როინ მეტრეველის მილოცვა თსუ-ს გაზეთს 96 წლისთავზე
თსუ-ს გაზეთს ,,თბილისის უნივერსიტეტი“ დეკემბერში 96 წელი შეუსრულდა. იმის მიუხედავად, რომ გაზეთის რედაქციისთვის 2023 წელი საიუბილეო წელი არ არის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, წლების მანძილზე თსუ-ს ყოფილმა რექტორმა და გაზეთის დიდმა გულშემატკივარმა როინ მეტრეველმა მილოცვა გამოგვიგზავნა. ბატონი როინი სტუდენტობის პერიოდიდან წერდა და აქვეყნებდა მასალებს უნივერსიტეტის გაზეთში და, როგორც ისტორიკოსი, მისით დღემდე ინტერესდება.
,,უნივერსიტეტის გაზეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გაზეთი არა მარტო აშუქებს საუნივერსიტეტო ცხოვრებას, არამედ ახალისებს მას და პერსპექტივას უსახავს. ამას აკეთებდა რედაქცია ყოველთვის და დღესაც აგრძელებს ტრადიციებს. მე დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს გაზეთს. ამისთვის მადლობა მინდა გითხრათ, რომ უამრავი საინტერესო პრობლემაა გაზეთში წამოწეული. ახლა გაზეთის ფურცლებზე ჩვენ ფართო გზა მივეცით სტუდენტებს. დღესაც ვხედავ ამა თუ იმ სტუდენტზე სტატიას, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
ერთი სიტყვით, მინდა ვთქვა, რომ გაზეთი, რომელსაც 96 წელი შეუსრულდა, ეს არის მნიშვნელოვანი ორგანო, პირველ რიგში, უნივერსიტეტის ისტორიისათვის და ქვეყნის ისტორიისათვისაც.
ეს არის წყარო საქართველოს პირველი უნივერსიტეტის ისტორიისა. მე მაქვს დაწერილი უნივერსიტეტის ისტორია, რომლის სახელწოდებაა „ტაძარი“. წიგნის დაწერისას ვისარგებლე არა მარტო უნივერსიტეტის გაზეთით, არამედ იმ ალმანახებით, იმ ათასგვარი წყაროთი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ, ამ გაზეთს უდიდეს მისიას ვუკავშირებ, როგორც ისტორიკოსი და მეცნიერი“, – გვწერს აკადემიკოსი როინ მეტრეველი.