„საჯარო სამართლის ჟურნალის“ ქართულ-გერმანულ-ინგლისური გამოცემების საჯარო წარდგენა
თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა „საჯარო სამართლის ჟურნალის“ ქართული და უცხოენოვანი (ინგლისურ-გერმანული) გამოცემების საჯარო წარდგენა გამართა. პრეზენტაციაზე ჟურნალის რედკოლეგიის წევრებმა, იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა ჟურნალის დაფუძნების მნიშვნელობა და პირველ ნომერში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები შეაფასეს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი გამორჩეულია სამეცნიერო კვლევითი აქტივობით. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. ჩვენ არაერთი სამეცნიერო ჟურნალის ადმინისტრირებას ვეწევით. მათ რიცხვს შეემატა „საჯარო სამართლის ჟურნალიც“, რომლის რედკოლეგიაში და ასევე, ავტორების სახით ჩვენი უცხოელი კოლეგებიც არიან.პირველ ნომერში გამოქვეყნებული კვლევები საინტერესოა, ყველა მათგანი თანამედროვე აქტუალური საკითხის ანალიზს ეხება“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
სამართალმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ახალი სამეცნიერო პერიოდიკა საქართველოში საჯარო სამართლის მიმართულებით სამეცნიეროკვლევების დეფიციტის პრობლემას გადაჭრის.
„საჯარო სამართალი, სამართლის სხვა დარგებთან შედარებით, სამეცნიერო თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე ნაკლებად შესწავლილი მიმართულებაა“, – განმარტა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი ხუბუამ – „საჯარო სამართალი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად იყო იდეოლოგიზებული. ბოლო 200 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოს ფორმირება ვერ მოხერხდა, გვქონდა საჯარო სფეროში მოქმედი ნაკლოვანი სისტემა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო ამ ხარვეზების გამოსწორების პროცესი, თუმცა კვლევები კვლავ მცირე რაოდენობით ქვეყნდება. შესაბამისად, ახალი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა უმნიშვნელოვანესია საჯარო სამართლის განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება პირველ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებს, მათი წაკითხვა ერთგვარი ინტელექტუალური სიამოვნებაა. ამასთანავე, ჟურნალის კონცეფცია საშუალებას იძლევა, რომ მასში სამართლის სხვა დარგების პერსპექტივიდან დანახულ-გაანალიზებული საჯარო სამართლის აქტუალური საკითხებიც გამოქვეყნდეს“.
„გამოცდილ ავტორებთან ერთად ჩვენ გვაინტერესებს ახალი თაობის ხედვა საჯარო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. „საჯარო სამართლის ჟურნალი“ იძლევა ამის შესაძლებლობას, რადგან ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელმაც ახალი კვლევების დაწყებას მისცა ბიძგი“ – აღნიშნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა პაატა ტურავამ.
„საჯარო სამართლის ჟურნალის“ პირველ ნომერში ქართველი და უცხოელი ავტორების 6 აკადემიურ სტატიას აერთიანებს. მათ შორის არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის ბესარიონ ზოიძის კვლევა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ქართულ სამართალში არსებულ ფორმალიზმს ეხება.
„ახალ ჟურნალში არ გამოქვეყნებულა ისეთი სტატიები, რომელიც რამდენიმე თვეში ან თუნდაც კვირაში მომზადდა, მაგალითად, ჩემი სტატია ეხება პრობლემატიკას, რომელზე ფიქრი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან დავიწყე, ანუ ეს არის დიდ გამოცდილებასა და წლების განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იზრდება სამართლის მიმართულებით სამეცნიერო ჟურნალების რიცხვი. საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ერთი სამეცნიერო ჟურნალი არსებობდა, 2009-2010 წლებში თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე „სამართლის ჟურნალი“ დაფუძნდა, რომელიც დღეს უკვე საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემაა, გვაქვს ჟურნალი „კერძო სამართლის მიმოხილვა“, რამდენიმე გამოცემა სისხლის სამართლის მიმართულებით…. პარალელურად, სამართლის დარგში მიმდინარე კვლევები ახალი გამოწვევის წინაშე დგას – სამეცნიერო საქმიანობის კონტექსტში დგება სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაციის საჭიროება. ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა რამდენიმე ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რაც აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ბესარიონ ზოიძემ.
„საჯარო სამართლის ჟურნალი“ 2022 წელს დაფუძნდა და რეცენზირებადი დარეფერირებადი პერიოდული გამოცემაა. ჟურნალის რედკოლეგიის წევრები ვარაუდობენ, რომ ჟურნალი სამომავლოდ ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო გამოცემა იქნება.
„ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას ის შეფასებები და რეცენზიები გვაძლევს, რომლებიც პრეზენტაციის დროს გამოითქვა და რომლებიც არაფორმალურ გარემოში მოვისმინეთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ მეორე ნომერზე, სტატიები უკვე მიღებულია და ახალ კვლევებს საჯარო სამართალში საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ“, – აღნიშნა „საჯარო სამართლის ჟურნალის“ მთავარმა რედაქტორმა კობა ყალიჩავამ.