როინ მეტრეველი: ივანე ჯავახიშვილმა ახალი ქართული ისტორიოგრაფიის გუთნისდედის როლი შეასრულა

თარიღი: 2026-05-01 20:40:56

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ამჟამინდელ პრეზიდენტს, აკადემიკოსს, ისტორიკოს როინ მეტრეველს დღევანდელ საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სკოლის ყველაზე დიდ წარმომადგენლად და ამ სკოლის აღიარებულ ლიდერად მოიაზრებენ.   ,,ვისაც კი ივანე ჯავახიშვილის სკოლის ბედი აინტერესებს, ყოველთვის კონსულტაციებს გადის როინ მეტრეველთან“, – ამბობენ ისტორიკოსები. სიახლე, რაც როინ მეტრეველის მოღვაწეობის ბოლო პერიოდის კულმინაციაა, უკავშირდება მისი თაოსნობით ისტორიკოსთა ჯგუფის მიერ დაწერილ ფუნდამენტურ ნაშრომს  – ,,საქართველო მე-20 საუკუნეში“, რომელიც, სავარაუდოდ, 2026 წლის ზაფხულში გამოიცემა. თანამედროვე ისტორიაზე მომუშავე ისტორიკოსთა და უახლესი პერიოდის სპეციალისტთა ობიექტურობის დეფიციტზე საუბარი როინ მეტრეველისთვის სამომავლო განსჯის თემაა, თუმცა ის აღიარებს, რომ მეოცე საუკუნეში ჩანს ეპოქის კონიუნქტურები: ,,ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ისტორიის ობიექტური წარმოჩენა. რამდენიმე რთული რევოლუცია გავიარეთ, გამოსვლები, ეროვნული მოძრაობები – ყველაფერ ამას ახალი, მაგრამ ობიექტური შეფასება სჭირდება“, – ამბობს ისტორიული მეცნიერების ორგანიზატორად მიჩნეული ისტორიკოსი ახალ ნაშრომთან დაკავშირებით.

როგორ ეხმაურება აკადემიკოსი როინ მეტრეველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ იუბილეს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავის აღსანიშნავია? იგი, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე პრობლემაზე, რაც ისტორიის მიუკერძოებლად წარმოჩენასა და დაწერას უკავშირდება. დღევანდელ საქართველოში ეს პრობლემა ისევე აქტუალურია, როგორც ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის პერიოდში. სწორედ დიდი ივანეს შეგონებებს მომავალი ისტორიკოსებისთვის იხსენებს აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, რომელიც თავს ვალდებულად თვლის – დააკვირდეს და შეაფასოს დღევანდელი პროცესები ივანე ჯავახიშვილის გადმოსახედიდანაც.

  • რა ღვაწლი აქვს ივანე ჯავახიშვილს ისტორიოგრაფიაში? ალბათ, მომავალ თაობას, უკეთ უნდა განვუმარტოთ მეცნიერის მოღვაწეობის მთავარი პრინციპები ამ სფეროში… სხვას ვის, თუ არა თქვენ უნდა გკითხოთ – რას გამოყოფდა ისტორიკოსის მთავარ მრწამსად ივანე ჯავახიშვილი?
  • ივანე ჯავახიშვილი – ეს იყო პიროვნება, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდანვე თავდაუზოგავი მეცნიერული შრომითა და საზოგადოებრივი საქმიანობით მტკიცე ბურჯად შეეგება ილია ჭავჭავაძის მიერ დაწყებულ საქმეს ერის კულტურული ცხოვრების წინსვლისათვის. XX საუკუნის დასაწყისში, ახალგაზრდა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა მართებულად განჭვრიტა, რომ ისტორიის, როგორც მეცნიერების დარგის, წინაშე ახალი, მეტად მნიშვნელოვანი ამოცანები იდგა. ბევრი რამ გადასინჯვას, ახლებურად შესწავლასა და შეფასებას საჭიროებდა. ჭეშმარიტი, ნამდვილი მეცნიერული ისტორიის შექმნა უწინარესად მყარ ნიადაგს მოითხოვდა, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო მაშინდელი თავადაზნაურული ინტელიგენციის იდეოლოგიური არსენალის, ე.წ. „მამულიშვილური ზნეობისაგან“ განწმენდით. ივანე ჯავახიშვილმა, როგორც ჭეშმარიტმა მამულიშვილმა, აირჩია ერთადერთი სწორი გზა, გზა სიმართლის თქმისა და ანტიმეცნიერულ, ყალბ შეხედულებებს საქართველოს ისტორიაზე კრიტიკის ქარცეცხლი მიაგება. ივანე ჯავახიშვილმა ხმამაღლა განაცხადა: „ქართველმა ისტორიკოსმა პირუთვნელად უნდა შეისწავლოს თავისი ერის წარსული, პირუთვნელად უნდა წარმოუდგინოს თავისი სამშობლოს წარსული თანამემამულეებსაც და უცხოელებსაც, რადგან მას არ უნდა დაავიწყდეს – რა დიდი ღვაწლიც უნდა მიუძღოდეს პიროვნებას წარსულში, თუ იგი აწმყოში არას წარმოადგენს, ბრწყინვალე წარსული ვერას უშველის“. ივანე ჯავახიშვილს თავის მრავალმხრივ და საოცრად მასშტაბურ შემოქმედებაში არასდროს უღალატია მეცნიერული კვლევის ერთხელ შემუშავებული პრინციპებისათვის. ივანე ჯავახიშვილი ხარბად დაეწაფა ილია ჭავჭავაძისა და XIX საუკუნის სხვა საზოგადო მოღვაწეთა მემკვიდრეობას, მათ ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებს. იგი ჭეშმარიტად სულიერი თანამოაზრე იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც მოღვაწისა და მამულიშვილის. ილიას მრავლისმომცველი საქმიანობა, კერძოდ კი, ისტორიული კონცეფცია, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა და დიდ როლს ასრულებდა ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში. „ჭეშმარიტი მეისტორიე, ვითარცა გამკითხველი, ჯერ იმ დროების ქერქში უნდა ჩაჯდეს და მერე განიკითხოს თვით დროების შვილნიცა“ – ილია ჭავჭავაძის ეს მოსაზრება, აგრეთვე, მისი მოთხოვნა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი წარსულის ეკონომიკური საფუძვლების გამოკვლევის შესახებ ივანე ჯავახიშვილს იმ დროს მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნდა.
  • რა არის იმ პრობლემების ნუსხა, რომელიც დიდმა მეცნიერმა ცოდნის ჩარჩოებში მოაქცია და დაუტოვა საზოგადოებას?
  • უაღრესად რთულსა და მძიმე პირობებში არგუნა ბედმა ივანე ჯავახიშვილს მოღვაწეობის დაწყება. საქართველოს ისტორიის არც ერთი სამეცნიერო დარგი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. იყო მხოლოდ მარი ფელისიტე ბროსეს, დიმიტრი ბაქრაძის, თედო ჟორდანიას, ექვთიმე თაყაიშვილისა და მოსე ჯანაშვილის ნაშრომები საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზე. საქართველოს ისტორიის არსებითი, სისტემატიზებული გამოკვლევა მთლიანად ერთ ადამიანს დააწვა მხრებზე… ივანე ჯავახიშვილი გზის გამკაფველი გამოდგა, მან ახალი ქართული ისტორიოგრაფიის გუთნისდედის როლი შეასრულა, ცალ უღელში მყოფი ეწეოდა მეცნიერული კვლევა-ძიების ჭაპანს. „ჩემდა საუბედუროდ, – წერდა მოგვიანებით ივანე ჯავახიშვილი, – შრომისა და მძიმე ტვირთის გამნაწილებელი არავინ მყოლია და მოუცლელობის გამო ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი, რომ ერთხელ დაწერილის შემოწმებისათვისაც კი დრო არ მქონია“. ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამაც, რომელიც 1907 წელს შეიქმნა ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით. ივანე ჯავახიშვილი აქტიურად ჩაება საზოგადოების მუშაობაში. იგი 1921 წლიდან, ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ამ საზოგადოებას და ათი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. ჭეშმარიტად არსებითი ხასიათისა იყო ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებები კონსერვატორიის მოწყობის შესახებ. მეცნიერმა თავისი დიდი მზრუნველობა ქართული მუსიკალური განათლებისადმი პრაქტიკულ წინადადებებში გამოხატა, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს კონსერვატორიის შემდგომ საქმიანობაში. ივანე ჯავახიშვილის გიგანტური შრომის ნაყოფია ქართული ერის ისტორია, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ქართული სამართლის ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, მეტროლოგიის, ნუმიზმატიკის, მუსიკის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, სომხური საისტორიო მწერლობის, სამშენებლო საქმისა და საერთოდ მატერიალური კულტურის ისტორიის საკითხები. აი, არასრული ნუსხა იმ პრობლემებისა, რომლებიც დიდმა მეცნიერმა ცოდნის ჩარჩოებში მოაქცია და მისცა საზოგადოებას.
  • თქვენ, როგორც ქართული ენციკლოპედიის 12-ტომეულის გამოცემის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კარგად იცით – რა შრომა სჭირდება ერისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ენციკლოპედიის შექმნას. ამ მიმართულებითაც არის ცნობილი ივანე ჯავახიშვილის საქმიანობა და საინტერესოა – რას გვეტყვით ახალს?
  • ზოგისთვის სიახლე არ არის, მაგრამ ახალგაზრდებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ ივანე ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ენციკლოპედიის“ შექმნაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში. სამწუხაროდ, ენციკლოპედია მაშინ ვერ გამოიცა. შემორჩენილი საარქივო მასალა ნათლად გვიჩვენებს ივანე ჯავახიშვილის როლს ენციკლოპედიის გამოცემის განხორციელების საქმიანობაში. ივანე ჯავახიშვილი სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო; იყო ავტორი სტატიებისა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. პირველი ტომისათვის მზად იყო სტატიები – „ანბანი“, „ანდრია მოციქული“ და სხვ. აღსანიშნავია ამ სტატიების მაღალი დონე და არ არის შემთხვევითი, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოცემულ ენციკლოპედიაში ივანე ჯავახიშვილის ეს სტატიები კიდეც იხილა მკითხველმა.
  • საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ გალაშქრება არგუმენტებითა და ფაქტებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია. როგორ უმკლავდება ამ პრობლემას დღეს ისტორიკოსთა ჯგუფი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ზოგადად?
  • მეცნიერების ახალი დონე საქართველოში ივანე ჯავახიშვილით იწყება. ივანე ჯავახიშვილს, როგორც აღვნიშნე, მიაჩნდა, რომ ისტორიული ფაქტების განდიდება არ იყო სწორი, რომ უნდა დაიწეროს ობიექტური, ჭეშმარიტი ისტორია. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ პრობლემას, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ ამ გამყალბებლებს. ნაწილი ქართველია, ზოგი კი უცხოელი. ამ ბოლო დროს პრობლემები გვაქვს აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ ყველაფერი კეთდება ქართულ ისტორიოგრაფიაში, რათა ყველა საკითხზე იყოს პასუხი გაცემული. პუტინი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გამოვიდა იმისათვის, რომ დაესაბუთებინა რუსეთის დუმის მიერ ,,სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს იყო რუსეთის დიდი შეცდომა, ამის საფუძველი არ არსებობდა. პუტინმა დაიწყო ისტორიაში შემოჭრა. მან ეთერში გამოსვლისას ჩათვალა, რომ ,,სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი ყოველთვის დამოუკიდებლები იყვნენ. პუტინს ყველაფერზე შესაბამისი და დასაბუთებული პასუხი გაეცა. მოარული ინფორმაცია მაქვს, რომ რუსეთის საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჩემი შენიშვნები მიიღო.
  • ისტორიკოსები ძალიან ბევრს მუშაობენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ აკადემიის ეგიდით და ჩვენი ისტორიკოსების მონაწილეობით შეიქმნა „ქართული დიპლომატიის ისტორია“. ასევე, დაიწერა „კავკასიის ისტორია“, რომლის ორი ტომი გამოიცა. მასში განხილულია კავკასიის როლი და ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა უძველესი დროიდან დღემდე. ხორციელდება ასევე ხუთწლიანი პროექტი – ,,იტალია-საქართველო“, რომელიც მიზნად ისახავს ვატიკანის, პალერმოს, მილანის, გენუას, ნეაპოლის და სხვა არქივებში დაცული საქართველოს ისტორიისთვის საინტერესო მასალების შესწავლას. ამასთან ერთად, არაერთი დოკუმენტი ჯერ კიდევ ელის დღის სინათლეს. მათ მოძიებას, შესწავლასა და მეცნიერულ წრებრუნვაში შემოტანას შეუძლია ნათელი მოჰფინოს საქართველოს ისტორიისთვის დღემდე მრავალ ბუნდოვან საკითხს, მათ შორის, მე-XV-XVIII საუკუნეებში საქართველოს სამეფო სამთავროებისა და ეკლესიის, რომის პაპებისა და საქართველოსთან დასავლეთ ევროპის  სახელმწიფოთა პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობას, იმდროინდელ საქართველოში არსებულ რელიგიურ-კულტურულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ეთნიკურ მდგომარეობას. სასიხარულოა, რომ თანამედროვე პირობებში შესაძლებელი გახდა იტალიის წიგნსაცავებით, მათ შორის, ვატიკანის ბიბლიოთეკით სარგებლობა. ამის თაობაზე ვრცელი მოხსენება მოვისმინეთ აკადემიკოს ვალერი ასათიანისგან მისი ვატიკანის ბიბლიოთეკაში სამეცნიერო მივლინების შემდეგ. კვლევების შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, რომელიც სათანადო კანონით ახორციელებს საქართველოში მეცნიერული საქმიანობის კოორდინაციას. ამ დოკუმენტებზე მუშაობა დღევანდელი ისტორიკოსების საქმეა და ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს – სიცრუეზე გაიმარჯვოს და ღირსეულად წარმოჩნდეს ქართული ისტორიოგრაფია.
Facebook
Twitter
LinkedIn