რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა, საპროტესტო აქცია და დიალოგის შეთავაზება
თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდა.
აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით პროფესორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია აირჩია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი იყო.
კენჭისყრის პროცესი „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები არჩევნების ჩაშლით იმუქრებოდნენ და თსუ-ს აკადემიურ საბჭოს უნდობლობას უცხადებდნენ.
წესი შეცვლილია და მოქმედი წესით რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს აკადემიური საბჭო
სტუდენტთა ჯგუფი ითხოვდა – რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არა აკადემიურ საბჭოს, არამედ უნივერსიტეტის მთელ აკადემიურ პერსონალს აერჩია, რასაც, ზოგიერთი სტუდენტის თქმით, ადრე უნივერსიტეტის წესდება განსაზღვრავდა.
ამ საკითხზე თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტებას აკეთებს: ,,კანონშიც და წესდებაშიც ეს ნორმა, რომ უნივერსიტეტის მთელ აკადემიურ პერსონალს უნდა აერჩია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადრე არსებობდა, წლების წინ და, სხვათაშორის, ეს ნორმა თსუ-ში გამოყენებულია. ამჟამად ეს წესი შეცვლილია და მოქმედი წესით რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს აკადემიური საბჭო (შემადგენლობის უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით).
გარდა ამ საკითხისა, პრობლემად ასახელებენ იმას, რომ თურმე აკადემიურ საბჭოს არ შეუძლია რექტორად აირჩიოს პირი, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად იყო არჩეული. ეს ასე არ არის! კანონის თანახმად და უნივერსიტეტის წესდების მიხედვით (ანალოგიური ნორმა კანონიდან არის გადმოტანილი წესდებაში), ანუ, ამ ორი იდენტული ნორმის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს აკადემიური საბჭო, მაგრამ იგივე პირის კვლავ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევა აღარ შეიძლება (თორემ რექტორად არჩევა შეიძლება)“, – აცხადებს არჩილ კუკულავა.
აკადემიური საბჭოს წევრთა კომენტარები
კენჭყისყრის პროცედურიდან გამოსული აკადემიური საბჭოს წევრები ჩვენთან საუბარში კომენტარს აკეთებდნენ. პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ გაკვირვების ნიშნად იკითხა: – ,,ვინმემ შემოიტანა დოკუმენტები? ძალით ხომ არ დაარეგისტრირებდნენ ვინმე სხვა კანდიდატს? ვინც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოხატა, ბუნებრივია, იმის კანდიდატურა განვიხილეთ!“
აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა რამაზ ქურდაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: ,,რატომ არ არის აკადემიური საბჭო ლეგიტიმური? – ამ საკითხზე კითხვისნიშნები ძალიან მაკვირვებს. გამოცხადებული იყო კონკურსი. აბსოლუტურად ყველა პირს ჰქონდა შესაძლებლობა – შემოეტანა საბუთები. შემოიტანა მხოლოდ ერთმა პიროვნებამ. ჩვენ დღეს მოვუსმინეთ ამ პიროვნებას, იყო შეკითხვები. მან წარმოადგინა მოკლე სამოქმედო გეგმა, როგორც კანდიდატმა. გეგმა იყო ძალიან ამომწურავი, ძალიან საინტერესო და საქმიანი. ამის შემდეგ განხორციელდა კენჭისყრა და ყველაფერი ხდება რეგულაციების მიხედვით“.
აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა მარინე ჩიტაშვილმა აღნიშნა: ,,კანონმდებლობის მიხედვით აბსოლუტურად ლეგიტიმურია კენჭისყრის პროცესი და თუ სტუდენტებს არ მოსწონთ ეს კანონმდებლობა, მათ ეს უნდა გააპროტესტონ პარლამენტთან და არა უნივერსიტეტში“.
აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი პაატა იმნაძე ჩვენთან საუბრისას უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისადმი დაფიქსირებული უნდობლობის გამო: ,,მე ჩემი ფაკულტეტის არჩეული ვარ! მე ამირჩია ჩემმა ფაკულტეტმა – მედიცინის ფაკულტეტმა. არჩევნებზე ვინც არ მომცემს ხმას, მხოლოდ მაშინ გამოჩნდება – ვინ არ მენდობა. ზოგადად, ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ყველას აქვს პროტესტის უფლება, უბრალოდ, ცოტა უფრო ცივილურ ფორმებში უნდა მოხდეს ეს!“
ცნობისთვის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის კახა ლორიას თქმით, აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობიდან (33 წევრი) 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. აქედან 28 წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ყველას დიალოგს სთავაზობს
არჩევნების დასრულების შემდეგ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა:
,,ჩემი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის პერიოდში არ დარჩება დახურული არც ერთი კითხვა. შევეცდები – ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს სტუდენტობას ბოლო პერიოდში აწუხებდა, პასუხი გავცეთ. ბუნებრივია, ჩვენ უნდა გვქონდეს მუდმივი დიალოგი ყველა სტუდენტთან, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც გული შესტკივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალზე.
არის პროცესები, რომელიც იქითა კვირიდან უნდა დავიწყოთ. ამ პროცესს ჰქვია დიალოგი. დიალოგის გარეშე ჩვენ ვერანაირ შედეგზე ვერ გავალთ. ყველა დონეზე გვექნება დიალოგი.
მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის, პირადად, 3 რამეს ეფუძნება უნივერსიტეტი: საუკუნოვან ტრადიციას, ღირსეულ პროფესურას, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს და ჩვენს ძვირფას სტუდენტობას. სამივე მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა ჩვენი ტრადიცია, ჩვენი უნივერსიტეტის ავტორიტეტი გაიზარდოს“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
შეკითვაზე – ,,სტუდენტების ნაწილი უნდობლობას უცხადებს ერთკანდიდატიან არჩევნებს. ეს ფაქტი ხომ არ გეუცნაურებათ?“ – რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ასე უპასუხა: ,,ჩემთვის არ არის ცნობილი, სხვა კანდიდატი რატომ არ დაინტერესდა არჩევნებში მონაწილეობით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ერთი ფუნქცია აქვს – მან უნდა მოამზადოს უნივერსიტეტი რექტორის არჩევნებისთვის. შესაძლებელია ამანაც განაპირობა ის ფაქტი, რომ სხვა კანდიდატი არ დარეგისტრირდა ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“.
როგორც გავრცელებულ წინასწარ მილოცვებთან დაკავშირებით ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ეს ფაქტი, სამწუხაროდ, ჟურნალისტების წყალობით მოხდა. ,,რამდენიმე სააგენტომ რამდენიმე დღის წინ წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მე თითქოსდა რექტორად ამირჩიეს. როგორც კი ამის შესახებ გავიგე, შევეცადე ყველა ამ სააგენტოსთან დაკავშირებას და ახსნა-განმარტების მიცემას, რომ ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. უბრალოდ, ჟურნალისტებმა იჩქარეს და, აქედან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა – ნაცნობმა თუ უცნობმა, მოლოცვები დაიწყეს და საზოგადოების მცირე ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს“.
რას ითხოვენ სტუდენტები?
როგორც აღვნიშნეთ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ პროტესტის ფონზე წარიმართა. სტუდენტებმა აკადემიურ საბჭოს უნდობლობა გამოუცხადეს და არჩევნების შედეგები არ სცნეს. „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ითხოვს – შევიდეს ცვლილება კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“, რომლის მიხედვითაც რექტორსა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭოს ნაცვლად აირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული აკადემიური პერსონალი. სტუდენტთა მცირე ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მათ უკან ბევრი სხვა სტუდენტი დგას, შესაბამისი ცვლილების უნივერსიტეტის წესდებაში ასახვასაც ითხოვს.
„უნდა შეიცვალოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი და უნივერსიტეტის წესდებაშიც შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც რექტორს მთლიანი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი აირჩევს. ჩვენი აქ მოსვლის მიზანი არის ის, რომ აკადემიური საბჭოს ლეგიტიმაციას არ ვცნობთ და მიგვაჩნია, რომ ისინი უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ, რადგან არ გამოხატავენ სტუდენტების ინტერესებს და, რა თქმა უნდა, არ გამოხატავენ მთლიანად პროფესურის აზრს. აქ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ამ პროცესში თავისი როლი გაიაზროს, ასევე, ჩვენმა პროფესურამ და მთლიანად უნივერსიტეტმაც. ჩვენი პროტესტი ყოველთვის მიემართებოდა როგორც უნივერსიტეტის, ისე სახელმწიფოს მიმართ. ეს ორი ინსტიტუცია ერთმანეთისგან გამიჯნული არც არის. ის ანტაგონისტური პოზიციები, რომელიც მმართველ კლანსა და მშრომელ ხალხს შორის არის სახელმწიფოში, ისეთივეა აქ ბიუროკრატიულ აპარატსა და სტუდენტებს შორის. ეს პროცესი უნდა აღმოიფხვრას, რისი ერთადერთი გზა არის ის, რომ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს ბევრად სამართლიანი. ნებისმიერ რექტორს, რომელიც მოდის უნივერსიტეტში, უნდა ჰქონდეს გაცხადებული სოციალური გეგმა, თუ როგორ დაეხმარება ის სტუდენტებს – იქნება ეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი თუ შრომის ბაზარზე სტუდენტების ექსპლუატაციის პრობლემის მოგვარება. მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს თავისი სოციალური ვალდებულება. პროფესურამ გაიაზროს თავისი სოციალური პოზიცია და შესაბამისი განცხადებები გააკეთოს“, – განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ დამფუძნებელმა საბა ქერქაძემ.
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრმა სტუდენტებმა საპროტესტო აქციების გაგრძელება დააანონსეს.
P.S. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 ოქტომბერს მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართა აკადემიურ საბჭოს. 13 ოქტომბერს დასრულდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა წარდგენის ვადა. განცხადება ერთმა კანდიდატმა – ჯაბა სამუშიამ შემოიტანა.