სალომე ქოიავას ირლანდიური გამოცდილება: განათლება, მოგზაურობა და ახალი პერსპექტივები
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტმა სალომე ქოიავამ ერთი სემესტრი ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში ისწავლა. იგი გაეცნო ევროკავშირის სამართლებრივ სისტემას, გაიარა საგნები სისხლის სამართლის, მედიასამართლის, კომერციული სამართლისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით და თან მოგზაურობაც მოასწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება და შეფასებები გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ გაუზიარა.
თავდაპირველად, სალომე იმ პროგრამაზე გვესაუბრა, რომლის ფარგლებშიც ირლანდიაში 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა: „ერასმუს +“ ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავად გამოსცადონ – როგორია ევროპის ქვეყანაში განათლების მიღება და იქ ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ მარტო ცხოვრება უცხო ქვეყანაში სხვანაირ თავისუფლებას აგრძნობინებს ადამიანს. გარდა ამისა, ეს პროგრამა გაძლევს შანსს – გაეცნო სხვადასხვა წარმომავლობის, კულტურისა და ისტორიის ხალხს“. სალომემ ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ უცხოელ ახალგაზრდებთან დაახლოების შემდეგ, როცა მათ თავისი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ უამბო, ისინი ძალიან დაინტერესდნენ საქართველოთი. „თუკი სემესტრის დასაწყისში უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოს თაობაზე არაფერი იცოდნენ, უკვე სემესტრის ბოლოს აქტიურად ადევნებდნენ თვალს ქართულ პოლიტიკურ მოვლენებს, სწავლობდნენ ქართულ სიტყვებს და გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას“, – ამბობს სალომე.
ახლა, როცა სალომე ქოიავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე დაუბრუნდა, საინტერესოა – როგორ ადარებს იგი ერთმანეთს მშობლიურსა და მასპინძელ უნივერსიტეტებს… ამიტომ მას მსგავსებებსა და განსხვავებებზე ვკითხეთ.
„პირველ რიგში, ლიმერიკის უნივერსიტეტში დიდი ყურადღება არ ექცევა სემინარებს, სასემინარო აქტივობაში არ იწერება ქულები. სემინარების მსგავსი „ტუტორიალები“ (დისციპლინას გააჩნია) სხვადასხვა სიხშირით ტარდება და ეს მხოლოდ ორ საგანში მქონდა, ისიც ყოველ მეორე კვირას. ე.წ. ტუტორიალების მიზანი სალექციო თემის კიდევ ერთხელ განხილვას და კითხვების შემთხვევაში ლექტორთან კონსულტაციას წარმოადგენს.
უნივერსიტეტს დიდი კამპუსი აქვს თავისი საცხოვრებელი სოფლებით, სპორტული დარბაზებით და ბიბლიოთეკით. თვითონ უნივერსიტეტის ტერიტორია იძლევა ბევრ შესაძლებლობას არა მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლების მხრივ, რაც ძალიან განასხვავებს იქაურ გარემოს ქართული რეალობისგან“ – ასეთია სალომეს შეფასებები.
როგორც რესპონდენტი ამბობს, მისი საყვარელი საგანი „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება“ იყო, რადგან ის ტიპიური სამართლის საგნებისგან განსხვავდებოდა. საგანი მოიცავდა კრიმინალური სისტემის სოციოლოგიურ, ფსიქოლოგიურ მხარეებსაც. მაგალითად, როგორ ეხება სისტემა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს, რა როლს თამაშობს მედია და ა.შ.
როგორც სალომეს მონათხრობიდან ჩანს, საერთაშორისო სტუდენტებს უნივერსიტეტი მრავალფეროვან დამატებით აქტივობებსაც სთავაზობდა. ღონისძიებებს აწყობდნენ UL Globe-ის ოფისი და სხვადასხვა კლუბები, სადაც დიდი იყო გართობისთვის არჩევანი – მუსიკით დაწყებული და მშვილდოსნობით დამთავრებული. კულტურულ საღამოებს თავად სტუდენტებიც მართავდნენ და ერთმანეთს ქვეყნების სამზარეულოს და კულტურას აცნობდნენ. გაცვლითი სემესტრის გამოცდილება სალომესთვის მრავლისმთქმელი გაკვეთილი იყო:
„ახალმა გამოცდილებამ საკუთარი თავი უკეთ გამაცნო, ჩემი იდენტობა და ქართული კულტურაც სხვა თვალით დავინახე. მივხვდი, რა მინდა ცხოვრებაში – სწავლა, მოგზაურობა და საინტერესო ადამიანების გაცნობა… ყველანაირ, კარგ თუ ცუდ გამოცდილებას ძვირფასად ვიტოვებ მოგონებებში და მადლობელი ვარ ამ დროისთვის“, – ამბობს სალომე.
გასული თვეების განმავლობაში ჩვენს რესპონდენტზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გარემომ, ბუნებამ და იმ ადგილებმა დატოვეს, სადაც იმოგზაურა – მეგობრებთან ერთად დაათვალიერა ქალაქი დუბლინი, დინგლი, კილკენი და გოლოვეი, ასევე ნახა კაშელის ციხე, მოჰერის და არანის კუნძულები.
სალომე ქალაქ ლიმერიკში ცხოვრობდა. მისი თვალით დანახული ადგილობრივი გარემო თავისი ფერებით და ატმოსფეროთი ასე გამოიყურება: „ირლანდიურ ქალაქებს თავისებური ხასიათი აქვთ. ისინი კერძო ფერადი სახლებით, ბარებით და პაბებით არის სავსე, რაც ვიზუალურად ძალიან განასხვავებს საქართველოს ნაცრისფერი დიდი შენობებით სავსე ქალაქებს. ტურისტული მაღაზიები სავსეა მწვანე ფერებით. ლიმერიკი არ არის გამორჩეული ქალაქი ირლანდიის მასშტაბით, მაგრამ ისიც ასახავს ირლანდიური ქალაქის ხიბლს, როცა პაბიდან „გინესით“ ხელში გამოხვალ და მდინარეს გადახედავ, ქალაქს რომ ჰყოფს ორად“.
ნინო ჩარკვიანი
გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ჟურნალისტი
