საბა სამუშია უკვე მეორედ გახდა გაცვლითი პროგრამების კონკურსის გამარჯვებული
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი საბა სამუშია უკვე მეორედ გახდა გაცვლითი პროგრამების კონკურსის გამარჯვებული. ჩეხეთში, პრაღის უნივერსიტეტში სწავლიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ საბა პარიზში გაემგზავრა და ამჯერად იქ გაიარა სემესტრი, თანაც ფრანგულ ენაზე. იგი გაეცნო ევროპის მიგრაციის პოლიტიკას, აზიის ქვეყნების გეოპოლიტიკას, დემოკრატიის თეორიებსა და ფრანგული ენის სიღრმისეულ გრამატიკას. კლასგარეშე აქტივობებიდან ფარიკაობაც სცადა და საბოლოოდ მრავალფეროვანი გამოცდილებით დაბრუნდა სამშობლოში.
როგორც საბა გვიყვება, საფრანგეთში სწავლა მისთვის ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული მიზანიც, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება შრომობდა. ,,ბევრი წელია, ჩემი ლოკალური საფრანგეთი მაქვს შექმნილი – ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სოფელში ვცხოვრობდი და ფრანგი თვალით ნანახიც არ მყავდა. რასაც ახლა ვგრძნობ, არის დიდი სიხარული და (გავკადნიერდები) ცოტა სიამაყეც” – გვითხრა მან. ამჟამად მასწავლებელია – უკვე წლებია ფრანგულ ენას და ისტორიას ასწავლის დაინტერესებულ ადამიანებს.
პრაღასა და პარიზში სწავლისას საბამ რამდენიმე საინტერესო ასპექტზე გაამახვილა ყურადღება – მაგალითად, მისი თქმით, შესამჩნევია სტუდენტების თავისუფლების ბევრად დიდი ხარისხი და კლასგარეშე აქტივობების ბევრად ფართო არჩევანი, ვიდრე ეს თბილისშია. თავად საბა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფარიკაობის კლუბს შეუერთდა, ასევე ხშირად ესწრებოდა თეატრალურ წარმოდგენებს, რომლის ბილეთების შეძენასაც უნივერსიტეტი უფინანსებდა.
საბას მშობლიურ და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლის გამოცდილების შედარება ვთხოვეთ, მან კი ასე გვიპასუხა. ,,ამაზე საუბარი დიდხანს შეიძლება, რადგან განათლების პოლიტიკა ძალიან მაინტერესებს და სიღრმისეულად ვცდილობდი – დავკვირვებოდი მსგავსება-განსხვავებებს. ძირითადი განსხვავება ლექცია-სემინარების წარმართვის პრინციპებშია – ფრანგული ტრადიციაა, რომ ლექციაზე მხოლოდ ლექტორი საუბრობს და სტუდენტი ყველაფერს იწერს. ინტერაქცია ნაკლებად გვქონდა პროფესორებთან, რითაც ძალიან განსხვავდებოდა ეს გამოცდილება ქართული და ჩეხური გამოცდილებისგან. განსხვავებული იყო შეფასების სისტემა და კრედიტთა გადანაწილებაც”. მისი თქმით, პრაღის უნივერსიტეტსა და პარიზის უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ეთმობოდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
,,ერასმუს +” გაცვლითი პროგრამის სიკეთეებზე საუბრისას, საბამ ხაზი გაუსვა, რომ განვითარებად სამყაროში სიახლეების ძალიან სწრაფად ათვისება მხოლოდ ქართული ენით შეუძლებელია, ამიტომ პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია მინიმუმ ინგლისურისა და კიდევ ერთი ენის ცოდნა. ,,ერასმუსი შანსია – გავეცნოთ სხვა ქვეყნების კულტურას, ტრადიციებსა და საზოგადოებას, მაგრამ, გარდა ამისა, ესაა საშუალება – დავხვეწოთ ჩვენი ენობრივი კომპეტენციები, რათა უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ საერთაშორისო ბაზარზე. ასევე, ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტია სოციალური წრის შექმნის შესაძლებლობა”, – აღნიშნა მან.
ბოლოს საბას ვკითხეთ – თუ რის გაანალიზებაში დაეხმარა განვლილი დრო ყველაზე მეტად:
,,ვიქნები ბანალურად ლაკონიური და ვიტყვი, რომ ეს დრო ,,მიწის ყივილის’’ მართებულობის დასადგენად დამეხმარა. პარიზშიც კი ჩემი სოფელი მენატრებოდა და ის ხალხი, რომელიც აქ მელოდა. სახლს განსაკუთრებით მაშინ ვაფასებთ, როცა მისგან შორს ვართ. თუმცა, რასაკვირველია, პარიზი საქართველოში ჩამოფრენის წამიდან მენატრება – ყველა ფრანკოფილმა იცის, რას ნიშნავს, გიყვარდეს საფრანგეთი… “
ნინო ჩარკვიანი, ჟურნალისტი
