ვისთან აქვს საქართველოს დიდი შესაძლებლობები ვაჭრობის გასაფართოებლად?
„საქართველოს საგარეო სავაჭრო პოტენციალის კვლევა ევროკავშირის ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის კონტექსტით“ – ამ სახელწოდების კვლევამ გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა. მიზნობრივმა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსმა 2024 წლის გამარჯვებული 6 პროექტი გამოავლინა. ზემოთ აღნიშნულ წარმატებულ პროექტს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც პროექტის პრეზენტატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით სიხარულიძემ აღნიშნა, განხორციელებული კვლევის ინსპირაცია იყო 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, კვლევის მიზნად განისაზღვრა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა და კანდიდატის სტატუსის კონტექსტით ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო პოტენციალის შეფასება.
ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენის შესაფასებლად კვლევაში გამოყენებულ იქნა ე.წ. ,,გრავიტაციული მოდელი”.
„კვლევის შედეგებმა გამოკვეთა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კომპლექსური და არაერთგვაროვანი გავლენა პარტნიორი ქვეყნების მიხედვით. მოკლევადიან პერიოდში დაფიქსირდა მცირე უარყოფითი ეფექტი. გამოვლინდა ინსტიტუციური დისტანციის მნიშვნელოვანი როლი ვაჭრობაში, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ინსტიტუციური ჰარმონიზაციის აუცილებლობას. ეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მშპ-ის ზრდა, დადებითად მოქმედებს ვაჭრობაზე. სავაჭრო პოტენციალის ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები გააფართოოს ვაჭრობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი. ამავდროულად, ზოგიერთ ქვეყანასთან (მაგ., ლუქსემბურგი, მალტა) საქართველომ უკვე გადააჭარბა თავის სავაჭრო პოტენციალს. გაუმჯობესების შესაძლებლობები არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს თავისი სავაჭრო პოტენციალის განსხვავებები სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყანასთან და შეიმუშაოს მიზანმიმართული სტრატეგიები თითოეულისათვის. ეფექტიანობის გასაზრდელად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს ინსტიტუციურ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, ინვესტიციების მოზიდვას და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა დავით სიხარულიძემ.
