რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე  –  სარგებელი, რისკები და რეკომენდაციები

თარიღი: 2023-01-24 19:23:15

საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების წილი 40-45%-ია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პრობლემის გამომწვევ მიზეზს, წამლების მოხმარების სიხშირესთან ერთად, მედიკამენტების სიძვირე წარმოადგენს, რაც, რიგ შემთხვევაში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ფასებს 100-%-ით აღემატება.

უკვე 15 თებერვლიდან ფარმაცევტული კომპანიები  სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. რეფორმას, რომელიც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენას ითვალისწინებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, ქართულ ჯანდაცვის სისტემაში, DRG-ს შემდეგ, მასშტაბით მეორეა.

რეფერენტული ფასწარმოქმნის რეგულაციებს, პირველ ეტაპზე, ანტიბიოტიკები, ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დიაბეტის 2 ტიპის, ეპილეფსიის, ფარისებრი ჯირკვლისა და ფილტვის დაავადებების სამკურნალო 1300-მდე მედიკამენტი დაექვემდებარება (ვრცლად ჩამონათვალი ბმულზე: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main).

რეფორმის შესახებ ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია: ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიკამენტების სარეალიზაციო ფასები თავისუფალმა ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, ნაწილი კი სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ ახალი რეგულაციების დამტკიცებას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული თვითნებობით განპირობებული „ფასთა ქაოსის“ მომწესრიგებელ ეფექტიან ბერკეტად მიიჩნევს.

რეფორმის სარგებლისა და რისკების შესახებ იხილეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის და თსუ-ს მოწვეული პროფესორის თენგიზ ვერულავას ანალიზი.

არის თუ არა რეფერენტული ფასწარმოქმნა მედიკამენტის ფასის რეგულირების ეფექტიანი მეთოდი?

თენგიზ ვერულავა: „უმჯობესია ვუწოდოთ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა, რადგან გარე რეფერენტული ნიშნავს, რომ ხდება შედარება სხვა ქვეყნებთან. შეირჩევა 5, 10 ან 15 ქვეყანა. ქვეყნის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მისი სიდიდე, ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის რაოდენობა, შემოსავლების დონე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, ფარმაცევტული ბაზრის ზომა, ვალუტის სიმყარე. ფასების შედარება მოიცავს სადისტრიბუციო ჯაჭვის ყველა რგოლს მწარმოებლიდან საბითუმო და საცალო ვაჭრობის ჩათვლით. შერჩეული ქვეყნებიდან გამოიყვანება საშუალო ფასი, ანუ დადგინდება საორიენტაციო მინიმალური ფასი, რომელსაც დაემატება გარკვეული მარჟა საბითუმოდან აფთიაქამდე დისტრიბუციისთვის და ამის შემდეგ დაემატება საცალო მარჟა, რასაც სახელმწიფო განსაზღვრავს. დადგენილ ფასზე ძვირად მედიკამენტი ვერ გაიყიდება. კანონის დამრღვევთათვის დაწესდება ჯარიმები, რომლის ოდენობა 5 ათასიდან 45 000 ლარამდეა გათვალისწინებული.

გარე რეფერენტული ფასები ფართოდ გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მსოფლიოს სხვა ნაწილებში (მაგ., ბრაზილია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ტაილანდი, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები).“

რატომ არ მუშაობს თავისუფალი ბაზრის პრინციპი?

თენგიზ ვერულავა: „გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეგულაციის დანერგვის მიზანია საქართველოში ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფა. დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც ქვეყანაში ზოგიერთი მედიკამენტის ფასი ევროპაში ანალოგიური მედიკამენტის საბაზრო ფასს 100%-ით აჭარბებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც საქართველო დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეჭირვებულია და მას უწევს იმაზე გაცილებით მეტი თანხის გადახდა სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებში, ვიდრე შეძლებულ ევროპელს.

ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიკამენტების საბაზრო ღირებულების რეგულირებისას სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და წესები თავისუფალმა ბაზარმა უნდა განსაზღვროს. თუმცა, საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ თავისუფალი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას და საჭიროა მედიკამენტებზე ფასთა რეგულირების იმ გამოცდილების გაზიარება, რაც უკვე ათწლეულებია დანერგილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

რა განაპირობებს ქართული ჯანდაცვის სისტემის დანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეულ მაღალ დანახარჯებს?

თენგიზ ვერულავა: „საქართველოში მრავალი კვლევა ჩატარდა, რისი შედეგებიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე დანახარჯები სამჯერ აღემატება ევროპისა თუ სხვა განვითარებად ქვეყნებში ხარჯებს. ერთ-ერთი მიზეზია მედიკამენტების საკმაოდ მაღალი საბაზრო ღირებულება. მედიკამენტი არ არის ფუფუნების პროდუქტი, არამედ მას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა და, შესაბამისად, ის ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისათვის. თუმცა, სიძვირე მედიკამენტებზე გაწეული მაღალი დანახარჯის გამომწვევი მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია, მეორე ფაქტორია ის, რომ საქართველოში ჯანდაცვა ორიენტირებულია მკურნალობაზე და არა – პრევენციაზე. ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პოლიპრაგმაზია. დაბალი ანაზღაურება სამედიცინო პერსონალს უბიძგებს ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობისკენ, რასაც ხელს უწყობს ფარმაცევტული ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგი. ბონუსის მიღების მიზნით პაციენტს უწერენ არასაჭირო მედიკამენტებს. შედეგად, მედიკამენტებზე გაწეული ხარჯის წილი საქართველოში 40-45%-ს აღწევს, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 11-12%-ია, განვითარებად ქვეყნებში კი – 18%“.

რეფერენტული ფასების შემუშავების მექანიზმის დანერგვა ხომ არ გამოიწვევს მედიკამენტების დეფიციტს ქვეყანაში?

თენგიზ ვერულავა: „სახელმწიფოს მხრიდან სწორი ნაბიჯია, რომ პირველ ეტაპზე ფასთა რეგულირება ყველა მედიკამენტს არ შეეხო, რადგან ერთბაშად განხორციელებულ ცვლილებას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოყოლოდა მედიკამენტების დეფიციტის სახით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა „თავისებურია“ და არსებითად განსხვავდება სხვა ქვეყნების სამედიცინო ბაზრისაგან. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცვლილებები ყველა მედიკამენტს ეტაპობრივად უნდა შეეხოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, თურქეთშიც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ამბულატორიული მედიკამენტების დიდი წილის დაფინანსებას. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დიდი რაოდენობით მედიკამენტების შესყიდვა იწვევს წამლების ფასის კლებას. ჩვენთან აღნიშნული პროგრამა ხორციელდება, თუმცა მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს ეხება და მედიკამენტების ჩამონათვალი მწირია. ბოლო ინფორმაციით, მთავრობა ამ მიმართულებითაც ცდილობს რეფორმის გატარებას და მოსახლეობისთვის დაფინანსებული ამბულატორიული მედიკამენტების სიის გაფართოებას. აღნიშნული, მედიკამენტების ფასების რეგულირებასთან ერთად, აუცილებლად განსახორციელებელია სახელმწიფოს მიერ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარის განსაზღვრის დროს სახელმწიფომ პერმანენტულად გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფაქტორი და, შესაბამისად, დროული რეაგირება მოახდინოს მედიკამენტის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით“.

Facebook
Twitter
LinkedIn