როლანდ თოფჩიშვილის ახლებური თვალსაზრისები ეთნოლოგიაში
ქართულ ეთნოლოგიასა და ისტორიოგრაფიაში არის სახელები, რომლებიც არა მხოლოდ კვლევის შედეგებით, არამედ ეროვნული თვითშეგნებისადმი გაწეული სამსახურით იწვევს მოწიწებას. როლანდ თოფჩიშვილი სწორედ ასეთ მეცნიერებს მიეკუთვნება. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა დღესაც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დასაყრდენს ქმნის ქართული ეთნოლოგიისთვის, ხოლო მისი კვლევები – განსაკუთრებით დვალეთის ბედის, ოსთა მიგრაციისა და ქართველთა ეთნოგენეზის შესახებ იმ სიცარიელეს ავსებს, რომელსაც ისტორიის პოლიტიზირებული ინტერპრეტაციები ტოვებს. მას ქართველთა შესახებ გაყალბებული ისტორიის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებშიც განიხილავენ, რომელიც თავისი შრომებით ამტკიცებს სიმართლეს მავანთა ცრუ არგუმენტების წინააღმდეგ.
ამჟამად თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგის პოზიციაზე მყოფი მეცნიერი ქართველთა ეთნოგენეზის შესახებ ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს. როლანდ თოფჩიშვილი, რომელსაც 71 წიგნი აქვს დაწერილი, ამ თემაზე თავის არგუმენტებს წარმოადგენს მორიგ მონოგრაფიაში.
ინტერვიუ როლანდ თოფჩიშვილთან გვაძლევს შესაძლებლობას – დავინახოთ მისი ნაშრომების არა მხოლოდ აკადემიური, არამედ მორალური და სამოქალაქო ღირებულებები. მათში ჩანს ხედვა მეცნიერისა, რომელიც ისტორიის შესწავლას ქვეყნის მომავლისადმი პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
– ბატონო როლანდ, გვიამბეთ, ადრეულ წლებზე – რატომ დაინტერესდით ისტორიით და ეთნოლოგიით?
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი 1967 წელს გავხდი. მაშინ ისტორიის ფაკულტეტზე ძალიან დიდი კონკურსი იყო. ბედგაღიმებული სტუდენტები ორ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთნი, რომლებიც რაიკომის მდივნობაზე ოცნებობდნენ და მესამე კურსიდან პარტიის ისტორიისა და მეცნიერული კომუნიზმის ჯგუფებს ირჩევდნენ და მეორენი, ვისაც სამშობლოს და ქვეყნის სიყვარული ჰქონდათ და საქართველოს ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოლოგიას ეტანებოდნენ. სტუდენტობამდე ახლო ურთიერთობა მქონდა საქართველოში ძალზედ პოპულარულ ეთნოლოგ კოტე ჩოლოყაშვილთან. მისგან ბევრი რამ გავიგე ეთნოლოგიის შესახებ, რომ ეს დარგი მრავალსაუკუნოვან ქართულ ეთნიკურ კულტურას და ეთნიკურ ისტორიას სწავლობდა. ამიტომაც მტკიცედ გადავწყვიტე ამ დარგს უფრო ახლოს გავცნობოდი და მესამე კურსიდან ეთნოლოგიის სპეცკურსი ავირჩიე. ეთნოლოგიის კათედრას კი იმ დროს აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია ხელმძღვანელობდა.
– უნივერსიტეტი და სტუდენტობა – როგორი სტუდენტობა გქონდათ, ვის გამოარჩევდით პროფესორ-მასწავლებლებს შორის?
– როგორი სტუდენტობა გვქონდა? სწვლასთან ერთად ბევრს დავდიოდით სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში. ზაფხულობით ვმონაწილეობდით არქეოლოგიურ ექსპედიციებში. არასდროს დამავიწყდება 1969 წლის ზაფხული და ერწოს არქეოლოგიური ექსპედიცია ბატონ რამინ რამიშვილის ხელმძღვანელობით. ექსპედიციის სტუმარი იყო ცნობილი არქეოლოგი გოგი ლომთათიძე. საღაამოობით იყო საუბრები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პრობლემებზე; მას ხომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილთან. ჩვენი ექსპედიციაში ყოფნა დაემთხვა ფშაველთა საერთო სალოცავის – ლაშარის ჯვრის დღესასწაულს. ბატონმა გოგიმ არა მხოლოდ ლაშარობაზე, არამედ ფშაველებისა და, საერთოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების შესახებ შესანიშნავი ლექცია წაგვიკითხა.
დაუვიწყარი იყო ბატონ გიორგი ჩიტაიას ლექციები მესამე კურსზე ჯერ საქართველოს ეთნოლოგიაში და შემდეგ კავკასიის ეთნოლოგიაში. მაგრამ ის ლექციებს უნივერსიტეტის აუდიტორიაში როდი ატარებდა – სახელმწიფო მუზეუმში ეთნოგრაფიულ გამოფენასთან, სხვადასხვა კოლექციის ფონდებში კითხულობდა. ბატონი გიორგი ჩიტაია, ცოდნასთან ერთად, სამშობლოს სიყვარულსაც გვინერგავდა. ბედმა გამიღიმა უნივერსიტეტში სპეცკურსები პროფესორ მიხეილ გეგეშიძისაგანაც მომესმინა. ამ ორმა მეცნიერმა და კიდევ სოსო ჭანტურიშვილმა გადაწყვვიტეს ჩემი მეცნიერებაში მოსვლა.
– რას შეეხებოდა თქვენი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია და ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებთ თქვენს ნაშრომებს?
– ჩემი საკანდიდატო დისერტაცია შეეხებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობის (ფშავლებისა და ხევსურების) მიგრაციის კულტურულ-ისტორიულ საკითხებს. ამ თემამ შემდეგ გზა გამიხსნა სხვა პრობლემებისაკენ, კერძოდ, ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოლოგიური შესწავლისაკენ. როგორ? მთის მოსახლეობის მიგრაციის ანალიზს ცალკეული გვარების ისტორიის შესწავლით ვახდენდი. ამ თემაზე, ფაქტობრივად, გვართა სადაურობა-წარმომავლობაზე ვაგროვებდი ეთნოგრაფიულ მასალებს. მიგრაციის პრობლემაზე მუშაობამ განაპირობა არქივში მუშაობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მე-19 საუკუნის რუსული აღწერის დავთრები. რუსები ამ აღწერებში არა მხოლოდ მიგრაციის ფაქტებს აფიქსირებდნენ, არამედ ადრინდელ გვარებსაც. არქივში მუშაობისას უცბად წავაწყდი არა მხოლოდ ქართველი მთიელების მთისწინეთსა და ბარში მიგრაციის ფაქტებს, არამედ ოსების მასობრივ მიგრაციას მე-19 საუკუნეში შიდა ქართლის მთიანეთიდან დაბლობის მიმართულებით. მასალა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან მოზრდილი ნაშრომი შემაქმნევინა, როდის მოხდა ოსების დიდი ლიახვის და პატარა ლიახვის ხეობებიდან მეჯუდას, ლეხურას, ფრონეების ხეობებში გადმოსახლება. ამან კი მიბიძგა, რომ შემესწავლა ოსთა მიგრაციის პრობლემა ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში. ოსთა მიგრაციის კვლევამ თავისთავად მოიტანა დვალეთისა და დვალების შესახებ გამოკვლევის შექმნა. გაირკვა, რომ დვალები ისეთივე ქართველი მთიელები იყვნენ, როგორც ფხოველები და თუშები, მოხევეები და მთიულ-გუდამაყრელები. სამწუხაროდ, დვალეთი ჩვენ რუსეთის იმპერიის დროს დავკარგეთ, როდესაც ის თბილისის გუბერნიის გორის მაზრას ჩამოაცილეს და თერგის ოლქს გადასცეს. სავალალოა ის, რომ მაშინ საქართველოში ამის შესახებ რეაქცია არავის ჰქონდა. დიდი ილია ამ დროს ჯერ კიდევ ასპარეზზე არ იყო გამოსული.
– ძირითადად რას შეეხება თქვენი სამეცნიერო ინტერესები დღეს?
– ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფერო ქართველთა ეთნიკური ისტორიისა და ეთნიკური კულტურის საკითხებს მოიცავს. შეიძლება ჩამოთვლაც: 1. საქართველოს მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები; 2. საქართველოს მოსახლეობის ისტორიული დემოგრაფია; 3. უცხოეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; 4. ოსთა საქართველოში მიგრაცია და ქართულ-ოსური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; 5. ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები; 6. ქართველთა ეთოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის პრობლემები; 7. ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფები; 8. კავკასიის ეთნოლოგია; 9. ეთნოსის თეორია; 10. თეორიული ეთნოლოგია; 11. თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ეთნოლოგია; 12. ქართველი ხალხის მატერიალური კულტურა; 13. ძველი თბილისის ტრადიციული ყოფა და კულტურა; 14. ქართული ეთნოლოგიის ისტორია; 15. ზოგადი ეთნოლოგია…
– თქვენ ხართ მეცნიერი, რომელიც დასაბუთებულ პასუხს სცემს ყველა ისტორიულად დამახინჯებულ ფაქტს, რაც ქართულ იდენტობას და ეთნოლოგიას შეეხება. ამ თემატიკიდან თავად რომელ ნაშრომს გამოარჩევდით?
– დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოს ისტორიისა და კულტურის დამაკნინებლები. ყველა მეზობელს გაუჩნდა პრეტენზია ქართველთა განსახლების არეალზე. რატომ? იმიტომ, რომ მათ კარგად იციან იმ დემოგრაფიული კრიზისის შესახებ, რაც დღეს ჩვენთანაა. ფიქრობენ, ეს ხალხი გაქრობისაკენ მიექანება და გაქრობისას იქნებ რაიმე ლუკმა დარჩეთ. ჩემი ნაშრომებით შევეცადე, ისტორიის ფალსიფიკატორები მემხილებინა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მთელ აღმოსავლეთ საქართველოზე აქვს პრეტენზია. იმ ქვეყანაში ამ ყალბი ისტორიის შესაქმნელად მილიონები იხარჯება, ჩვენთან კი… ღმერთის ნებით, პასუხი გავეცი ორი ისეთი დიდი და საამაყო მატერიალური კულტურის ძეგლების მიმთვისებლებს, როგორებიცაა სულგუნი და ჩოხა. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს შევძრწუნდი, როდესაც ლენინგრადში სტუდენტ ეთნოლოგთა საკავშირო კონფერენციაზე ყოფნისას შევიძინე ბ. კალოევის წიგნი „ოსები“. ეს კაცი არწმუნებდა თავის თანამოძმეებს, რომ, თურმე, სულგუნი ოსების გამონაგონია და ქართველებმა მათგან ვისწავლეთ მისი დამზადება. ამ ცრუმეცნიერულ ტრადიციას ისინი დღესაც აგრძელებენ. თურქეთში იქაურმა ქართველებმა შემომჩივლეს, რომ ჩერქეზები გვედავებიან, ჩოხა ჩვენია, თქვენი არააო (საერთოდ, ჩოხა-ახალუხი თურქეთელი ქართველების იდენტობის ერთ-ერთი გამომხატველია დღეს). მადლობა ღმერთს, ჩრდილოეთ კავკასიელთა სამოსის შესახებ მონოგრაფიული გამოკვლევა არსებობს. ჩვენს ფრესკებზე ქართველი მამაკაცები სწორედ ამ სამოსით არიან წარმოდგენილი. ამიტომ, ვისაც ოდნავი სკეპტიციზმი აქვს, ჩადით სვანეთში და მესტიაში ლაღამის ეკლესიის ფრესკა ნახეთ, რომელიც მე-13/მე-14 საუკუნის მიჯნისაა და რომელზედაც ქტიტორი შალვა ქირქიშლიანია გამოხატული. ჩერქეზები კი მე-18/მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ისევ „რეიტუზის“ მაგვარი სამოსებით იმოსებოდნენ. ეს ორი წიგნი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, აგრეთვე წიგნი ოსების ჩამოსახლების შესახებ.
ჩემი ნაშრომებიდან ძვირფასად მიმაჩნია ის 8 საუნივერსიტეტო სახელძღვანელო, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობისას შევქმენი; ესენია: „საქართველოს ეთნოლოგია“, „კავკასიის ეთნოლოგია“, „ევროპის ეთნოლოგია“, „ამერიკის ეთნოლოგია“, „ეთნოლოგიური მეცნიერების შესავალი“, „თეორიული ეთნოლოგია“, „ხალხთა მიგრაციები“, „თბილისის ეთნოლოგია“ (თ. გვიმრაძესთან თანაავტორობით). ამ სახელმძღვანელოების მიზანი იყო მომავალში ეთნოლოგიური მეცნიერების განვითარება, სტუდენტთა დაინტერესება იმ მეცნიერების მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის (და არა მხოლოდ ქართველთა) ეთნიკურ ისტორიასა და ეთნიკურ კულტურას (ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს), ეთნოსთა შორის ურთიერთობებს სწავლობს. სამწუხაროდ, მე დღეს ამ დარგის განვითრების პერსპექტივას ვეღარ ვხედავ, დაიფანტნენ იმედის მომცემი და ნიჭიერი ახალგაზრდები…
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
ამჟამად მთლიანად გადართული ვარ ქართული გვარსახელების ისტორიის კვლევაზე ანბანური რიგით. როგორც იქნა, მივიღე რუსთაველის ფონდის გრანტი და ორ კოლეგასა (ნათია ჯალაბაძე, ინგა ღუტიძე) და ახალგაზრდა დოქტორანტთან (გიორგი ვახტანგაშვილი) ერთად იწერება ქართული გვარების ისტორია. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ქართული გვარების ისტორიის წერა სამ წელიწადში შეუძლებელია. ფაქტობრივად, ახალგაზრდობის წლებში ამის საფუძველი მოვამზადე – მხედველობაში მაქვს საისტორიო საბუთებიდან ამოწერილი 18 ათასი ბარათი, 50 საერთო რვეული – ამოწერილი რუსეთის მიერ მე-19 საუკუნეში ჩატარებული აღწერებიდან. ბევრი ეთნოგრაფიული მასალა დამიგროვდა – გადმოცემები გვართა სადაურობა-წარმომავლობის შესახებ. ასე რომ, მალე ქართული გვარების ისტორიის 6-7 ტომი გვექნება. სამწუხარო ისაა, რომ ზოგიერთ გვარზე რამდენიმე გვერდი იწერება, ზოგიერთზე მხოლოდ რამდენიმე წინადადება. უფრო დამაფიქრებელი კი ისაა, რომ გამქრალი გვარები ბევრად ჭარბობს დღეს არსებულ ცოცხალ გვარებს.
ამ პროქტის დამთავრების შემდეგ უნდა დავუბრუნდე შუა გზაზე გაჩერებულ სამუშაოს, რომელიც ქართველთა ეთნოგენეზს შეეხება. ეს იქნება ახალი თვალსაზრისი. წინასწარ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს ნაშრომში გამოირიცხება ე.წ. ქართიზაციის თეორია. კიდევ, თუ თავის ქებაში არ ჩამომერთმევა, ამ პრობლემაზე მუშაობა იმან გამაბედინა, რომ ვიცი ეთნოგენეზის და ეთნიკური ისტორიის შესახებ თეორიები.
– ცოტა ხნის წინ, სხვა მეცნიერებთან ერთად, თქვენ გადმოგეცათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სიგელი „მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?
– მეცნიერი ჯილდოებზე საერთოდ არ უნდა ფიქრობდეს. ამიტომ მოულოდნელი და დამაბნეველი იყო ჩემთვის რამდენიმე წლის წინ პრემია „საგურამოს“ მინიჭება და ახლა კი ეს – განათლების სამინისტროსა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი გადაწყვეტილება. ჩემს ასაკში ასეთი ყურადღება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
– როგორია თქვენი ცხოვრების სტილი – ახერხებთ თუ არა თავისუფალი დრო ,,მოჰპაროთ“ მეცნიერებას და რით ხართ ასეთ დროს გატაცებული?
– ადამინმა მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი რამის კეთებას არ უნდა შეალიოს. რამდენი დრო წაიღო ახალგაზრდობის დროს საქართველოს მომავალზე, დამოუკიდებლობაზე ფიქრმა. ჩვენი დროის სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი ოცნება დამოუკიდებლობა და საქართველოს მომავალი იყო. სხვათა შორის, ამისაკენ ზოგიერთი ლექტორიც გვიბიძგებდა. არ დამავიწყდება ბატონი გივი ბოლოთაშვილის მიერ ლექციაზე ნათქვამი, რომ იმპერიები ასრულებენ არსებობას, არც რუსეთი იქნება გამონაკლისიო. სტუდენტობის დროინდელ თანამოაზრე მეგობარ პროფესორ დიმიტრი შველიძესთან ერთად ხშირად ვმსჯელობთ განვლილ ცხოვრებაზე, დაშვებულ შეცდომებზე…
თავისუფალ დროს სოფელ დიღომში ჩემს ბაღჩაში ფიზიკური მუშაობა მიხდებოდა. ფიზიკური მუშაობა ადამიანს არ უშლის ხელს იფიქროს მეცნიერების საკითხებზე.
– ორიოდე სიტყვა ოჯახის შესახებ ..
– მეუღლე ლუიზა (ლალი) ხითარიშვილი რომ არ მყოლოდა გვერდზე, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. მისთვის არ არსებობდა და არ არსებობს რაიმე ისეთი მოთხოვნა, რაც მეცნიერულ საქმიანობას შემიფერხებდა. მამარაგებდა და მამარაგებს სამეცნიერო ლიტერატურით. მყავს ორი შვილი: ვაჟი – რევაზი – წარმატებული ადვოკატია, ქალიშვილი – თამთა – იურისტი, საქართველოს ბანკის თანამშრომელი. რევაზი და თამთა ექსპედიციებში ხშირად დამყავდა, თამთა ახლაც დამყავს; ამან, ბუნებრივია, გაუძლიერა საქართველოს სიყვარული. დღეს მას ერთგვარად „დასჯილი“ ვყავარ იმით, რომ დღეში რამდენჯერმე უნდა მკითხოს – „როგორ ხარ?“. მყავს ორი შვილიშვილი ანასტასია და ანდრია თოფჩიშვილები.
– რას ეტყოდით ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას?..
– დამატებით ვიტყვი ერთ რამეს, მაგრამ ვინ შეისმენს? ქვეყანა დაიცალა. სოფლებში ახალგაზრდობა აღარაა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება. რამდენიმე წელიწადში საკუთარ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ვინც დარჩა, ვთხოვ, ნუ გაუდგებით სხვების გზას. ჩვენმა წინაპრებმა იარაღით დაიცვეს ეს ქვეყანა და მართალია, მთლიანად არა, მაგრამ ის მაინც შეგვინარჩუნეს. ნუ დავკარგავთ იარაღით აქამდე მოტანილს.
კიდევ ერთი: ჩემს სტუდენტებს წლების განმავლობაში ვეუბნებოდი – ვინც ეკლესიაში დადიხართ სალოცავად, ღმერთს და წმინდანებს ჯერ საქართველოს და ქართველი ხალხის გადარჩენა და სიკეთე შესთხოვეთ და მერე საკუთარი თავის.
დღესაც ამას ვეტყვი ყველა ქართველს…
