ღირსეული პიროვნება და ნამდვილი პროფესორი
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის რევაზ გოგოხიას 90 წლისთავის გამო (1936 წ. 28. აპრილი – 2026 წ.)
ჩემი ასპირანტობა არა მხოლოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ წლებს, არამედ ფასეულობათა გადაფასების, ძველის ახალთან ჭიდილის დაწყების პერიოდს დაემთხვა. ამიტომ, პროფესიონალიზმი და სიახლეების ღრმა გააზრება, რომელსაც, ბატონო რეზო, თქვენ ავლენდით, მე, როგორც ახალგაზრდა მკვლევარს, ძალიან მანცვიფრებდა და მიზიდავდა. თქვენი კოლეგებისა და ყოფილი ასპირანტებისაგან ერთი და იგივე მესმოდა: ,,თუ ბატონი რეზოს ასპირანტი ხარ, გაგმართლებია: მომთხოვნი, დამხმარე, სანდოა. მის წაკითხულ დისერტაციას არ სჭირდება დამატებითი შემოწმება. ის უღირს ნაშრომს მსვლელობას არ მისცემსო“. ეს კი მაძლიერებდა და გაბედულებას მმატებდა. დღესაც, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამშრომლის წარმოსაჩენად, სიამაყით თქვენს ავტორიტეტს მოიშველიებენ – მისი ხელმძღვანელი ბატონი რეზო იყო და ა. შ. დიდია თქვენი წვლილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობაში, რაც საჯარო ლექციების, დისერტანტებისათვის საკვალიფიკაციო ხარისხის მინიჭების საქმეში თუ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობით გამოიხატება.
თქვენ მრავალი საამაყო მეცნიერი და მამულიშვილი აღუზარდეთ ქვეყანას, რომლებიც წარმატებით შრომობენ და მოღვაწეობენ საქართველოს კეთილდღეობისათვის. პირადად ჩემთვის დაუვიწყარია თქვენი საოცარი პასუხისმგებლობა და დიდი გულისხმიერება, რომელიც სადისერტაციო ნაშრომის გაცნობა-რედაქტირებასა და მის დროულ დაბრუნებაში აისახებოდა. ზნეობრიობა, უანგარობა, თავმდაბლობა, სამართლიანობა, უშურველობა ხომ თქვენი ის თვისებებია, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანი ყოველთვის იგრძნობს თქვენთან ურთიერთობის დროს. ჰუმანურობა და კეთილშობილება კი თქვენი ცხოვრების წესია. მახსენდება თქვენ მიერ გამოჩენილი ყურადღება და დახმარება ასპირანტ ლია გოგაბერიშვილისადმი, როცა ის მძიმე ოპერაციის შემდგომ კლინიკაში მოინახულეთ და მომავლის რეალური იმედებით აღავსეთ. დღესაც ყველგან, თქვენი ასაკის და მანძილის მიუხედავად, ყველას ჭირის და ლხინის გამზიარებელს გხედავთ. ეხლაც განსაკუთრებულად გახარებთ ახალგაზრდა თაობის წარმატებები და თქვენც მათში ღრმადგანსწავლული და ტაქტიანი პროფესორის სახეს წარმოადგენთ.
გისურვებთ ჯანის სიმრთელეს, კვლავაც შემოქმედებით წარმატებებს და ულევ სიხარულს თქვენს ლამაზ, ღირსეულ ოჯახთან ერთად!
უდიდესი მადლიერებითა და სიყვარულით…
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
იზოლდა გაბადაძე
