სალომე პაქსაძე – თსუ-ს კურსდამთავრებულის მორიგი წარმატება

თარიღი: 2025-11-01 19:10:21

სალომე პაქსაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლებითა და საერთაშორისო გამოცდილებით საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში. 2025 წელს მან წარჩინებით დაასრულა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა, დღეს კი საფრანგეთის უძველეს და პრესტიჟულ სასწავლებელში – პანთეონ სორბონის უნივერსიტეტში (Paris I)  – სწავლობს. მისი გზა ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მონდომებამ, განათლებისადმი სიყვარულმა და მიზანდასახულობამ  კონკურენტუნარიანი გაგხადოს დასაქმების საერთაშორისო  ბაზარზე.  

სალომე პაქსაძემ 2025 წელს წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. დღეს იგი სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, პანთეონ სორბონის უნივერსიტეტში შედარებითი ევროპული და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც 50 სტუდენტს შორის ერთადერთი ქართველი წარმომადგენელია.

სალომესთვის იურიდიული ფაკულტეტი ყოველთვის ოცნების ფაკულტეტი იყო. „პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მინდოდა სწავლის გაგრძელება. გულწრფელად რომ ვთქვა, სხვა უნივერსიტეტს არც განვიხილავდი. აბიტურიენტობისას ჩამონათვალში მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა ჩავწერე – ჩემთვის თსუ იყო პირველი და ერთადერთი არჩევანი“, – იხსენებს სალომე.

მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა შემთხვევითი. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საუკუნოვანი ისტორია და სახელოვანი პროფესორ-მასწავლებლები მისთვის მთავარი მოტივაცია გახდა არჩევანის გაკეთებისას. „რთულია არ ჩააბარო იმ უნივერსიტეტში, რომლის პროფესორები თავად კანონშემოქმედები და მოქმედი მოსამართლეები არიან“, – ამბობს ის.

სალომე განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს იურიდიულ ფაკულტეტზე გატარებულ პირველ დღეს: „პირველ ლექციაზე პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ მოგვილოცა სწავლის დაწყება კავკასიის პირველ და უძველეს სამართლის სკოლაში. ამ სიტყვებმა მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დღესაც მახსოვს ის ემოცია. მსგავსი განცდა მქონდა მაშინაც, როცა სორბონის უნივერსიტეტში პირველ ლექციაზე ლექტორმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვიწყებდით სწავლას საფრანგეთის უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ეს ორი მომენტი ჩემთვის სიმბოლურად უკავშირდება ერთმანეთს“.

სწავლის პერიოდში სალომე აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მხარდაჭერით, მან ,,ერასმუს +“-ის პროგრამის ფარგლებში 2022–2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ნიცის კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში, ხოლო მომდევნო წლის გაზაფხული ბრეტანის რეგიონის წამყვან რენის უნივერსიტეტში გაატარა.
„თამამად შემიძლია ვთქვა: რომ არა ეს გამოცდილება, დღეს სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი არ ვიქნებოდი. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ საშუალება მომცა ახლოს გამეცნო ფრანგული განათლების სისტემა და საბოლოოდ ჩამომეყალიბებინა პროფესიული გზა. ფრანგულ ენაზე სწავლა უცხოელ სტუდენტებთან ერთად იყო ერთგვარი გამოწვევა, თუმცა ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და მიუღწეველი არაფერია“, – ამბობს სალომე.

სალომესთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს თსუ-ში მიღებული ცოდნა და ურთიერთობები. ის მადლიერებით აღნიშნავს ლექტორების უდიდეს წვლილს საკუთარ პროფესიულ განვითარებაში.

„ყველა ლექტორის გავლენა ჩემთვის ფასდაუდებელია. განსაკუთრებით მახსოვს ქალბატონი ნათია ჩიტაშვილის ლექციები, რომლებიც შემდგომ რენის უნივერსიტეტშიც მოვისმინე. უცხოელი სტუდენტები აღფრთოვანებული იყვნენ მისი ცოდნითა და სწავლების დონით. მაშინ კვლავ ერთხელ გავაცნობიერე, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას თითოეული ჩვენგანი საკუთარი ქვეყნის პატარა ელჩია“, – ამბობს სალომე.

იგი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის თამარ ზარანდიას მიმართაც: „ქალბატონ თამარს უდიდესი წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაშიც. მისგან მიღებული მხარდაჭერა და ნდობა ყოველთვის მაძლევს მოტივაციას“.

დღეს სალომე პაქსაძე მტკიცედ მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიღებული ცოდნა თავის ქვეყანაში გამოიყენოს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ფრანკოფონულ საზოგადოებაში და გააძლიეროს ქვეყნის წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ღირსეულად დაიმკვიდროს ადგილი ფრანკოფონულ სივრცეში. მსურს, ხელი შევუწყო ფრანგული ენის პოპულარიზაციას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ გზას ირჩევენ, ვაჩვენო, რომ ამ ენის ცოდნა კარიერულად უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის“, – აღნიშნავს სალომე.

მისი მიზნები მჭიდროდ უკავშირდება საფრანგეთში მიღებულ გამოცდილებას და საერთაშორისო სამართლის ცოდნას: „ვგეგმავ, რომ საფრანგეთში მიღებული ცოდნით შევუწყო ხელი საქართველოს სამართლებრივი სისტემის ტრანსფორმაციასა და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას“.

სალომე პაქსაძის გზა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და განათლებისადმი სიყვარული წარმატების გარანტიაა.  

Facebook
Twitter
LinkedIn