებში სამართლის ტექნოლოგიების გამოყენება უფრო დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს. მაგალითად, გერმანიაში პროფ. შტეფან ბრაიდენბახი იყო პირველი, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში სამართლის გაციფრულებაზე დაიწყო მუშაობა. მაშინ, როდესაც, ლიგალტექის ტერმინი ჯერ კიდევ არ არსებობდა, პროგრამის მეშვეობით უკვე ხდებოდა სამართლებრივი პროდუქტების ავტომატური გენერირება.“
სამართლის დიგიტალიზაცია საქართველოში
ლადო სირდაძე: „დღეს არსებულ ტენდენციას საქართველოც თანდათან მიჰყვება. უნდა აღინიშნოს, რომ, ამ მხრივ, საჯარო სექტორი უფრო მოწინავეა საქართველოში, ვიდრე – კერძო. სამართლის ტექნოლოგიების პროგრამა ლოგოსს საპილოტე პროექტის ფარგლებში იყენებს, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. პროგრამა ორ წელზე მეტია გამოიყენება საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ, სადაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციის მიღება. პროგრამის მეშვეობით კონსულტაციის გაწევის დრო რამდენიმე საათიდან რამდენიმე წუთამდე შემცირდა, რაც შთამბეჭდავი შედეგია. სამართლის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება ასევე ხდება რამდენიმე საადვოკატო ბიუროს მიერ, რაც უმარტივებს მათ სამუშაოს შესრულებას. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მოხდება პროგრამა ლოგოსის დანერგვა სამართალშემოქმედების დეპარტამენტში, სადაც კანონპროექტების ვიზუალიზაცია მოხდება ციფრული სქემის გამოყენებით.“
სამართლის დიგიტალიზაციის უპირატესობები
გიორგი ხუბუა: „სამართლის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად ზოგავს იურისტის დროს და აუმჯობესებს მისი სამუშაოს ხარისხს. მას აღარ უწევს ტექნიკურ სამუშაოზე დროის დახარჯვა და შეუძლია საკუთარი რესურსები მიმართოს იმ შინაარსობრივ დავალებებზე, რომელთა შესრულებაც ავტომატიზებულ პროგრამას არ შეუძლია. აქ საქმე ეხება, როგორ წესი, ისეთ დავალებებს, რომლებიც კრეატიულ აზროვნებასა და ფანტაზიას მოითხოვს. არის ასევე შეფასებითი კატეგორიის კითხვები, რომლებიც ეთიკურად გამართლებულია, რომ მხოლოდ ადამიანმა გადაჭრას და არა პროგრამამ. ყველაფერი, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, არ არის ეთიკურად დასაშვები. ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი ზღვრის გავლება – თუ რას აკეთებს პროგრამა და რას ადამიანი. ციფრული პლატფორმები ზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას სამართალზე. ყველას არ აქვს შესაძლებლობა – დაიქირაოს იურისტი, რომელიც რამდენიმე კვირა ან თვე მოანდომებს მის პრობლემაზე მუშაობას. ამის საპირისპიროდ, პირს შეუძლია გამოიყენოს ვებ-გვერდზე არსებული ბოტი, რომელიც მას რამდენიმე წამში გაუწევს იმავე ხარისხის მომსახურებას.“
სამართლის ტექნოლოგიების სასწავლო კურსი თსუ–ში
ლადო სირდაძე: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანელ პარტნიორებთან ერთად შეიქმნა საქართველოში პირველი სამართლის ტექნოლოგიების სასწავლო კურსი. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ლიგალტექის პროგრამა და თავად შექმნან საკუთარი პროდუქტები. სტუდენტების მიერ შესრულებული სამუშაო შთამბეჭდავია. მაგალითად, თუ თქვენ გჭირდებათ შრომითი ხელშეკრულების შედგენა ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, სტუდენტების მიერ შექმნილი პროდუქტები ამას რამდენიმე წამში შეძლებენ. დამატებით ინფორმაცია კურსის შესახებ მოცემულია ბულზე: https://www.youtube.com/watch?v=37qESAOzJSM.“
კვლევები ქართული სამართლის დიგიტალიზაციის შესახებ
გიორგი ხუბუა: „სამართლის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი კონფერენცია ჩატარდა. მაგალითად, ოქტომბერში გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის კონფერენცია მათ სამსახურში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ – „სამართლის დიგიტალიზაცია – მომავალი არის დღეს“. წინა თვეში გაიმართა კონფერენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში – „პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ სამყაროში“, სადაც ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება სამართლის ტექნოლოგიების გამოყენებამ ხელი შეუწყოს მონაცემთა დაცვას. ამ მხრივ, შესაძლებელია, ისეთი ციფრული ფორმულარების შექმნა, რომლებიც დაეხმარება მომხმარებლებს სამსახურისთვის მიმართვაში და ასევე შესაძლებელი იქნება მთელი ადმინისტრაციული წარმოების გაციფრულება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სამსახურს ათასობით განცხადების განხილვა უწევს.“