რატი რამიშვილის არაერთი წარმატება საუნივერსიტეტო სივრცეში
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტმა რატი რამიშვილმა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არაერთ წარმატებას მიაღწია. იგი 4-ჯერ გახდა სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი: ,,მოვიპოვე პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდია; 2023 წლის მარტში დავჯილდოვდი უნივერსიტეტის საუბილეო მონეტით 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის; 2-ჯერ მივიღე მონაწილეობა კატარის არაბულენოვანი დებატების ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატებში, როცა საქართველოს მხოლოდ თსუ-ს არაბისტთა გუნდი წარმოადგენდა და, ვფიქრობ, სამშობლოს სახელი ჯეროვნად წარმოვაჩინე; 2023 წელს მოვიპოვე ქუვეითის მთავრობის სასწავლო სტიპენდია; იმავე წელს მოვხვდი 5 გამარჯვებულს შორის ქუვეითის უნივერსიტეტის მიერ არაბული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისას. როგორც თსუ-ს, ისე სხვა უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ არაერთ კონფერენციაში წარმატებით მიმიღია მონაწილეობა“, – ამბობს რატი რამიშვილი.
რატი 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე სწავლობდა ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრის არაბული ენის მიმართულებაზე. მისთვის ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება, რამაც შესძინა როგორც ცოდნა, ისე მეგობრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ,,ენა კულტურის გასაღებია, უცხო ენათა და კულტურათა შესწავლა კი არასდროსაა ზედმეტი – დადებითმა შთაბეჭდილებებმა ეს მოსაზრება ჩემს გონებაში კიდევ უფრო გაამყარა“, – აღნიშნავს სტუდენტი.
რატი მეტად ემადლიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ამბობს, რომ უნივერსიტეტმა შეახვედრა ძვირფას ადამიანებს – ლექტორებს, კურსელებს, მომავალ კოლეგებს, მრავალ ახალ პიროვნებას, რომელთანაც ურთიერთობა ახარებს.
უნივერსიტეტში მისი საყვარელი ლექტორები არიან: ქალბატონი ნინო სურმავა, ქალბატონი ნინო ეჯიბაძე, ბატონი გიორგი ლობჟანიძე, ქალბატონი ინგა ზამბახიძე, ქალბატონი მაია ღამბაშიძე და მრავალი სხვა ლექტორი, რომლებიც მას მუდამ უზიარებენ თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას. რატი რამიშვილისთვის ძვირფასია ქალბატონი ნანი გელოვანი, რომელიც რატის პირველკურსელობიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, ყველა სასწავლო-სამეცნიერო საკითხში გვერდით ედგა. კონფერენციების უმეტესობაში მონაწილეობა სწორედ ქალბატონი ნანის სამეცნიერო ხელმძღვანელობით მიიღო. განსაკუთრებით გამოყოფს ქალბატონ დარეჯან გარდავაძეს, რომელმაც პირველმა შეასწავლა არაბული ანბანი და ამ ერთ-ერთი ურთულესი ენის სიღრმეთა გააზრებაში დღემდე ეხმარება. რატი ასახელებს ქალბატონ მარიამ ნანობაშვილს, რომლის ლექციებიც, მისი თქმით, აღსავსეა პროფესიონალიზმით, მუდმივად ახალი ინფორმაციით, ახლის შემეცნება-გააზრების სურვილით.
რატის სურს, მაგისტრატურა არაბისტიკის მიმართულებით კვლავ თსუ-ში გააგრძელოს. ,,ევროპის ან არაბული ქვეყნების უნივერსიტეტებშიც ვფიქრობ სწავლას. ასევე, ამ ეტაპზე, ვაპირებ დოქტორანტურის შუა საუკუნეების ისტორიით გაგრძელებას. ჩემი ოცნება და მოწოდება ბავშვობიდან ლექტორობა და აკადემიური გარემო იყო, ამიტომ ამ მიზანსაც აუცილებლად განვახორციელებ“, – ამბობს ის.
