„საკვანძო სიტყვა“ – ციფრული ჰუმანიტარიის სამეცნიერო ფესტივალი თსუ-ში
ციფრული ჰუმანიტარიის სამეცნიერო ფესტივალი „საკვანძო სიტყვა“ გაიმართა „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის“ სამეცნიერო ჯგუფისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლობით. ფესტივალის მიზანი იყო ქართული ენობრივი მემკვიდრეობის, დიალექტური მრავალფეროვნებისა და ციფრული ჰუმანიტარიის პოპულარიზაცია როგორც აკადემიურ სივრცეში, ისე ფართო საზოგადოებაში.
ფესტივალის პროგრამა აერთიანებდა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებს. 14–15 აპრილს ჩატარდა ენობრივი აქტივიზმის ონლაინკამპანია, რომელშიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შექმნეს მცირე დიალექტური ლაბორატორიები, ჩაწერეს ტექსტები, მოამზადეს ილუსტრირებული დიალექტური ლექსიკონები, კითხვარები, პოდკასტები და სხვა მასალები.
26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობაზე ჩატარდა დიალექტური კორპუსის შეხვედრა ფართო მკითხველთან, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მარინა ბერიძის საჯარო ლექცია და დიალექტური კორპუსის ტექსტების კითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა – მწერლებმა, რედაქტორებმა, მთამსვლელებმა, მთარგმნელებმა, მეცნიერებმა, მოსწავლეებმა.
15 მაისს თსუ ბიბლიოთეკაში სტუდენტებისთვის ჩატარდა სამუშაო სემინარი: ენობრივი აქტივიზმი და ენობრივი მემკვიდრეობა.
სემინარის მონაწილეებმა იმუშავეს ქართულ ენობრივ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ არაერთ აქტუალური საკითხზე, როგორიცაა ქართული ენის დიალექტების ისტორიული ეთნოგეოგრაფიული საზღვრები, მიგრაცია და ენა; მე-20 საუკუნის მიგრაციები და ქართული ენობრივი სივრცის ახალი რუკა, დოკუმენტური ლინგვისტიკა პრაქტიკაში, საფრთხეში მყოფი ენები საქართველოში, ენათა დოკუმენტირება, საველე მუშაობის ეთიკა; მეტყველების დოკუმენტირების ეტაპები. პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში გაიმართა იმიტირებული ექსპედიცია და შეხვედრა ფერეიდნელ ენობრივ აქტივისტებთან. აღსანიშნავია სტუდენტების ფართო ინტერესი ენობრივი საკითხებისადმი, სემინარში მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
25 მაისს კორპუსი მხატვრულ ლიტერატურას შეხვდა. ღონისძიება დიალექტური კორპუსის ტექსტების ლიტერატურულ რეპრეზენტაციას ეძღვნებოდა, გაიმართა საჯარო ლექცია სახელწოდებით „ქდკ – ტექსტი, კონტექსტი, მეხსიერება“. პარალელურად შედგა ლიტერატურული კონკურსი – მარათონი „საკვანძო სიტყვა“, რომლის ფარგლებშიც კონკურსანტებმა დიალექტური მასალიდან მიცემული დავალების მიხედვით ლიტერატურული ტექსტების შექმნა სცადეს. ეს ერთგვარი ლიტერატურული ექსპერიმენტის დასაწყისი იყო, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ახალი სიუჟეტებითა და თემებით გამდიდრების ცდა.
4 ივნისს ფესტივალის დასკვნითმა დღემ შეაჯამა ფესტივალის აქტივობები და მის მონაწილეებს მოუყარა თავი. ღონისძიება გაიხსნა ბიბლიოთეკის ფოიეში, რომელიც ერთი დღით სამეცნიერო ფესტივალის სივრცედ იქცა. გაიხსნა „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის“ წიგნების სტენდი, გამოიფინა გამოჩენილი მეცნიერების – არნოლდ ჩიქობავას, ანა კალანდაძის, ქეთევან ლომთათიძის, ელენე ასათიანის ხელნაწერები, სამეცნიერო ექსპედიციების ჩანაწერები, დიალექტური მასალა.
ფესტივალის დასკვნითი დღის დიდი ნაწილი ბავშვებს დაეთმო. გაიმართა დიალექტური თამაშები, ლექსიკონის ხატვა, „ნაცარქექიას“ დიალექტური ვერსიების კითხვა, დიალექტური რუკების გაფერადება, ლექსიკური ვიქტორინა, სიტყვის ბარათების დარიგება და სხვა. თსუ ბიბლიოთეკის ანთიმოზ ივერიელის დარბაზში ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავდა საჯარო ლექციას, სამეცნიერო მუშაობას, სადაც მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თავიანთი კვლევის შედეგი გააცნეს საზოგადოებას. ახალგაზრდა მკვლევრებმა შეაჯამეს დიალექტური და ენობრივი ლაბორატორიების სამეცნიერო პროდუქტი, ხოლო სამუშაო სემინარის მონაწილე სტუდენტებმა ენობრივ აქტივიზმთან დაკავშირებული პრეზენტაციები წარმოადგინეს. თემატიკა მრავალფეროვანი იყო, ქართველური ენები და დიალექტები, ქართული ენა საზღვარგარეთ, ქართული ენის სწავლების საკითხები ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ენობრივი აქტივიზმის გამოცდილება სხვადასხვა ენობრივ გარემოში და სხვა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალმა ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ენობრივი საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავებას, დიალექტური მრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრებას და ენობრივი აქტივიზმის პრაქტიკული ფორმების განვითარებას.
შეხვედრა გაგრძელდა ლიტერატურული საათით, რომელმაც ლიტერატურული კონკურსის შედეგები შეაჯამა. ციფრული ჰუმანიტარიის ფესტივალი დაიხურა, ხოლო გამოფენა გარკვეული დროით ბიბლიოთეკის ფოიეში ისევ იქნება წარმოდგენილი.
როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი დიანა ანფიმიადი ამბობს, ფესტივალი იქცა სივრცედ, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ მკვლევრები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, მწერლები, ქართული ენობრივი მრავალფეროვნებით დაინტერესებული ადამიანები. რამდენიმე კვირის განმავლობაში დიალექტური ტექსტები, სამეცნიერო მასალები და ენობრივი ისტორიები ცოცხალ გამოცდილებად და შთაგონების წყაროდ იქცა ახალი იდეებისა და კვლევებისთვის.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და თსუ ბიბლიოთეკა.

