თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის 2025 წლის ძირითადი მიღწევები

თარიღი: 2025-11-19 14:37:30

თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი აწარმოებს ფუნდამენტურ კვლევებს მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში. კერძოდ, კვლევები წარმოებს ალგებრის, მათემატიკური ლოგიკის, გეომეტრია-ტოპოლოგიის, მათემატიკური ანალიზის, დიფერენციალური განტოლებების, მათემატიკური ფიზიკის, დრეკადობის მათემატიკური თეორიის, თეორიული ფიზიკის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულებით.

ინსტიტუტი გამოსცემს სამ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს: „Georgian Mathematical Journal – GMJ“ (გამოსცემს DE GRUYITER), „Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics – MDEMP“ და „Transactions of A. Razmadze Mathematical Institute – TARMI“. სამივე ჟურნალი ინდექსირებულია ისეთ სამეცნიერო ბაზებში, როგორებიცაა Web of Sciences, SCOPUS, Mathematical Reviews, Zentralblatt MATH. 2025 წელს გამოვიდა „GMJ“-ს 32-ე ტომის 4 ნომერი, „MDEMP“-ის 94-ე და 95-ე ტომები, „TARMI“-ის 179-ე ტომის პირველი და მეორე ტომები.

ინსტიტუტი გამოსცემს აგრეთვე „REPORTS OF QUALITDE” (https://rmi.tsu.ge/eng/reports_of_QUALITDE.html). იგი ქვეყნდება ონლაინ და შეიცავს დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივ თეორიაში საერთაშორისო ვორკშოპის – QUALITDE-ის მასალებს. ეს ღონისძიება 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 2025 წელს ვორკშოპი ჩატარდება 6-8 დეკემბერს და მასში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, იტალია, ესპანეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, უნგრეთი,  ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი). აქვე აღვნიშნავთ, რომ ვორკშოპში უცხოელი მეცნიერები მონაწილეობენ დაუსწრებლად.

2025 წლის 10-14 თებერვალს ჩატარდა თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღო 38-მა მეცნიერმა საქართველოდან.

2025 წელს ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნდა 25-მდე სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში და ერთი მონოგრაფია: V. Kokilashvili, A. Meskhi, H. Rafeiro and S. Samko, Integral operators in non-standard function spaces, Volume  IV: Progress in  Morrey-type spaces and related topic, Birkäuser/ Springer, Helm, pp.1527-2077, 2025.

2025 წელს ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 20-მდე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში.

2025 წელს ინსტიტუტში მუშავდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 7 სამეცნიერო პროექტი. 

2025 წელს ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ალექსანდრე ხარაზიშვილს მიენიჭა ილია ვეკუას სახელობითი პრემია, ხოლო მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ალექსანდრე კვინიხიძეს – ალბერტ თავხელიძის სახელობითი პრემია.

ინსტიტუტის დირექტორს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ნინო ფარცვანიას 2025 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია – „ქალები მეცნიერებაში“ – განსაკუთრებული მიღწევებისთვის მათემატიკაში.

ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დალი ზანგურაშვილი 2025 წლის მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით ,,მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის“.

Facebook
Twitter
LinkedIn