ეკონომიკური ზრდის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით: ფოკუსირება ელექტრონულ საგადასახადო სერვისებზე
იტალიის ქალაქ ვარეზეში, ინსუბრიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარებულ მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან სეთურიძემ წარადგინა მოხსენება, რომელიც იკვლევს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში და რომელიც ფოკუსირებულია ელექტრონულ საგადასახადო სერვისებზე. ნაშრომის თანაავტორები არიან: დემურ სიჭინავა – პროფესორი, რუსუდან სეთურიძე – ასოცირებული პროფესორი, ნინო თოფურია – მოწვეული ლექტორი.
ინსუბრიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის (Business Systems Laboratory) მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა სახელწოდებით – „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?“
საგადასახადო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ციფრული გადაწყვეტილებები ამარტივებენ გადასახადების ამოღების პროცესს, ამცირებენ ადმინისტრაციულ დატვირთვას და ზრდიან გადასახადების გადამხდელთა შესაბამისობას. ნაშრომი კონკრეტულად იკვლევს ხელოვნური ინტელექტით ტექნოლოგიური მიღწევების გავლენას, რაც მოიცავს კვლევას იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, რომლებიც აქტიურად იყენებენ შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებულ ელექტრონულ საგადასახადო სერვისებს.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კავშირშია საგადასახადო შემოსავლებთან, რასაც ადასტურებს სამეცნიერო ნაშრომში საქართველოს ერთიანი ბიუჯეტის ანალიზი ბოლო 22 წლის განმავლობაში. ანალიზი მოიცავდა საგადასახადო შემოსავლის დინამიკას, მათ შორისაა: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, ქონების გადასახადი და იმპორტის (საბაჟო) გადასახადი.
აღნიშნული მონაცემების ანალიზი ასახავს იმ გავლენებს (ეკონომიკურ კრიზისებს, პოლიტიკურ ცვლილებებს, საგადასახადო პოლიტიკის რეფორმებსა და გლობალურ ბაზრებზე მომხდარ ცვლილებებს), რომლებიც ჰქონდათ ქვეყნის ბიუჯეტზე.
როგორც მომხსენებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან სეთურიძემ აღნიშნა. „კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია საგადასახადო ადმინისტრაციაში მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, განსაკუთრებით ისეთი პროცესების ავტომატიზაციის გზით, როგორიცაა შეცდომების გამოვლენა, რეალურ დროში მონაცემთა დამუშავება და პროგნოზული ანალიტიკა. ეს ტექნოლოგიური განვითარებები ამცირებს საგადასახადო დეკლარაციების შევსებისთვის საჭირო დროს, მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანის შეცდომების რისკი და მომხმარებლებს სთავაზობს უფრო პერსონალიზებულ და მარტივ პლატფორმას.
კვლევამ გამოავლინა, რომ ელექტრონული საგადასახადო სერვისების დანერგვა მკვეთრად უკავშირდება საგადასახადო შემოსავლების ზრდას. AI-ზე დაფუძნებული სისტემები უზრუნველყოფენ გაუმჯობესებულ მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმებს, რაც ამარტივებს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის საგადასახადო ვალდებულებების დროულ შესრულებას“, – განაცხადა ქალბატონმა რუსუდან სეთურიძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტრონული საგადასახადო სერვისების ინოვაციები ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფენ საგადასახადო შემოსავლების ეფექტიანად შეგროვებას და აძლიერებენ ნდობას ციფრული მმართველობის სისტემების მიმართ.
კვლევაში მონაწილე რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ საგადასახადო სისტემაში გაზარდა გამჭვირვალობა და ნდობა საგადასახადო ორგანოებსა და გადამხდელებს შორის. ამან შეამცირა საგადასახადო ხარჯები და შექმნა უფრო ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემო ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs).
ზემოთხსენებული სტატია გამორჩეული ნაშრომების სიაში მოხვდა და შეთავაზებულ იქნა – გაფართოებული სტატიის სახით დაიბეჭდოს Springer-ის საერთაშორისო გამოცემაში.
