პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის საქმიანი ვიზიტი უნგრეთში
2025 წლის მაისის პირველ დეკადაში, ,,ერაზმუს პლუსის” მობილობის პროგრამით, უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა თსუ–ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში უნგრელი სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარა და უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. რევაზ გაჩეჩილაძეს მასპინძლობა გაუწია უნგრეთის ერთ-ერთმა უძველესმა უნივერსიტეტმა ELTE-მ, რომელიც დიდი მეცნიერის ეოტვოშ ლორანდის სახელს ატარებს.
„ერაზმუს პლუსის“ მეშვეობით წელს მომეცა შესაძლებლობა – ვწვეოდი ბუდაპეშტს, სადაც რამდენიმე ლექცია და შეხვედრა გავმართე. მასპინძელი იყო ELTE-ს უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფერენც დიურიში, რომელიც საქართველოში ნამყოფია და კარგად იცნობს აქაურობას. აღსანიშნავია, რომ შარშან იმავე უნივერსიტეტში იმავე პროგრამით იმყოფებოდნენ თსუ-ს პროფესორები იოსებ სალუქვაძე და გიორგი გოგსაძე. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ნაყოფიერ კონტაქტებს უნგრელ კოლეგებთან. უნგრულმა მხარემ საკმაოდ საინტერესო და დატვირთული პროგრამა შემომთავაზა, რითაც, ვფიქრობ, საქართველოსა და უნგრეთის აკადემიურ წრეებს შორის მეგობრობაში პატარა წვლილი შევიტანე“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში რევაზ გაჩეჩილაძემ.
ვიზიტის ფარგლებში მაგისტრანტებისთვის გაიმართა ლექციები, რომლებიც ეხებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს. რევაზ გაჩეჩილაძის თქმით, სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში – დაინტერესდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობით და ევროკავშირის მიმართ მათი დამოკიდებულებით.
„საინტერესო ის იყო, რომ იმავე პერიოდში ანალოგიური პროგრამით ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის თანამშრომლები. მათთან ერთად გაიმართა მრგვალი მაგიდა და განვიხილეთ, თუ რა სამეცნიერო საკითხები არის ძირითადი ჩვენს მიმართულებაზე თბილისში, კიევსა და ბუდაპეშტში. ამ შეხვედრებმა მოგვცა საშუალება, გავცნობოდით ერთმანეთის საქმიანობას და მოგვეხდინა ჩვენი ინტერესების შედარება. უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთის მხრიდან აგრესიის ქვეშ იმყოფება, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი ხალხი მძიმე მდგომარეობაშია, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება: ლექციები ტარდება, მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები. უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩავატარეთ მრგვალი მაგიდა, რომელიც შეეხებოდა გლობალურ ეკონომიკურ გეოგრაფიას: ეკონომიკური გეოგრაფია, რასაკვირველია, დაკავშირებულია ეკონომიკასთან, მაგრამ ასევე ფართოდ გაგებულ სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებთან. მრგვალი მაგიდის ფორმატში უნგრელ და უკრაინელ კოლეგებს და სტუდენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება გეოგრაფიული პერსპექტივიდან. ამ პანელურმა დისკუსიამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში“, – გვითხრა რევაზ გაჩეჩილაძემ.

ვიზიტი მოიცავდა, ასევე, სადოქტორო სემინარს დოქტორანტურის სტუდენტებთან. სწორედ აქ გაიმართა მსჯელობა თემაზე: „ცოდნის გეოგრაფია და გეოპოლიტიკა“. „საკმაოდ საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, თუ როგორ ხდება მეცნიერული ცოდნის „წარმოება“ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მიერ. უნგრელმა კოლეგებმა გამოთქვეს ერთგვარი პრეტენზია იმის მიმართ, რომ საერთაშორისო დონეზე ფასობს მარტო ის სამეცნიერო ნაშრომები, რომელიც ინგლისურ ენაზე იწერება. ამ თემაზე ჩემი აზრი იყო, რომ მეცნიერების განვითარებისათვის უმჯობესია, რომ თეორიული ნაშრომები ქვეყნდებოდეს როგორც მშობლიურ, ისე სხვებისათვის გასაგებ ენაზე. შუა საუკუნეების ევროპაში მეცნიერების ენა იყო ლათინური, ახლო აღმოსავლეთში კი – არაბული. მე-20 საუკუნეში საერთაშორისო ენად ინგლისური იქცა. ევროკავშირშიც კი, რომლის წევრიც დიდი ბრიტანეთი აღარაა, მაღალ დონეზე ურთიერთობისთვის ინგლისურს იყენებენ. ვერც მეცნიერები გავექცევით ამ რეალობას და სემინარზე აღვნიშნე, რომ ჩვენც მეტი უნდა ვწეროთ მრავლისათვის გასაგებ ენაზე. ცხადია, ეს არ გამორიცხავს მეცნიერის მიერ მშობლიურ ენაზე წერას, მაგალითად, წიგნების უმეტესობა ქართულად დავწერე, მაგრამ თეორიული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას ინგლისურად ვამჯობინებ“, – აღნიშნა ბატონმა რევაზმა.
„უნგრეთში ვიზიტს მცირე ისტორია უძღოდა წინ – 2025 წლის იანვარში ლისაბონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მქონდა მოხსენება, რომელიც ეხებოდა თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ადგილს. ჩემს მოხსენებას დაესწრო უნგრელი მეცნიერი, დოქტორი პეტერ კრავიცი, რომელთანაც სამეცნიერო კონტაქტები დავამყარეთ“, – აღნიშნა თსუ-ს პროფესორმა.
სწორედ პეტერ კრავიცის ინიციატივით (ბუდაპეშტში რევაზ გაჩეჩილაძის ვიზიტის ბოლოს), უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ფუნქციონირებს, გაიმართა მრგვალი მაგიდა – „საქართველოს ადგილი ევროპასა და ევრაზიაში“. მრგვალ მაგიდას ბევრი დამსწრე ჰყავდა, მათ შორის საქართველოს ელჩი უნგრეთში ქ-ნი თამარ ლილუაშვილი. გამომსვლელთა შორის იყვნენ როგორც პეტერ კრავიცი, ისე ევროპული პარლამენტის წევრი ლასლო ანდრაში, რომელიც შარშან იმყოფებოდა საქართველოში და აკვირდებოდა აქ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
