სამართლებრივ უსაფრთხოებაზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალი პროექტი იწყება

თარიღი: 2022-12-29 20:38:27

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების პროექტი, რომელიც ახალგაზრდა თაობაში სამართლებრივი უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, 3 იანვრიდან დაიწყება. პროექტი – „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის“ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონკურსში – „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ – გამარჯვების შედეგად დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდება. მეორე ეტაპზე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დაიწყება.

შეხვედრებს, პროექტით გათვალისწინებულ თემატიკაზე,  ტესტირების შედეგად შერჩეული 8 სტუდენტი პროექტის ავტორებთან ერთად ჩაატარებს. ტრენინგების ჩატარება იგეგმება თბილისში, გორში, ლაგოდეხსა და ბათუმში. დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების სამიზნე აუდიტორიას სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ.

„მინდა მადლობა მოვახსენო იუსტიციის სამინისტროს, რომ შესაძლებლობა მოგვცა აქტუალური, მიზნობრივი და საზოგადოების საჭიროებას მორგებული პროექტის განხორციელება დაგვეწყო. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები არიან დოქტორანტები და მოხარული ვარ, რომ მათი იდეები და მოსაზრებები პროექტის წარმატებისთვის რელევანტური აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტების ტრენინგები ჩატარდება. შეირჩევა 30 სტუდენტი, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებსაც დარგის ექსპერტები 5 დღიან  ტრენერთა ტრენინგს ჩაუტარებენ. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს  განვლილ საკითხებზე ჩაუტარდებათ ტესტირება. ამის შედეგად  გამოვლინდება საუკეთესო შედეგების მქონე 8 მონაწილე. ისინი პროექტის ავტორებთან ერთად დასახელებულ ქალაქებში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ.

ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესი და ნაყოფიერია, რადგან 2018 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში ოჯახში ძალადობის თემაზე განხორციელებულ პროექტში მონაწილე სკოლის მოსწავლეების ნაწილი ახლა უკვე ჩვენი სტუდენტია“, – განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, პროექტის ხელმძღვანელმა მაია ივანიძემ.

 „ძლიერი სამართლებრივი კულტურა, როგორც ეთიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაზე. სამართლებრივი კულტურის განვითარება შესაძლებელია სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისთვის, რისი განხორციელებითაც მიიღწევა პოზიტიური მიზანი – მაღალი სამართლებრივი კულტურის დაკანონება საზოგადოებაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართლებრივი ცოდნის მიღების გზით იურიდიული განათლების პოპულარიზაციასთან ერთად მიიღწევა აღზრდისა და განათლების მრავალმხრივი განვითარება, რაც ჰარმონიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული მიზნის მიღწევასთან – უზრუნველყოს უწყვეტი ხარისხიანი განათლება ყველასათვის. მაშასადამე, სკოლის ფსიქოლოგის ჩართულობითა და სტუდენტების მიერ ჩატარებული ტრენინგების გზით სკოლის მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება აქტუალური სამართლებრივი საკითხები. სკოლის მოსწავლეების მიერ მიღებული ინფორმაცია კი უზრუნველყოფს პრაქტიკაში შეთვისებული ცოდნის შესაფერისი ქცევის დანერგვას, რაც საბოლოოდ იურიდიული განათლების, როგორც მოცემულობის, ტრენდად ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.

ასევე, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სკოლის მოსწავლეებში სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლება და სამართლებრივად უსაფრთხო გარემოს გაძლიერება. შედეგად, უფრო მეტად დაცული იქნება ბავშვის, როგორც განსაკუთრებული უფლებების მატარებელი სუბიექტის, ინტერესები როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ დონეზე. პროექტის მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს კანონისადმი პატივისცემის განმტკიცება, ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ცნობიერების ამაღლება. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი პროექტის ხელმძღვანელს – ქალბატონ მაია ივანიძეს, რომელიც ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს, როგორც სისხლის, ისე კერძო და საჯარო სამართლის მიმართულებებთან“, – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტმა, მოწვეულმა ლექტორმა და ბავშვთა სპეციალიზაციის ადვოკატმა გიორგი ქირიამ.

პროექტი სამთვიანია. შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება 2022 წლის 30 მარტს არის დაგეგმილი.

Facebook
Twitter
LinkedIn