თსუ-მ რევაზ ჭანტურია ახლა უკვე მხატვრის ამპლუით გაიცნო  

თარიღი: 2022-10-05 20:41:36

მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორის  რევაზ ჭანტურიას ნახატების გამოფენა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში.

პროფესორი რევაზ ჭანტურაია არის ავტორი  მონოგრაფიებისა – „ბასკური ენის ნარკვევი“ და „ბასკურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი“, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი. ამ მონოგრაფიების პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეშიც გაიმართა, მაგრამ თსუ დღეს მას, როგორც მხატვარს, ისე მასპინძლობდა.  

მხატვარი რევაზ ჭანტურია აბსტრაქციონისტია. ის აბსტრაქციონიზმმა ყმაწვილკაცობაშივე გაიტაცა. ამ მხრივ მასზე ერთგვარი გავლენა  ბიძამ და მასწავლებელმა, აბსტრაქციონისტმა მოქანდაკემ კარლო გრიგოლიამ მოახდინა, რომელიც თანამედროვე აბსტრაქტული ქანდაკების ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. ძმაც – ცნობილი აბსტრაქციონისტი ლერი ჭანტურიაც მისი მასწავლებელი იყო. სამხატვრო განათლება არ მიუღია, მაგრამ თავს თვითნასწავლ მხატვარს არ უწოდებს, რადგან ბიძის და ძმის სახით  ასეთი მასწავლებლები ჰყავდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები: „ქალაქი“, „უჩვეულო ინტერესი“,  ,,მთის პეიზაჟი“, „ზღვისპირა ქალაქი“ მხატვრის უნიკალურ ხედვას ქმნიან. მხატვარი გამომსახველობითი ეფექტის მისაღწევად სხვადასხვა ფორმას, ფერსა და ფუნჯის თავისუფალი მოძრაობის ტექნიკას  იყენებს,  რომელთა მეშვეობითაც რეალობას და ადამიანურ შეგრძნებებს საოცარი ოსტატობით გადმოსცემს.  

„ეს არის საინტერესო აბსტრაქციები,  რომლებშიც კარგად ჩანს მხატვრის  ფაქიზი სული. ბატონმა რეზომ თავის ნახატებში ქართული და ევროპული მხატვრობის ტრადიციების უჩვეულო შერწყმა შეძლო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რევაზ ჭანტურიას იცნობს, როგორც  მკვლევარს, მეცნიერს, ბასკოლოგს, მაგრამ მას ხატვის საოცარი ნიჭიც აქვს და მისი  გამოვლენა ჩვენთვის ნამდვილად სასიამოვნოა. ის ჩვენი  უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც აქ მოღვაწეობდა.  დღეს კი მისი მშობლიური უნივერსიტეტი მას,  როგორც მხატვარს, ისე მასპინძლობს“, – აღნიშნა თსუ-ის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა.

მხატვრის შემოქმედებამ ვერ დატოვა გულგრილი პროფესორი რამაზ ქურდაძეც, რომელიც პროფესორ რევაზ ჭანტურიას მრავალმხრივ ნიჭიერებაზე საუბრობდა. „მე ბატონ რევაზს, როგორც გამორჩეულ მეცნიერს, ბასკოლოგს ვიცნობდი და სასიამოვნოა მისი გაცნობა მხატვრის ამპლუაში. აქ წარმოდგენილი  აბსტრაქტული ნახატებით  დიდი სიამოვნება მივიღე, რომელმაც ჩემში ახალი შეგრძნებები აღძრა“, – განაცხადა პროფესორმა  რამაზ ქურდაძემ.

პროფესორ რევაზ ჭანტურიას თანაკურსელმა, მეცნიერებათა დოქტორმა  გიორგი შალამბერიძემ მხატვრის  სამეცნიერო მიღწევებზე ისაუბრა და  მის  მონოგრაფიებს ქართული მეცნიერული აზროვნების ნიმუში უწოდა, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევდა უცხოელ  მეცნიერებს ფრანკფურტის  წიგნის ბაზრობაზე.  „მიხარია, რომ კარგი ენათმეცნიერი  კარგი მხატვარიც არის, რომელიც  დამთვალიერებელში გარკვეულ განცდებს აღძრავს“, – ამბობს გიორგი შალამბერიძე,  რომელიც წარმატებებს უსურვებს მხატვარს  ორივე მიმართულებით.

„ჩემი მხატვრობის ნიჭის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ბიძაჩემმა  კარლო გრიგოლიამ, რომელიც კარგად იცნობდა ევროპულ, ამერიკულ სახვით ხელოვნებას.  საბჭოთა ეპოქაში არ აღიარებდნენ  მოდერნისტულ ხელოვნებას, მაგრამ მე  ჩემი შემოქმედების ჟანრად  მაინც აბსტრაქციონიზმი ავირჩიე, თან ძველი ფილოსოფოსების გავლენის ქვეშაც ვიყავი, რომლებიც სამყაროს გეომეტრიული ფორმებით  აღიქვამდნენ.  ეს ჟანრი ავირჩიე მეც ჩემი გრძნობებისა და განცდების გამოსახატად, სადაც ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა“, – განაცხადა  პროფესორმა რევაზ ჭანტურიამ, რომელმაც თსუ-ში წარმოდგენილი ნახატების დიდი ნაწილი  შვედეთში ცხოვრების დროს შექმნა.

Facebook
Twitter
LinkedIn