რისი განვითარება სურთ სტუდენტებს უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წლებია უკვე, დიდ საქმეს ემსახურება და რჩება აბიტურიენტების ნომერ პირველ არჩევნად. უნივერსიტეტის სტუდენტობა მუდმივად იდგა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების წინა რიგებში, რადგან აქ სწავლობენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების ადამიანები. ამიტომაც მათი მოთხოვნები ყოველთვის იმისკენაა მიმართული, რომ კავკასიაში ნომერ პირველი უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევითი და ინფრასტრუქტურული გარემო შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს. იმ ფონზე, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეტაპობრივად აკმაყოფილებს სტუდენტთა გარკვეულ ინტერესებს და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კვლავაც გრძელდება, ჩვენ დავინტერესდით – კიდევ რის განვითარებას ისურვებდნენ ისინი, რომ სრულფასოვანი სასწავლო გარემო შეექმნათ:
დიტო ბელქანია, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი: ,,მე მეექსვეკორპუსელი ვარ და მუდმივად მაწუხებდა კორპუსში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები. ბოლო თვეებში, ამ მხრივ, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები (მაგ. განახლდა ექსტერიერი), ხოლო, როგორც ვიცი, ზაფხულში სრულად კორპუსის, შესაბამისად, აუდიტორიების განახლება იგეგმება. იმედია, გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა მოთხოვნები და აუდიტორიები თანამედროვე სტილით მოეწყობა, ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ განახლდება ინვენტარიც, რადგან ამჟამად არსებული (მაგ. სკამები) ძალიან არაკომფორტულია ხანგრძლივად ლექციებზე ჯდომისათვის“.
თინათინ ლორთქიფანიძე, თსუ-ს ტურიზმის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი: „მეცხრე კორპუსში არ გვაქვს კაფეტერია, რაც სტუდენტებისთვის დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული და ძალიან გვაწუხებს. ასევე, ვისურვებდი, რომ კურსის განმავლობაში მოეწყოს ქალაქგარეთ ექსკურსიები, რათა ჩვენი პროფესია უკეთ შევიცნოთ“.
ლუკა მაღლაფერიძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი: „ლექციაზე დასწრება კომფორტული უნდა იყოს. მე, პირადად, მაწუხებს გაუმართავი ინვენტარი და მოძველებული სკამები. შესაძლოა, მსგავსი პრობლემა სხვა კორპუსის სტუდენტებს არ აწუხებდეთ, რადგან რიგი კორპუსებისა სრულად გარემონტდა, მაგრამ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს. ვისურვებდი მაღლივი კორპუსის კეთილმოწყობასაც“.
ანა გურგენიძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი: „ახალი ინფრასტრუქტურა, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, ადმინისტრაციის რეორგანიზება, მეტი სტუდენტური აქტივობა – ეს იმ ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი. ახალი ინფრასტრუქტურა და ჰიგიენური გარემო არის ის პრიორიტეტი, რომელიც ყველა უნივერსიტეტს უნდა გააჩნდეს. 21-ე საუკუნეში აუცილებელია, რომ უნივერსიტეტი მოერგოს სიახლეებს და მისცეს სტუდენტებს საშუალება, რომ სწავლა მეტად კომფორტული და საინტერესო გახდეს. სტუდენტების წასახალისებლად კარგი იქნებოდა მეტი აქტივობა, სხვადასხვა ღონისძიებები, საზაფხულო ბანაკები, რათა სტუდენტები ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და მეტი გამოცდილებაც შეიძინონ“.
მარი ვაშაყმაძე, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი: ,,მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ბევრი პრობლემა გვაქვს: მაგალითად, საგნების უმრავლესობა გვიტარდება იქ, სადაც ლექტორი მუშაობს. შესაბამისად, პარალელურად, რამდენიმე საგნის გავლისას, შენობიდან შენობაში გადაადგილებას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და შუალედში არ გვრჩება არანაირი დრო არც კვებისთვის, არც მობილიზაციისთვის; არ გვაქვს სტუდენტური ზონა – მაგიდები, სკამები, ავეჯი; არ გვაქვს კაფეტერია შენობაში, სადაც გვექნება ჭამის შესაძლებლობა; მოსაგვარებელია შეფასების სისტემა: არც ერთმა სტუდენტმა არ ვიცით, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით გვაკლებენ ქულას. იმ ფონზე, როდესაც მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობა იმყოფება საკმაოდ ფართო და დიდ ქუჩაზე, ელემენტარული პირობაა, რომ სტუდენტთა უსაფრთხოებისთვის ინსტიტუტის წინ არსებობდეს ზებრა გადასასვლელი, რომელიც არ გვაქვს. დიდია შანსი, ნებისმიერ მომენტში მოხდეს უსიამოვნო შემთხვევა, ვინაიდან ამ ქუჩაზე ტრანსპორტის უწყვეტი ნაკადია და გვიწევს ქუჩის ბრმად გადაკვეთა“.
უნივერსიტეტს მართლაც აქვს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სტუდენტებისთვის დიდი შვება იქნება. სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ დასახელებული პრობლემები მარტივად მოგვარდება ადმინისტრაციის მხრიდან.
ანა კვინიკაძე
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი