Κλέος ἄφθιτον („წარუვალი სახელი“) – რისმაგ გორდეზიანი

თარიღი: 2026-09-28 18:09:29

ერთი წლის წინ გარდაიცვალა ბატონი რისმაგ გორდეზიანი – ანტიკური  კულტურის  სახელგანთქმული მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და  საქსონიის აკადემიის წევრი. იგი იყო 400-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 30-ზე მეტი მონოგრაფიის, 150 სამეცნიერო წერილისა  და  200-მდე საენციკლოპედიო სტატიის ავტორი. ამ სახელს კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის ჰუმანიტარული საზოგადოება, ასევე საერთაშორისო კლასიკური ფილოლოგიისა და  სიძველეთმცოდნეობის ფართო წრეები, რომლებიც მას  მაღალი რანგის პროფესიონალიზმსა და ქართული კლასიკური ფილოლოგიის დიდ მიღწევებს უკავშირებენ. გასაოცრად ფართო იყო რისმაგ გორდეზიანის სამეცნიერო კვლევის  არეალი  –  ანტიკური ლიტერატურის ისტორია, ბერძნული და რომაული ცივილიზაცია, ჰომეროლოგია, ბერძნული ენათმეცნიერება, ეგეისტიკა, მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ბერძნულ-რომაულ-ქართული ურთიერთობები, ბერძნული მითოლოგია, კულტუროლოგიური კვლევები და სხვ.

კვლევის ფართო სპექტრთან ერთად, ბატონი რისმაგის სამეცნიერო მემკვიდრეობა ხიბლავს მკითხველს ცოდნის მასშტაბურობით,  ინფორმაციის ახლებური გააზრებითა და გადმოცემის ნათელი, დახვეწილი  სტილით. მეცნიერული გზის ადრეულ ეტაპზევე გამოიკვეთა მისი კვლევის სამი უმთავრესი მიმართულება – ლიტერატურა, ენათმეცნიერება და ისტორია, რამაც ერთობლივად ჯერ კიდევ ადრეულ, ორიგინალობით აღბეჭდილ ჰომეროლოგიურ კვლევებში იჩინა თავი (მონოგრაფიები: „ილიადა“ და ეგეოსური  მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები (1970 წ.), Проблемы гомеровского эпоса (1978 წ.), Kriterien der Schriftlichkeit und Mündlichkeit im homerischen Epos (1986 წ.)). ანტიკური აზრის შემეცნებითი და მხატვრულ-ესთეტიკური მხარეები, ლიტერატურულ წყაროთა მიმართება ისტორიასთან მეცნიერს  ღრმად  აქვს გაანალიზებული ჰომეროსის შემდეგდროინდელ ანტიკურ  მწერლობაშიც. მრავალწლიანი კვლევები ანტიკურ ლიტერატურასა და ცივილიზაციაში თავმოყრილია რისმაგ გორდეზიანის ფუნდამენტურ ნაშრომებში ბერძნული ლიტერატურა. ელინური ეპოქის ეპოსი, ლირიკა, დრამა (2002 წ., გამოიცა რამდენჯერმე; ბოლო გადამუშავებული და განვრცობილი გამოცემა 2019 წ.: ბერძნული ლიტერატურა. ელინური ეპოქის პოეზია და პროზა) და 2016 წელს გამოცემულ შესანიშნავ ნაშრომში  ინნოვაცია, ფორმალიზმი, ავანგარდი ანტიკურ ლიტერატურაში. მონოგრაფიაში წარმოდგენილია  ავტორის მრავალწლიანი ლიტერატურული დაკვირვებები, გააზრებული ერთი ასპექტით _ ანტიკური მწერლობა ჰომეროსიდან გვიანანტიკურობამდე, როგორც სამწერლობო სიახლეთა მუდმივი  მონაცვლეობის არე. ბერძნული და რომაული ცივილიზაციის მეცნიერულ განხილვას რისმაგ გორდეზიანმა ოთხი მოცულობითი ტომი დაუთმო:  ბერძნული ცივილიზაცია. გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე (ტ. 1: 1989), ბერძნული ცივილიზაცია. კლასიკური ეპოქა (ტ. 2, 1997), ბერძნული ცივილიზაცია. ელინისტური ეპოქიდან გვიანანტიკურობამდე (ტ.3, 2020) და  რომაული ცივილიზაცია (ტ. 4, თანაავტორი გ. უგულავა, 2025). ამავე ხაზს უნდა მივაკუთვნოთ მაღალი რანგის სახელმძღვანელო „კლასიკური ფილოლოგიის შესავალი“ (თანაავტორი მ. დანელია, 2004 წ.). რისმაგ გორდეზიანს, როგორც ფართო კულტუროლოგიური ხედვების მეცნიერს,  კულტურული იდენტობისა და კულტურული კავშირების  პრობლემატიკა  აინტერესებდა. ამ სფეროში  რეალიზებულ ნაშრომთა თემატიკა ეხება როგორც    საკუთრივ ანტიკურობას, ისე ანტიკურ-ქართულ მიმართებათა კულტუროლოგიურ  ასპექტებს, კავკასიას, როგორც კულტურულ   ფენომენს ანტიკური ეპოქის  ავტორთა თვალში  და, ზოგადად, ევროპა-აზიის ცივილიზაციურ ოპოზიციას.

ზემოხსენებული კვლევების გარდა, საერთაშორისო აღიარება პოვა რ. გორდეზიანის   ისტორიულ-საენათმეცნიერო ნაშრომებმა  ეგეისტიკის, საკუთრივ ეტრუსკოლოგიისა და მედიტერანულ-კავკასიური მიმართებების საკითხებზე, რომლებშიც  ის სწავლობს  ქართველურ და   უძველეს მედიტერანულ ენობრივ კავშირებს ნეოლითის ეპოქიდან  ანტიკურობამდე(„ილიადა“ და ეგეოსური  მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები (1970 წ.), ეტრუსკული და ქართველური (1980 წ.) წინაბერძნული და ქართველური (1985), ოთხტომეული მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, თბ. 2007-2008,  ეტრუსკები, ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები (2022, თანაავტორი ეკ. კობახიძე). საყურადღებოა, რომ საერთაშორისო ეტრუსკოლოგიაში ქართველი მეცნიერის  გამოკვლევები ეტრუსკული ენის შესახებ  ამ დარგში არსებულ უმთავრეს ნაშრომთა შორის განიხილება.

მეტად რთულია მოცემულ ფორმატში  რისმაგ გორდეზიანის მასშტაბური სამეცნიერო კვლევის კონტურების მოხაზვა. და მაინც, სანამ მისი სამეცნიერო ღვაწლის ამ მცირე მონახაზს დავასრულებდე,  ორ დიდ კოლექტიურ საგამომცემლო პროექტზე უნდა შევჩერდე. ეს არის 1997-2005 წწ. გამოქვეყნებული „ბერძნული მითების სამყაროს“ ათტომეული (აქედან სამი წიგნი ბატონი რისმაგის ავტორობით დაიწერა), მეორე კი,  როგორც თავად აღნიშნავდა,  მისი უმნიშვნელოვანესი  საგამომცემლო პროექტი – ხუთტომეული  ენციკლოპედია Caucasus Antiquus, რომელიც ავტორთა კოლექტივის მიერ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და 2010 -2023 წწ. გამოიცა. ამ მონუმენტურ ნაშრომში თავმოყრილია ფასდაუდებელი ინფორმაცია ანტიკური კავკასიის შესახებ: მრავალრიცხოვანი ძველაღმოსავლური,  ბერძნული და ლათინური წყაროები (ტ. I),  სამეცნიერო სტატიები ძველ კავკასიაზე (ტ. II-IV), კავკასიისა და მეზობელი ტერიტორიების ამსახველი რუკები და ილუსტრაციები (ტ.V).  

ძალზე პროდუქტიულ სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ბატონი რისმაგი   მეცნიერების ჩინებული  ორგანიზატორი და საკუთარი დარგის დიდი სტრატეგოსი იყო. იგი იყო „ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის“ ხელმძღვანელი,  ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის დამაარსებელი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ნეოგრეცისტიკის კათედრის დამფუძნებელი,  თსუ პრორექტორი,   თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ პროფილის ერთადერთი აკადემიური და სამეცნიერო ცენტრია. მისი დაარსების დროს ის იყო პირველი ჰუმანიტარული ინსტიტუტი, რომლითაც რისმაგ გორდეზიანმა ჩვენს უნივერსიტეტს  შესთავაზა დასავლურ საუნივერსიტეტო სტანდარტებზე ორიენტირებული  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოდელი.  ფართო საერთაშორისო ცნობადობის ინსტიტუტს აქვს საკუთარი, ძირითადად, რ. გორდეზიანის მიერ უზრუნველყოფილი მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“. რ. გორდეზიანი იყო საერთაშორისო წელიწდეული Phasis-ის (დღესდღეობით შეყვანილია  ERIH PLUS-ისა და  SCOPUS -ის მონაცემთა ბაზებში) დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი, აგრეთვე სხვა ბევრი პერიოდული გამოცემის რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი (მათ შორის, გერმანული ჟურნალისა Philologus).  

რისმაგ გორდეზიანი იყო დიდი ორატორული ნიჭით დაჯილდოებული  პიროვნება, ბრწყინვალე ლექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელმაც ათეულობით მაგისტრანტი და დოქტორი გაზარდა. მეტად შთამბეჭდავია მისი ლექციების ჩამონათვალი საზღვარგარეთ  –  საქსონიის მეცნიერებათა აკადემია, ლაიფციგის, ჰაიდელბერგის,  საარბრიუკენის,  მაინცის, ჰუმბოლტის, ეგეოსის, მოსკოვის,  იენის, ჰალეს, პიზის, ბოლონიის  უნივერსიტეტები,  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ათენის არქეოლოგიური საზოგადოება და სხვ.

სამეცნიერო ასპარეზზე დიდად ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო რისმაგ გორდეზიანი არაერთხელ დაჯილდოვდა პრემიებითა და ჯილდოებით: ნაშრომებისათვის ჰომეროლოგიასა და ეგეისტიკაში მიენიჭა თსუ პირველი, რესპუბლიკური და საკავშირო პრემიები (1970, 1972, 1973 წწ.), საქართველოს ღირსების ორდენი (2003 წ.), საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2010 წ. ). მისმა ღვაწლმა  დიდი დაფასება პოვა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზეც: როგორც უკვე აღინიშნა, ის იყო   საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, Collegium Europeum-ის წევრი (გერმანია),  საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი და საბერძნეთის ღირსების ორდენის ერთადერთი ქართველი კავალერი.   

რისმაგ გორდეზიანის წასვლით დასრულდა ქართული კლასიკური ფილოლოგიის  დიდი ეპოქა –  დარგის დამფუძნებელი  კორიფეების ეპოქა. მის სათავეში დგას  გრიგოლ წერეთლის, ხოლო დასასრულს რისმაგ გორდეზიანის მონუმენტური ფიგურები. ეს ერთსაუკუნოვანი დროის მონაკვეთია, როცა ქართულ ჰუმანიტარულ სივრცეში შეიქმნა ფუძემდებლური ნაშრომები კლასიკურ ფილოლოგიასა და ბიზანტინისტიკაში.

თინა დოლიძე

თსუ პროფესორი,

თსუ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა

 და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

Facebook
Twitter
LinkedIn