საქართველოში რენტგენოლოგიური გამოკვლევების 76% პაციენტის დამცავი საშუალებების გარეშე ტარდება

თარიღი: 2023-01-17 19:53:46

მედიცინის დარგში თანამედროვე სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის დანერგვამ რიგი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი ეფექტიანი მკურნალობა გახადა შესაძლებელი. თუმცა, უახლესი სამედიცინო დანიშნულების ტექნიკა, რომელიც გამიზნულია რადიოლოგიური კვლევებისთვის, ფუნქციონირებს რენტგენის სხივის გამოყენებით, რომელიც ელექტრომაგნიტური ტალღებისგან შედგება და ორგანიზმის გადაჭარბებული დასხივების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯანმრთელი ორგანოების დისფუნქციას, ან არასასურველი უჯრედების გამრავლებას იწვევს. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდით სამედიცინო კვლევების ჩატარების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რა ვითარებაა საქართველოში?  – კითხვაზე პასუხის მისაღებად თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა კვლევა – „რადიაციული უსაფრთხოების მნიშვნელობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში“ – განახორციელა. შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში გაიზარდა რენტგენოლოგიური კაბინეტების რაოდენობა, ზრდის დინამიკით ხასიათდება რენტგენოლოგიური გამოკვლევებიც, რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარებისას მეტ-ნაკლებად დაცულია სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების ნორმები, თუმცა ბევრად ნაკლებად  – პაციენტების.

რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დაცულობის შემოწმება სამედიცინო დაწესებულებებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს პრეროგატივაა. შემოწმებები რეგულარულად მიმდინარეობს, თუმცა შემოწმების დროს ყურადღება მხოლოდ დამცავი საშუალებების არსებობას ექცევა, პაციენტის უსაფრთხოების დაცვის  პრაქტიკული საკითხები კი ყურადღების მიღმა რჩება.

რენტგენოლოგიური კაბინეტებისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევების ზრდის მიზეზები

ნატა ყაზახაშვილი: „ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევით გამოვლინდა, რომ რენტგენის სხივის გამოყენებით  გამოკვლევები მატების ტენდენციით ხასიათდება. ეს ეხება როგორც რენტგენოგრაფიას, ისე – კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ახალი აპარატურის წარმოებისა და ტექნიკური შესაძლებლობების რევოლუცია, ინდუსტრიული გაზრდა-გაფართოება, თავის მხრივ, გამოყენებასაც ზრდის. გაადვილებულია რიგი დაავადებების დიაგნოსტიკა, მაგრამ, ამავე დროს, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საჭიროა ზიანსა და სარგებელს შორის ოქროს შუალედის პოვნა, ანუ გათვალისწინება – რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ესა თუ ის გამოკვლევა საფრთხის შემცველი, როდის არის გარდაუვალი აუცილებლობა, რომ კიდევ ერთხელ ჩაატარო კვლევა და როდის უნდა შეიკავონ თავი განმეორებითი კვლევისგან იმისათვის, რომ აღნიშნული სერვისი გადაჭარბებულად არ გამოიყენონ.

კვლევის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რამაც რენტგენოლოგიური კაბინეტების რაოდენობა და, შესაბამისად, გამოკვლევების ოდენობაც გაზარდა, გამკაცრებული რეგლამენტია. სამედიცინო დაწესებულებებს თუ სურთ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, უნდა ჰქონდეთ რენტგენოლოგიური კაბინეტი, ან მათ მისამართზე მაინც უნდა ფიქსირდებოდეს სხვა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია რენტგენის აპარატით და სახელშეკრულებო პრინციპით განხორციელდეს მასთან თანამშრომლობა.  მრავალპროფილურ ჰოსპიტლებში, თავისთავად, აუცილებელია რენტგენოლოგიური კაბინეტების  არსებობა. მაგალითად, კლინიკებში, სადაც კარდიოლოგიური სერვისია, დაინერგა კორონაროგრაფია, რომელიც ოქროს სტანდარტად მიიჩნევა გულის დაავადებების დიაგნოსტირების თვალსაზრისით და კორონაროგრაფიული გამოკვლევისას, ასევე, გამოიყენება აპარატურა, რომელიც რენტგენის სხივით მუშაობს და ა.შ. შესაბამისად, უკვე ადვილად შეგვიძლია ავხსნათ, თუ რატომ მოიმატა რენტგენოლოგიური კაბინეტების რაოდენობამ.“

როგორ არის დაცული სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოება?

ნატა ყაზახაშვილი: „ძირითადი აქცენტი გადატანილია სამედიცინო პერსონალის დაცვაზე. მაკონტროლებელი ორგანო, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი – ყველა ცდილობს, რომ პერსონალი მაქსიმალურად იყოს დაცული, ჰქონდეთ დოზიმეტრი, წინსაფარი, მოწყობილი იყოს ადეკვატური გარემო, მაგრამ რატომღაც ყურადღება არ ექცევა, თუ როგორ ხდება პაციენტის დაცვა უშუალოდ რადიოლოგიური გამოკვლევის ჩატარების დროს. ჩვენ გვქონდა ვარაუდი, რომ პაციენტები არასაკმარისად ინფორმირებულები არიან რენტგენის სხივით გამოკვლევის ჩატარების დროს დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ვარაუდის გადამოწმების მიზნით განხორციელებული კვლევისას 900-მდე რესპონდენტი გამოვკითხეთ. მახასიათებლების მიხედვით გამოიკვეთა, რომ კვლევაში მონაწილეთაგან უმრავლესობა იყო მდედრობითი სქესის, უმაღლესი განათლების, ახალგაზრდა ასაკის, ქალაქად მცხოვრები, დასაქმებული რესპონდენტი. სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ მათ დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული საკითხის მიმართ. კითხვაზე – რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს გამოყენებული იყო თუ არა დამცავი საშუალება? 76 %-მა გვიპასუხა, რომ – არა.

ეს ძალიან დამაფიქრებელი პასუხია, პრობლემის აქტუალობას ხაზს უსვამს და ადასტურებს წინასწარგამოთქმულ ვარაუდს, რომ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული და არც სამედიცინო პერსონალი უთმობს სათანადო ყურადღებას პრინციპს – „არ ავნო“. ეს პასუხები ადასტურებს იმას, რომ კვლევა კიდევ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ რაოდენობრივი კვლევა ჩავატარეთ, აუცილებელია პრობლემის სიღრმისეული ანალიზი  და გარკვევა, თუ რით არის განპირობებული აღნიშნული პრობლემა.“

ინფორმირებული პაციენტის გავლენა სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდაზე

ნატა ყაზახაშვილი: „პაციენტის ინფორმირებულობა მისაღები ან მიღებული სამედიცინო სერვისის რისკისა და სარგებლის შესახებ სამედიცინო სერვისის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველია, მაგრამ თუ არ მუშაობს სამედიცინო პერსონალი პაციენტთან კარგად და არ ხსნის, რატომ უნდა ჩაიტარო ეს გამოკვლევა, რამდენ ხანში ერთხელ და ა.შ., რა თქმა უნდა, პაციენტი არის არაინფორმირებული და ბრმად თანხმდება გამოკვლევების ჩატარებას. „არ ავნო“ პრინციპის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა რომ ერთ-ერთი პრობლემური თემაა, სწორედ ამ რენტგენოლოგიური გამოკვლევების რაოდენობისა და ჩატარების პირობებზე საკითხის შესწავლამ გამოავლინა. ინფორმირებული პაციენტი  სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მამოძრავებელი ძალაა, რადგან ინფორმირებული მომხმარებელი არ მიიღებს სერვისს შეუფერებელ პირობებში და შეუფერებელი წესით.“

რას ამოწმებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო?

ნატა ყაზახაშვილი: „დასავლური კლინიკების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია: შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა  – საკითხს არეგულირებს სამი კანონი და ორი ათეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, შემუშავებულია ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც რამდენჯერმე დაექვემდებარა ცვლილებას, პერიოდულად ტარდება რენტგენოლოგიური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება… თუმცა, საინტერესოა, თუ რა მოწმდება?…  ჩვენ დავუკავშირდით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, გამოვითხოვეთ – თუ რა ტიპის პრობლემებია გამოკვეთილი. აღმოჩნდა, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობისას დოკუმენტაციის წარმოება ხშირად კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამოა. გამოვლინდა დარღვევები რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის გადამზადების კანონმდებლობით დადგენილ ვადებთან დაკავშირებით, ტექნიკისა და პერსონალის ცვლილებასთან მიმართებით, ანუ, როდესაც კლინიკა ახალ აპარატურას ყიდულობს და ძველის დემონტაჟს ახდენს, ან საკადრო ცვლილებებს ახორციელებს, ეს საკითხები შესაბამის პორტალზე უნდა აისახოს. ძირითადად, გამოვლენილი დარღვევები ამ მიმართულებებს ეხება, მაგრამ აქ საერთოდ არ ჩანს რადიოლოგიური კვლევების ჩატარების დროს პაციენტის დაცვის საშუალებების არსებობა-გამოყენების საკითხები, რაც ადასტურებს, რომ რადიაციული კვლევის დროს კონკრეტულად პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები კვლავ აქტუალურია და ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ყურადღებას იმსახურებს.“

რეკომენდაციები

ნატა ყაზახაშვილი: „მიზანშეწონილია დაინერგოს მოსახლეობის სწავლება რენტგენის სხივის გამოყენებით გამოკვლევების ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, მოსახლეობამ აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით უნდა იცოდეს რისკი და სარგებელი, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს გამოკვლევის ჩატარების თაობაზე. ის, რომ, მაგალითად, ერთი სურათი გადაიღო, არ გამოვიდა და მაშინვე უტარებენ მეორე რენტგენოლოგიურ კვლევას, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს.

აუცილებელია, დარგობრივი ასოციაციების მიერ მომზადდეს ინდიკატორები, რომელიც გამოყენებული იქნება სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების დროს. მიზანშეწონილია, ამ ინდიკატორთა შორის გათვალისწინებული იყოს საკითხები რენტგენოლოგიური კვლევების დროს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით.  სავალდებულოდ უნდა ჩაიწეროს, რომ შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება – თუ რამდენად ხშირად იყენებენ კვლევის დროს დაცვის საშუალებებს და პერიოდულად გადამოწმდეს, რომ მხოლოდ კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. აუცილებელია დაიგეგმოს სამედიცინო პერსონალის პერიოდული სწავლება, რათა რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს დაცული იქნეს უსაფრთხოების ზომები. სასარგებლოდ არის მიჩნეული, რომ აღნიშნულ ტრენინგებს მიენიჭოს კრედიტქულები.“

***

სამედიცინო მომსახურებისას რადიაციული უსაფრთხოების დაცულობის საკითხების კვლევის საველე სამუშაოები თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრანტებმა განახორციელეს.

„ერთ მხრივ, ეს სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მაგისტრანტებმა ისწავლონ კვლევა და შეგროვებული მონაცემების ხარისხიანად წარმოდგენა,  მეორე მხრივ, მათ დიდი დახმარება გაუწიეს ჩვენს დეპარტამენტს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა“, – აღნიშნა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ყაზახაშვილმა.

კვლევა – „რადიაციული უსაფრთხოების მნიშვნელობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში“ – რაოდენობრივი კვლევის მეთოდით განხორციელდა. ნატა ყაზახაშვილის თქმით, საკითხი ღრმა და გაფართოებულ კვლევის გაგრძელებას საჭიროებს, რადგან არსებობს სამედიცინო სადიაგნოსტიკო-სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სხივური თერაპია, რადიაქტიური ნივთიერებების გამოყენებით დიაგნოსტირების საშუალებები, რა დროსაც, ასევე, აუცილებელია პაციენტის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

Facebook
Twitter
LinkedIn