რუსუდან ჭყონიას ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის – „ვენეცია“ – ჩვენება გაიმართა

თარიღი: 2025-11-21 18:33:53

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თსუ მულტიმედია ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „მეგობართა კლუბის“ ფარგლებში,  კინორეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის რუსუდან ჭყონიას ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის – „ვენეცია“ – ჩვენება გაიმართა.

ფილმი ინსპირირებულია პირადი ისტორიით, რომელიც რეჟისორს თავს გადახდა. ფილმი მძაფრად ასახავს ქართულ რეალობას – თოთხმეტი ოჯახის ამბავი „შავი იუმორით“ გადმოგცემს თითოეული პიროვნების პირად ტრაგედიას: სამშენებლო სამუშაობის  7 წლით „გაყინვის“ შემდეგ „ვენეცია რეზიდენსის“ თოთხმეტ სასოწარკვეთილ თანამფლობელს საბოლოოდ მიეცათ შენობის დასრულების შანსი. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ზედმეტია, რადგან მხოლოდ ცამეტი ბინაა დარჩენილი. ვის მოუწევს ბინის დათმობა, ვინ გახდება მსხვერპლი? – ასეთია ფილმის შინაარსი. მოქმედების განვითარება უწყვეტი კადრის მეშვეობით საკმაოდ შთამბეჭდავად არის გადაღებული… კონფლიქტი თანამფლობელთა შორის უფრო და უფრო მწვავდება… რეალური დიალოგები, მსახიობთა (გიორგი ბახუტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი ბაბლუანი, ია სუხიტაშვილი, ჯანო იზორია, თამარ ბუხნიკაშვილი) დამაჯერებელი და გამომსახველობითი შესრულება ფილმს დრამატულს ხდის. 

ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორსა და სტუდენტებს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა. რეჟისორმა ისაუბრა როგორც შინაარსობრივ, ისე ტექნიკურ დეტალებზე, იმ სირთულეებზე, რომელიც ფილმის გადაღებას თან ახლდა. „ფილმის უწყვეტი კადრით გადაღება ჩემი მხრიდან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფის დახმარებით ამის განხორციელება შესაძლებელი გახდა. მადლობელი ვარ მსახიობებისა და ოპერატორის, რომელთა დახმარებით შევძელი ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება. ჩემი ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული.  უფროსი თაობისთვის ეს ნაცნობი თემატიკაა. საინტერესო იყო  ახალგაზრდების აზრი და მიხარია, რომ მათ სწორად გაიგეს და შეაფასეს ფილმში დასმული აქცენტები“, – აღნიშნა რუსუდან ჭყონიამ.

რეჟისორთან შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი და „მეგობართა კლუბის“ დაარსების ინიციატორი მარინა სალუქვაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი მანანა შამილიშვილი და მოწვეული ლექტორი, პროდიუსერი ნათია რაჭველიშვილი.

მულტიმედია ცენტრის „მეგობართა კლუბი“ წარმოადგენს სივრცეს, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა  – შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი შეხვედრები სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.

Facebook
Twitter
LinkedIn