სალომე ბერიძის მიზანია – იყოს იმ ცვლილებების ნაწილი, რომლებიც ქვეყანაში სტაბილურობასა და კეთილდღეობას შექმნის

თარიღი: 2025-05-16 14:07:21

„ჩემი  გზა ეკონომიკის მიმართულებით  უნივერსიტეტში დაიწყო და დარწმუნებული ვარ, აქვე გაგრძელდება“, – ამბობს სალომე ბერიძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებული  მაგისტრანტი. მან თავისი კარიერა თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაიწყო და დღეს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

სალომე ქობულეთში გაიზარდა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა აქტიურობით, პრინციპულობითა და თანაკლასელებზე ზრუნვით. მიუხედავად იმისა, რომ მას სკოლაში ოქროს მედალი არ აუღია, ერთ-ერთ წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა. განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკა, რამაც, საბოლოოდ, ეკონომიკის მიმართულებით წაიყვანა.

„არ მქონდა ზუსტი წარმოდგენა – რას ნიშნავდა ეკონომიკა, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ იმ ფაკულტეტზე აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ეკონომიკა არის მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა – ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება, საბოლოოდ, ეკონომიკურ შედეგებზე გადადის“, – ამბობს იგი.

სალომემ ამიტომაც აირჩია მაგისტრატურაში მიმართულება – „ეკონომიკური პოლიტიკა და დიპლომატია“.  სამაგისტრო ნაშრომიც ეკონომიკური პოლიტიკის თემაზე დაამუშავა: ,,საბაჟო პოლიტიკა საქართველოში: გამოწვევები და განვითარების ტენდენციები“. სალომეს მიზანია – იყოს იმ ცვლილებების ნაწილი, რომლებიც ქვეყანაში სტაბილურობასა და კეთილდღეობას შექმნის.

მისთვის გარდამტეხი მომენტი ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე დადგა, როდესაც ლექტორმა გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ში სტაჟირება შესთავაზა. სტაჟირებიდან სულ მალე სალომე თსუ-ს შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა. უნივერსიტეტში მუშაობამ და შიდა პროცესების გაცნობამ მისთვის ინსტიტუცია უფრო ახლობელი და გასაგები გახადა. „თსუ-ში მუშაობამ თვალები ამიხილა. მივხვდი, რამდენად დიდი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა დგას სასწავლო პროცესის მიღმა და ამან უფრო შემაყვარა უნივერსიტეტი“, – ამბობს იგი გულწრფელად და სჯერა,  რომ უნივერსიტეტი სტუდენტზეა ორიენტირებული, თუმცა წარმატება მხოლოდ მათთან ,,მიდის“, ვინც ამას აქტიურად ეძებს და იმსახურებს.

სალომე უკვე გეგმავს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას და კვლავ თსუ-სთან აკავშირებს საკუთარ მომავალს. ამბობს, რომ პროფესიული მიზნები სწორედ ამ სფეროს უკავშირდება.  

„მინდა, ვიყო ეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებელი – ადამიანი, რომელსაც ექნება შანსი ქვეყნისთვის პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს“, – ასეთი მტკიცე, ხმამაღალი განაცხადი აქვს სალომეს, რომელიც არ მალავს, რომ თსუ მისთვის ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

„მარტივად რომ ვთქვა, გამიმართლა. უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა, პროფესია, მეგობრები და განვითარების რეალური ბერკეტები. ეს ყველაფერი თსუ-ში დაიწყო და დარწმუნებული ვარ, აქვე გაგრძელდება“, – ასე ასრულებს სალომე ჩვენთან საუბარს.

Facebook
Twitter
LinkedIn