როკ-მუსიკა აკადემიური კვლევის ობიექტივში

თარიღი: 2023-12-06 12:36:38

„როკი საპროსტესტო მუსიკაა ყველა იმ შეზღუდვის წინააღმდეგ, რასაც ადამიანები ამა თუ იმ სისტემის მარწუხებში გრძნობენ“,  – ამბობს მარიამ ნოზაძე, რომელმაც როკ-მუსიკის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების კვლევა ბაკალავრიატის საფეხურზე დაიწყო, შეისწავლა საქართველოში 1960-1970-იან წლებში არსებული ვითარება და ამ დროისთვის XX საუკუნის 80-90-იანი წლების პერიოდს იკვლევს.

„ჩემი მიზანია, ზოგადად, ალტერნატიული მუსიკის და არამხოლოდ – როკ-მუსიკის სოციალური გავლენის შესწავლა  საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოში“, – აზუსტებს მარიამი – „მნიშვნელოვანია დეტალები – როგორ შემოვიდა ეს ჟანრი საბჭოთა ცენზურის პირობებში, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც უსმენდნენ და ქმნიდნენ ახალ ჟანრს? რატომ ქმნიდნენ ისეთ მუსიკას, რომელიც მძიმე მოსასმენია და რომელსაც, მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი მსმენელი გამოუჩნდა?“

მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე საქართველოს უახლესი ისტორიის სპეციალობით სწავლობს. იგი კვლევას „როკი საქართველოში 1980-1990-იან წლებში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი გრანტის ფარგლებში განახორციელებს. ახალი კვლევა მისი საბაკალავრო ნაშრომის თემატური გაგრძელება იქნება.

„საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობისას ქართული როკ-ჯგუფების წევრებთან ინტერვიუები ჩავწერე. ასევე მიმოვიხილე დასავლეთში კლასიკური როკის ეპოქის პერიოდი და თუ როგორ ახერხებდნენ „რკინის ფარდის“ მიუხედავად ქართველი მუსიკოსები უცხოური მუსიკის მოსმენას. საკმაოდ საინტერესო დეტალები გამოვლინდა: დაბლოკილ რადიო სიხშირეებს დიდი ძალისხმევის შედეგად იჭერდნენ, დასავლეთში წასულ ადამიანებს (სუხიშვილები, სპორტსმენები, დიპლომატები, თანამდებობის პირები) ჩუმად ჩამოჰქონდათ არალეგალური ლიტერატურა, ჟურნალები, ვინილის ფირფიტები, კასეტები და მოგვიანებით, ვიდეოკასეტებიც. ჩუმად იკრიბებოდნენ სხვადასხვა ახალგაზრდულ კლუბებში, სადაც ერთიანდებოდა სხვადასხვა ინტერესი: მხატვრული კითხვის, თეატრის, ცეკვის, მუსიკის… სწორედ ამგვარ კლუბებში უკრავდნენ ჩუმად საკუთარ სიმღერებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილარმონიაში ხშირად ატარებდნენ ლექცია-კონცერტებს, მაგალითად, ლექციას ატარებდნენ ბლუზზე,  ყვებოდნენ შელამაზებულ ისტორიას ამერიკაში მონების ჩაგვრაზე და საუბრის დროს „ბლუზ მობილ ბენდი“ გამოდიოდა სცენაზე, რომ მსმენლისთვის ეჩვენებინა – აი, ამ მუსიკაზეა საუბარიო. ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში პოლონური და იუგოსლავური ესტრადა, რომელსაც ჩამოჰქონდა ის მუსიკა, რასაც, მაგალითად, The Rolling Stones, The Animals უკრავდა. საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდებში ამ მუსიკისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო ხელისუფლება ხელს უწყობდა ოფიციალური პოპულარული მუსიკის განვითარებას, თუმცა მათ როკთან საერთო მხოლოდ ინსტრუმენტები ჰქონდათ. სსრკ-ში იყვნენ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები, რომლებიც ზოგჯერ უნებართვოდ ასრულებდნენ უცხოელ შემსრულებელთა სიმღერებს, მათ ნამდვილ ავტორებს არ უთითებდნენ, ხან ტექსტის შინაარსს ცვლიდნენ და არუსულებდნენ. პლაგიატის მაგალითი არაერთია დასავლეთშიც, მაგრამ შესაძლებელია ქართველ შემსრულებლებს თავიანთ სიმღერებში ეს კომპოზიციები სპეციალურად შეჰქონდათ, ავტორის მითითების გარეშე, რადგან თუ სხვაგვარად მოხდებოდა, საბჭოთა ცენზურა არ მისცემდა მათი შესრულების საშუალებას.

ქართველი როკ-მუსიკოსები როგორც საბჭოთა სისტემის, ისე საზოგადოების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ – მუქარა, თმაზე ცეცხლის წაკიდება, თმის შეჭრა… მიუხედავად ამისა, ქართული როკ-მუსიკა მაინც იქმნებოდა, რადგან მისი მიზანი საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლება იყო, მსმენელები კი ის ახალგაზრდები იყვნენ, ვის შინაგან პროტესტსაც სწორედ აგრესიული, მძიმე მუსიკა პასუხობდა“, – განმარტავს მარიამი და მოჰყავს ჯგუფ „ბერმუხას“ დამაარსებლისა და ლიდერის ბაჩი ქიტიაშვილის სიტყვები, როდესაც ბაჩი ამბობს, რომ მათ კონცერტებზე მუსიკოსები თავისუფლებას თესავდნენ.

კითხვას – ზუსტად რა ვითარება იყო გარდამავალ პერიოდში – საბჭოთა კავშირის დაშლამდე და დაშლის შემდეგ? – პასუხი მიმდინარე კვლევის შედეგად გაეცემა.

„ვიცით, რომ შეზღუდვები მაინც იყო“, – ამბობს მარიამი – „მაგალითად, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერას „შენ აფრენ“ პარლამენტში განხილვა მოჰყვა, პრობლემები რობი კუხინიძესაც ჰქონდა, რომლისგანაც „აუტსაიდერის“ სიმღერებიდან უცენზურო სიტყვების ტექსტიდან ამოღებას მოითხოვდნენ, ასეთი საინტერესო ფაქტები ბევრია… ასევე იყო პოლიტიკური სააგიტაციო სიმღერების ბუმი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზოგადად ალტერნატიულ მუსიკაში მიმდინარე თემატური ცვლილებებიც ვიკვლიო. მომდევნო ეტაპი კი უშუალოდ სიმღერების ტექსტების ანალიზი იქნება. საინტერესოა იმ სიმღერების კვლევაც, რომელიც ონლაინ პლატფორმებზე არ დევს და არქივებშია შენახული.“

მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად მარიამ ნოზაძე სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N 6 საჯარო სკოლაში ორ საგანს – „მე და საზოგადოება“ და „სამოქალაქო განათლებას“ ასწავლის.

„ძალიან მომწონს ჩემი საქმე, მოსწავლეებთან ურთიერთობა და ცოდნის გაზიარება. მინდა, რომ ისეთ აქტიურ, თავისუფალ  მოქალაქეებად აღიზარდონ, რომლებმაც ადამიანების პატივისცემა და თანადგომა იციან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“ – ამბობს მარიამი.

Facebook
Twitter
LinkedIn