კონფერენციები, რომლებიც რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა

თარიღი: 2025-06-13 13:11:22

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამეცნიერო კონფერენციას –  „ბერძნულ‑რომაული ფილოლოგიის აქტუალური საკითხები“, რომელიც მიეძღვნა   თსუ-ს ემერიტუს პროფესორის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, ცნობილი ქართველი ელინისტისა და აკადემიკოსის რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. კონფერენცია კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მასში 30-მდე მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც იმუშავეს შემდეგ სექციებში: კლასიკური ფილოლოგიის აქტუალური საკითხები, ბიზანტინისტიკის აქტუალური საკითხები, ნეოგრეცისტიკის აქტუალური საკითხები, ანტიკურობის რეცეფცია მსოფლიო კულტურაში, ბერძნულიდან ქართულად თარგმნის აქტუალური საკითხები.

კონფერენციის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილს წარმოადგენდა საგანგებო მილოცვები – სიტყვები, რომლებიც ერთდროულად იყო სამეცნიერო შეფასება და ადამიანური მადლიერების გამოხატულება.

ღონისძიება გახსნა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირინე დარჩიამ. მისი თქმით, 9 ივნისი, უკვე წლებია, მეცნიერების დღესასწაულად იქცა, რომელიც ახალგაზრდა თაობებს აზიარებს რისმაგ გორდეზიანის ხედვას და მის წვლილს მეცნიერების ისტორიაში: „დღეს  ჩვენი უძვირფასესი მასწავლებლის, ცნობილი ელენისტის, დიდი საერთაშორისო აღიარების მქონე ჰუმანიტარის, თსუ-ს ემერიტუსი პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქსონიის გფრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრის, ბათუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, აკადემიკოსის, 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 28 წიგნის ავტორის რისმაგ გორდეზიანის  დაბადების დღეა. იგი  ენციკლოპედიის  – „ანტიკური კავკასია” – მთავარი რედაქტორი და  საერთაშორისო ჟურნალის „Phasis“ მთავარი რედაქტორია. ბატონი რისმაგი 100-მდე წიგნისა და მონოგრაფიის რედაქტორია ელინოლოგიის სფეროში. ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბატონ  რისმაგს გაუკეთებია გარდა სამეცნიერო  ღვაწლისა და პედაგოგიური საქმიანობისა, არის  თსუ-ს  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელიც   დიდი მეცნიერის  იდეის გაგრძელებაა. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ“, – განაცხადა  თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თსუ-ს  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ  ირინე დარჩიამ, რომელმაც აღნიშნა,  რომ წელს იუბილე აღინიშნება ორი კონფერენციით – სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციით: „ანტიკურობის თანამედროვეობა“ და  სამეცნიერო კონფერენციით: „ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის  აქტუალური საკითხები“.   

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია,რომელმაც ასე მიმართა იუბილარს:  „გულითადად გილოცავთ 85 წლის იუბილეს, გამორჩეულ თარიღს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას – ღირსეულად შევაფასოთ თქვენი ბრწყინვალე  აკადემიური გზა და წვლილი ქართული ჰუმანიტარული აზრისა და საგანმანათლებლო კულტურის განვითარებაში.  85 წელი მხოლოდ დროის ნიშნული არ არის – ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც თქვენივე სიცოცხლის განმავლობაში იქცა საფუძვლად არაერთი კვლევისა და ახალი აღმოჩენისა. ეს არის გრძელი გზა, რომელიც ღირსეულად განვლეთ  როგორც უნივერსიტეტელმა, ქართული მეცნიერული სკოლის უდიდესმა წარმომადგენელმა და ეროვნული კულტურული იდეების დამცველმა. თსუ-ს აუდიტორიებში არაერთმა თაობამ არა მხოლოდ შეისწავლა თქვენგან ბერძნულ-რომაული სამყარო, არამედ დაეუფლა კიდეც კრიტიკული აზროვნების, აკადემიური პატიოსნების და სიღრმისეული კვლევის კულტურას“.

თსუ-ს  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის  ხელმძღვანელმა   ლევან გიგინეიშვილმა  დიდი პატივისცემითა და სითბოთი ისაუბრა რისმაგ გორდეზიანის  პედაგოგიურ ხიბლზე, რაც ახალგაზრდა მეცნიერის შთაგონებად იქცა: „თქვენ არა მარტო  საუკეთესო გზამკვლევის კულტურასა და  ფასეულობებს ფლობთ, არამედ თქვენ შეგიძლიათ ის საუცხოოდ გადასცეთ  ახალგაზრდებს. თქვენი დიდი დამსახურებაა – ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში  დაგეარსებინათ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და  არა მარტო შეგენარჩუნებინათ ის,  არამედ მის  განვითარებაზეც გეზრუნათ.  თქვენ არა მარტო ბევრი ადამინის ბედი, არამედ ჩემი ბედიც განსაზღვრეთ. თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობა, ღვაწლი და  პედაგოგიური საქმიანობა უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა!“ – აღნიშნა  ლევან გიგინეიშვილმა.

თსუ-ს ემერიტუს პროფესორს იუბილე მიულოცეს მისმა საერთაშორისო კოლეგებმა. ერთ-ერთი პირველი, ვისი მილოცვაც ღონისძიებაზე გახმიანდა, იყო პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  საქართველოში (დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ) ტასოს კრიეკუკისი. მას დიდი წვლილი მიუძღვის  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის  დაფუძნებაში და ყოველთვის მხარში ედგა ინსტიტუტის დაარსების ორგანიზატორებს.  

„ჩვენ გვქონდა ოცდაათწლიანი ლამაზი მოგონებები და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რომ ბერძნული კულტურის ძლიერი და ნათელი არსებობა განმტკიცებულიყო საქართველოში. ინსტიტუტის დაარსება არ იყო მარტივი ნაბიჯი. ეს იყო რთული პერიოდი ქვეყნისთვის. და მაინც, თქვენ ახერხებდით ამ დროსაც მტკიცედ გჭეროდათ  გეზი სწორი მიმართულებით. თქვენ შექმენით სივრცე, სადაც თაობები დღესაც აგრძელებენ ბერძნული და ქართული კულტურის კვლევას“. მისი სიტყვები გააგრძელა საბერძნეთის ელჩმა საქართველოში ქალბატონმა მარია თეოდორუმ, რომელმაც პირადად მიმართა იუბილარს: „მე შევეხები თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას – კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსებას. ეს პროექტი, რომელიც საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში დაიწყო, თითქმის შეუძლებელი და განუხორციელებელი ჩანდა, მაგრამ ის თქვენს აკადემიურ სიმაღლეს, ბერძნული კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ თქვენს სიყვარულს დაეფუძნა. 30 წლის შემდეგ, თქვენი დაუღალავი ძალისხმევის შედეგად, ინსტიტუტი კარგად  ცნობილი და პრესტიჟული აკადემიური ინსტიტუციაა, რომელიც ბერძნულ ენასა და სულს საქართველოში ცოცხლად ინარჩუნებს“.

გერმანული სამეცნიერო წრეების სახელით რისმაგ გორდეზიანს იუბილე   ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა ტასილო შმიტმა მიულოცა, რომელმაც ისაუბრა მასზე, არა მხოლოდ როგორც მეცნიერზე, არამედ როგორც ორი ქვეყნის კულტურული ხიდის არქიტექტორსა და მშენებელზე: „მისი სახელი – რისმაგი – ანტიკური კავკასიის სახელია. ეს თითქოს წინასწარმეტყველური ქადაგებაა იმ გზისა, რომელიც  გაიარა.    მან ადრევე გადაწყვიტა, რომ თავისი ცხოვრება კულტურებისა და ცივილიზაციების შესწავლისათვის მიეძღვნა. ათწლეულების მანძილზე მან შთამბეჭდავი მემკვიდრეობა შექმნა, რომელიც თანამედროვე კვლევის ყველაზე აქტუალურ საკითხებს ეძღვნება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის საკითხები, რომლებიც კავკასიაში ბერძნულ-რომაულ მემკვიდრეობას ეხმიანება და კავკასიას, როგორც ანტიკური კოინეს ნაწილს, იკვლევს, შეისწავლის და აანალიზებს. რისმაგი ყოველთვის იყო ის ადამიანი, რომელიც მუდამ რჩებოდა მჭიდრო კონტაქტში, რომელიც მუდამ სტუმრობდა იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის კვლევით ცენტრებს და ეს კავშირები ყველაზე რთულ დროშიც კი შეინარჩუნა“, – განაცხადა ტასილო შმიტმა.

მნიშვნელოვანი იყო თსუ-ს მეცნიერების – ელგუჯა ხინთიბიძის, რევაზ გაჩეჩილაძისა და  ვალერი ასათიანის შეფასებები იუბილარზე, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რისმაგ გორდეზიანის მიერ დაარსებული ინსტიტუტიგადაიქცა არა მხოლოდ კვლევით ცენტრად, არამედ საგანმანათლებლო აკადემიადაც, სადაც მომზადდა თაობები.

კონფერენციაზე ინსტიტუტის ყოფილი და ამჟამინდელი სტუდენტების სახელით სიტყვით გამოვიდა ალექსანდრე თავბერიძე, რომელმაც აღნიშნა:
„ჩვენი ინსტიტუტი რისმაგ გორდეზიანის ინტელექტუალურ, პიროვნულ და პედაგოგიურ მემკვიდრეობაზე დგას. ჩვენ ვსწავლობთ სახელმძღვანელოებით, რომელთა ავტორი ან თანაავტორი ბატონი რისმაგია. ყველა ჩვენგანი მის მიერ საფუძველჩაყრილი ტრადიციების გამგრძელებლად ვთვლით თავს“.

Facebook
Twitter
LinkedIn