„საჯარო სამართლის ჟურნალის“ ახალი ნომერი გამოიცა
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის სამეცნიერო პერიოდიკის – „საჯარო სამართლის ჟურნალის“ მეორე ნომერი გამოიცა. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებს შეეხება. გამოცემა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი სამეცნიერო სადისკუსიო პლატფორმის ფორმირების მიზნით გასულ წელს დაფუძნდა, რომელსაც ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.
„საჯარო სამართლის ჟურნალის“ მე-2 ნომერში გამოქვეყნდა:
გიორგი ხუბუას „ზეპოზიტიური კონსტიტუცია: „კონსტიტუცია და კანონის“ იურიდიული ბუნების საკითხისათვის“;
კობა ყალიჩავასა და მერი აღაპიშვილის „მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ორმაგი ბუნება და ქართულ ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში მისი გამოყენების პრაქტიკის კრიტიკა“;
ნორბერტ ბერნსდორფის „ევროკავშირის „აქილევსის ქუსლი“ – შიდა და გარე საფრთხეები“;
თამარ გვარამაძის „გადასახადებით დაბეგვრა ადამინის უფლებათა დაცვის ჭრილში – უპირატესად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით“;
ნინო ცუხიშვილის „საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება და პროფესიული ვალდებულებები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს სტანდარტები“;
სერგი ჯორბენაძის „პასუხისმგებლობა არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის“;
სალომე სიგუას „ინტერნეტპლატფორმებზე განთავსებული პერსონალური მონაცემების სამართლებრივი ბედი პირის გარდაცვალების შემდეგ“;
„ეს დარგობრივი ჟურნალია, არ არის საერთო სპეციალიზაციის“, – განმარტავს ჟურნალის მთავარი რედაქტორი კობა ყალიჩავა – „ძირითადად მოვიცავთ ადმინისტრაციულ სამართალს, ასევე, კონსტიტუციურ სამართალს და სამართლის თეორიასა და მეთოდებს. ჟურნალში ქართველ ავტორებთან ერთად უცხოელი პროფესორების სტატიებიც გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის მეორე გამოცემის უცხოენოვანი ვერსია მზადდება გამოსაცემად. დაწყებულია მესამე ნომერზე მუშაობა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სასამართლოს ვეტინგის ანალიზსს დაეთმობა.“
„საჯარო სამართლის ჟურნალის“ ორივე ნომრის გაცნობა მკითხველს ვებ მისამართზე – journalofpubliclaw.tsu.ge/?leng=ge შეუძლია. გამოცემები ბეჭდური სახით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი.