სალომე კაიშაური: ,,მაყურებელს უნდა მიეწოდებოდეს მასალა, რომელიც დაცლილი იქნება სუბიექტური ელემენტებისაგან“

თარიღი: 2024-06-07 14:10:23

„ევროკავშირის  ინსტიტუტების  ლიდერები  ქართული  მედიის სარკეში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და მინიჭების შემდეგ სამი ქართული ტელეარხის  („იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მთავარი არხი“) მაგალითზე“ – ამ თემაზე იმუშავა თსუ-ს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა სალომე კაიშაურმა სანდრო კაპანაძესთან ერთად, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს და ასევე მესამე კურსელი გახლავთ.

,,ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის კანდიდატის მინიჭების პრე და პოსტ პერიოდებში აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერთა  ქმედებების, დამოკიდებულებების განხილვა ტელე და სოციალურ მედიაში.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი  ტელემედია და სოციალური ქსელები საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიღების უპირველესი წყაროა, შესაბამისად, სწორედ ამ პორტალებზე კვლევა ჩვენ მიერ შერჩეული თემისა საკმაოდ რელევანტური და ხელსაყრელია.  იმის გაგება, თუ როგორ ასახავს მედია ევროკავშირის ლიდერებს, შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების აღქმაზე ევროკავშირისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ. მე და ჩემმა მეწყვილემ გადავაფასეთ არსებული საკითხები და საბოლოოდ შევჯერდით საკონფერენციო თემაზე. მთავარი როლი ითამაშა ჩვენმა ინტერესმა და საკითხის აქტუალობამ. მოვიძიეთ ყველა საჭირო და შესაძლო ინფორმაცია, აგრეთვე, მოვიძიეთ ექსპერტები, რომელთაც გაგვიზიარეს მათი შეხედულებები და ეს ყოველივე მეტად წაადგა ჩვენს კვლევას“, – აცხადებს სალომე კაიშაური.

რა დასკვნა დადეს სტუდენტებმა და რა ტენდენციებზე საუბრობენ თემის დამუშავების თანახმად?  – ამ კითხვაზე სალომე ასე გვპასუხობს: ,,სამივე ტელეარხზე ძირითადი ჟურნალისტური საშუალება იყო სიუჟეტი და პირდაპირი ეთერი, ნიუსები… ასევე, აღნიშნული ინფორმაციის გაშუქების სტილი თითოეულ არხზე იმას ამტკიცებს, რომ მედია პოლარიზებულია, რისი თქმის საფუძველსაც თვითონ სიუჟეტები, გამოკითხულ რესპონდენტთა ვინაობა გვაძლევს. იყო ხარვეზებიც, მაგალითად, სიუჟეტებში იკვეთებოდა ჟურნალისტების მიერ მოწინააღმდეგე მხარის ექსპერტების გამოკითხვის ნაკლებობა, რაც, ვთვლი, რომ ბალანსისთვის აუცილებელია. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ შერჩეული გვქონდა სამი ტელეარხი: სამთავრობო – „იმედი“, ოპოზიციური – „მთავარი არხი“ და ნეიტრალური – „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ,,იმედის“ სიუჟეტებსა და ნიუსებში დომინირებდა დადებითი შინაარსის გამოსვლები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებისა, როგორც წევრობის კანდიდატობის მიღებამდე, ისე –  მიღების შემდგომ. ხოლო, ,,მთავარ არხზე“ ვხვდებოდით შედარებით სკეპტიკურად განწყობილი ლიდერების სფიჩების გაშუქებას. აგრეთვე, ხაზგასასმელია ისიც, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტურ მასალებში, ამ საკითხთან დაკავშირებით, იკვეთებოდა მიდრეკილება პროსამთავრობო ნარატივებისკენ. მოცემული აზრი გაიზიარა ასევე ჩვენ მიერ ჩაწერილმა ექსპერტმა. მაყურებელს უნდა მიეწოდებოდეს მასალა, რომელიც დაცლილი იქნება სუბიექტური ელემენტებისაგან და თავად მაყურებელმა უნდა გამოიტანოს დასკვნა“, – ამბობს სალომე.

                                                           ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • ადრეული ასაკიდანვე არაერთი სფეროთი ვიყავი დაინტერესებული, რაც კიდევ უფრო მირთულებდა ერთი რომელიმე კონკრეტული პროფესიის არჩევის საკითხს. თუმცაღა, რაც ვიცოდი – ის იყო, რომ ჩემ მიერ არჩეული პროფესია უნდა მყვარებოდა. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ პოლიტიკის მეცნიერებისთვის დამეკავშირებინა ჩემი აკადემიური ცხოვრება და ვთვლი, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ამჟამინდელი პროფესია არის ადგილი, სადაც ჩემს თავს ყოველთვის ვხედავდი. აბიტურიენტობამდე და მას შემდეგაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სამშობლოს განვითარებასა და წინსვლაში ჩემი სიტყვა უნდა მეთქვა, ოღონდ არ ვიცოდი – როგორ. პოლიტიკის მეცნიერებაზე სწავლისას გავაანალიზე, რომ ესაა პროფესია, სადაც ვარ ის, ვინც ვარ – წინაღობების გამკლავება გაცილებით მარტივი გახდა, არ ვარ „ბაბლში“ მოქცეული და, რასაკვირველია, პიროვნულად განვითარებასა და წინსვლაში ნამდვილად დამეხმარა. აგრეთვე, მეორად პროფესიად მაქვს არჩეული ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები. ამ სფეროსა და პოლიტიკის მეცნიერების კოლაბორაცია, კავშირი ერთმანეთთან, ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს. ასევე, ამჟამად ვსწავლობ ჩინურ ენას და დაინტერესებული ვარ პროგრამირებით.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ცოდნასთან ერთად, გარკვეულწილად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც ვიღებ და ეს ჩემზე დადებითად აისახება. ასევე, გამოვყოფდი რამდენიმე კურსს/საგანს, რომელთა გავლისას განსაკუთრებით ვგრძნობდი იმას, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადმოცემას ემსახურებოდა, არამედ კიდევ უფრო გვივითარებდა კრიტიკისა თუ ანალიზის უნარებს, რაც, მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ჩემს ფაკულტეტზე.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ჩემი უმთავრესი სურვილი იყო მიმეღო განათლება და გავმხდარიყავი პროფესიონალი. ეს სურვილი ისევ ადგილზეა და ამისთვის დიდი შრომა, მიზანდასახულობაა საჭირო, რაც 3 წელია გათავისებული მაქვს. ვფიქრობ, თითოეული სტუდენტი, რომელსაც უყვარს ის, რასაც სწავლობს და აკეთებს, ასეც უნდა იყოს. ერთ წელიწადში დავტოვებ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურს და მიმაჩნია, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რისი მოცემაც უნივერსიტეტს შეუძლია, ესაა ცოდნა, პიროვნული ზრდა და დისციპლინის ჩამოყალიბება, თუ, რა თქმა უნდა, სტუდენტის სურვილიც ერთვის ამ ყოველივეს. ვისურვებდი, იყოს მეტი გულანთებული ახალგაზრდა, ნაკლები ნეგატიური ენერგია და მეტი ურთიერთგაგება ერთმანეთისადმი.
  •  
Facebook
Twitter
LinkedIn