სალომე კაიშაური: ჩვენ სტუდენტობისას ვიძერწებით და ვყალიბდებით

თარიღი: 2023-05-29 20:26:23

„რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციის გაშუქების სპეციფიკა ქართულ მედიაში“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა სალომე კაიშაურმა ინტერდისციპლინურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ორი ფაკულტეტის –  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ეგიდით ჩატარდა.

სალომე თვლის, რომ ასეთი აქტივობები ერთგვარი გამოცდილებაა სტუდენტებისთვის, რაც მათ ამზადებს სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი პროექტებისათვის და ეხმარებათ წინსვლაში.

მეორე კურსის სტუდენტს გააზრებული აქვს ქართულ მედია სივრცეში არსებული ვითარება, თუმცა ახალი კვლევით მან კიდევ მეტი ინფორმაციის მოპოვება შეძლო და წარმოდგენებიც გაიმდიდრა: ,,ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია მივიღო სანდო ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მედია ერთგვარი „იარაღია“, რომელსაც შეუძლია საზოგადოების ყურადღების მიმართვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, ხალხის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, რამაც უდიდესი გავლენა იქონია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე, მის ეკონომიკურ-პოლიტიკურ თუ კულტურულ მდგომარეობაზე. აღნიშნული საკითხი დღესდღეობით მეტად აქტუალურია და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ კვლევა რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის გაშუქების სპეციფიკაზე ჩაგვეტარებინა ქართულ მედიაში. მიმაჩნია, რომ ამჟამინდელ ქართულ ტელე-მედიაში იკვეთება ხარვეზები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას. მე და ჩემს მეწყვილეს – მარიამ მათიაშვილს განხილული გვქონდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედისა“ და „ფორმულას“ სიუჟეტები, ნიუსები და სწორედ აღნიშნული ტელევიზიების მაგალითზე გამოვიკვლიეთ – თუ რა სპეციფიკით, რა ეთიკური ნორმების დაცვით, რა დარღვევებით შუქდებოდა ზემოთ ნახსენები საკითხი. საკვლევი პერიოდი იყო 2022 წლის სექტემბრიდან წლის ბოლომდე“, – ამბობს სალომე კაიშაური.

რა ტენდენციები გამოიკვეთა და რა დასკვნა დადეს სტუდენტებმა, რომლებმაც გამოკითხეს თითოეული არხის ჟურნალისტი და დაამუშავეს თემები.

,,ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია ჩემ მიერ დასახელებული ტელევიზიების მიერ გაშუქებულ სიუჟეტებში. მაგალითად, სამივე ტელეარხზე ძირითადი ჟურნალისტური საშუალება იყო სიუჟეტი და პირდაპირი ეთერი, ასევე, აღნიშნული ინფორმაციის გაშუქების სტილი თითოეულ არხზე იმას ამტკიცებს, რომ მედია პოლარიზებულია, რისი თქმის საფუძველსაც თვითონ სიუჟეტები, გამოკითხულ რესპონდენტთა ვინაობა გვაძლევს. იყო ხარვეზებიც, მაგალითად, სიუჟეტებში იკვეთებოდა ჟურნალისტების მიერ მოწინააღმდეგე მხარის ექსპერტების გამოკითხვის ნაკლებობა, რაც, ვთვლი, რომ ბალანსისთვის აუცილებელია. მაყურებელს უნდა მიეწოდებოდეს მასალა, რომელიც დაცლილი იქნება სუბიექტური ელემენტებისაგან და თავად მაყურებელმა უნდა გამოიტანოს დასკვნა – ნეგატიურად აღიქვამს აღნიშნულ მოვლენას თუ პოზიტიურად“, – ამბობს სალომე კაიშაური, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების გარდა მეორად პროფესიად ჟურნალისტიკის მიმართულება აქვს შერჩეული.

                                                      ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • ადრეული ასაკიდანვე არაერთი სფეროთი ვიყავი დაინტერესებული, რაც კიდევ უფრო მირთულებდა ერთი რომელიმე კონკრეტული პროფესიის არჩევის საკითხს. თუმცაღა, რაც ვიცოდი ის იყო, რომ ჩემ მიერ არჩეული პროფესია უნდა მყვარებოდა. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ პოლიტიკის მეცნიერებისთვის დამეკავშირებინა ჩემი აკადემიური ცხოვრება და ვთვლი, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ამჟამინდელი პროფესია არის ადგილი, სადაც ჩემს თავს ყოველთვის ვხედავდი. აბიტურიენტობამდე და მას შემდეგაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სამშობლოს განვითარებასა და წინსვლაში ჩემი სიტყვა უნდა მეთქვა, ოღონდ არ ვიცოდი – როგორ. პოლიტიკის მეცნიერებაზე სწავლისას გავაანალიზე, რომ ესაა პროფესია, სადაც ვარ ის, ვინც ვარ – წინაღობების გამკლავება გაცილებით მარტივი გახდა, არ ვარ „ბაბლში“ მოქცეული და, რასაკვირველია, პიროვნულად განვითარებასა და წინსვლაში ნამდვილად დამეხმარა. აგრეთვე, მეორად პროფესიად მაქვს არჩეული ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები. ამ სფეროსა და პოლიტიკის მეცნიერების კოლაბორაცია, კავშირი ერთმანეთთან, ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს. ასევე, ვსწავლობ პროგრამირებას კომპიუტერული მეცნიერების სკოლაში – „Quantum”.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?

ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ცოდნასთან ერთად, გარკვეულწილად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც ვიღებ და ეს ჩემზე დადებითად აისახება. ასევე, გამოვყოფდი რამდენიმე კურსს/საგანს, რომელთა გავლისას განსაკუთრებით ვგრძნობდი იმას, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადმოცემას ემსახურებოდა, არამედ კიდევ უფრო გვივითარებდა კრიტიკისა თუ ანალიზის უნარებს, რაც, მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ჩემს ფაკულტეტზე.

  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?

ვფიქრობ, რომ საყვარელი ლექტორის ასე კონკრეტულად გამორჩევას ვერ შევძლებ, რადგანაც ვისთანაც შეხება მქონია ან მასწავლიდა, მათი უმრავლესობა ნამდვილად პროფესიონალია და ეს ფაქტი მახარებს და მეამაყება კიდეც.

  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • მე, პირადად, ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიმაჩნია შუალედური გამოცდების განრიგის სიმჭიდროვე. მაგალითად, მიმდინარე სემესტრში ოთხი საგნის გამოცდა მიყოლებით მქონდა ჩასმული და ვფიქრობ, ეს მეტად მოუხერხებელი და არასასურველი განრიგია სტუდენტებისთვის, რადგანაც, რაც არ უნდა იდეალურად ვიყო მომზადებული გამოცდისთვის, მას, გარკვეულწილად, მაინც ახლავს თან სტრესი და დაძაბულობა. ასევე, აღვნიშნავდი საგნების არჩევისას გამოწვეულ მდგომარეობას, როდესაც ზოგიერთი სტუდენტი ან ვერ ირჩევს სასურველ საგანს, ან საერთოდაც 5 საგნით რჩება.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  •  ჩემი უპირველესი სურვილია – მივიღო რაც შეიძლება დიდი განათლება სტუდენტობისას, რადგანაც სწორედ ამ პერიოდში ვიძერწებით და ვყალიბდებით, რისთვისაც, ვფიქრობ, სწავლა, მეცადინეობა და მაქსიმალურის გაკეთება აუცილებელია, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. აგრეთვე, უნივერსიტეტის დასრულებამდე გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სურვილია, რომლის ასასრულებლადაც ვშრომობ. მინდა, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლები ტკბილად გავლიო და ვისურვებდი, რომ სტუდენტები ერთმანეთისადმი იჩენდნენ უფრო მეტ სითბოს, თანადგომას და ავლენდნენ ნაკლებ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც ისედაც მოჭარბებულია ქვეყანაში.
Facebook
Twitter
LinkedIn