დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული რიტუალები დროთა ვითარებაში ცვლილებას განიცდიან
საქართველოს ტრადიციულ ყოფაში, აღდგომასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი შობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნაა. ადამიანები ამ დღისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან, რომ მომავალი წელი მშვიდობიანი, ხვავ-ბარაქიანი და ბედნიერი იყოს. ეს დღეები ოჯახებშიც სხვადასხვა რიტუალით ხასიათდება და დიდწილადაა იმაზე დამოკიდებული, თუ რა გამორჩეული ჩვეულებები ჰქონდათ ძველად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
რა ტრადიციები შემოგვრჩა დღეისათვის და რა თავისებურებებით ხასიათდებოდა სხვადასხვა კუთხეში საშობაო–საახალწლო რიტუალები, გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების პროფესორი ქეთევან ხუციშვილი:
– საახალწლო ტრადიციები დაკავშირებულია საახალწლო დღეობების ციკლთან, რომელიც ძველად საქართველოში ცოტა უფრო ადრე – გიორგობისთვის შემდეგ იწყებოდა. საახალწლო ციკლი მოიცავს ბარბარობას, შობას და ახალ წელს და მთელი რიგი რიტუალებით არის გაფორმებული.
სადღესასწაულო ციკლის პირველი მნიშვნელოვანი თარიღია 17 დეკემბერი, ანუ ბარბარობა, რომელიც საშობაო მარხვის პერიოდში უწევს და აღნიშვნის ტრადიციებიც შესაბამისია. ბარბარობა დღესაც ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება, განსაკუთრებით საქართველოში. ძველად ამ დღეს ლობიანების გამოცხობის საყოველთაო ტრადიცია არ არსებობდა – ლობიანებთან ერთად სარიტუალო პურების გამოცხობა იცოდნენ. ეს ტრადიცია კუთხეების, ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით სხვადასხვანაირი იყო – ცხვებოდა გულცარიელი პურები, ნიგვზიანი და ,,კვახკაკლიანი” პურები, განატეხები და ა.შ. ეს დღე უქმე დღე იყო და ბედობის დღედ მიიჩნეოდა. დღეს ლობიანი და ლობიო ითვლება მთელს საქართველოში ამ დღისთვის მნიშვნელოვან კერძად. დღეს აღარ ვუქმობთ, თუმცა ბარბარობა ბედობას ისევ უკავშირდება.
ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულებად ითვლება აღდგომა და შობა. ამ დღესასწაულებზე ყველა კუთხეს თავისი კონკრეტული ტრადიციული ელემენტები ჰქონდა. ქართულ კალენდარს რომ გავყვეთ, კალენდარულ ციკლში შობის წინა საღამო და თვითონ შობა მთელი რიგი რიტუალებით იყო დატვირთული. ძველად შობას 25 დეკემბერს ზეიმობდნენ, ის წინ უძღოდა ახალ წელს. კალენდრის ცვლილების გამო, როგორც იცით, დღეს შობა 7 იანვარს აღინიშნება. იმიტომაც არის, რომ საშობაო და საახალწლო ტრადიციები არ არის ისე აქტიურად გამოყენებული, როგორც ძველად იყო. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი შობას 25 დეკემბერსაც აღნიშნავს და 7 იანვარსაც. განსხვავება ის არის, რომ 7 იანვარი საეკლესიო დღესასწაულია, ხოლო 25 დეკემბერი – ზოგადი. მე მიმაჩნია, რომ დღესასწაულთა მრავალფეროვნება ჩვენი კულტურის სიმდიდრეა.
ადამიანებს სჭირდებათ დღესასწაულები, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში, რომელიც დატვირთულია პრობლემებით. დღესასწაული ადამიანებს ყოფითი საზრუნავიდან დროებით გასვლის საშუალებას აძლევს, რომ ახალი ენერგიით შეივსონ. დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული რიტუალები დროთა ვითარებაში ცვლილებას განიცდიან.
ძველად გავრცელებული რიტუალებიდან დღესაც აღინიშნება ბედობა, რომელიც ბარბარობასთანაც არის დაკავშირებული და ახალ წელთანაც. ამ დღეებში უნდა დაებედებინათ – გამოეთხოვათ ოჯახის სიკეთე, ხვავი, ბარაქა და მშვიდობიანობა. დღეს ბედობის ძველი რიტუალების ნაწილი აღარ სრულდება.
შობის დღესასწაული 24 დეკემბრიდან იწყებოდა. ამ დღესაც სხვადასხვა სახელი ერქვა – ქირსე, კორკოტობა, მრავალწლობა, თხილობა და ა.შ. იხარშებოდა მარცვლეულის ფაფა (კორკოტი, ჭანტილი), ცხვებოდა რიტუალური კვერები, იკვლებოდა საშობაო ღორი და იმართებოდა ალილო. დღეს ნაწილობრივ შენარჩუნებულია შობასთან დაკავშირებული ტრადიციები – მზადდება საშობაო ღვეზელი, სოფლად იკვლება ღორი და ისევ იმართება ალილო, მათ შორის, დედაქალაქშიც.
ახალ წელს განსაკუთრებულად ეგებებოდნენ. ამ დღისთვის მზადდებოდა ჩიჩილაკი, გვერგვი. ჩიჩილაკს რთავდნენ ხილით, მოგვიანებით – ფულითაც. იცოდნენ შაშვის ჩამოკიდებაც, რაც გამომცხვარი პურით ჩანაცვლდა. ასევე ცხვებოდა საწესო პურები: ტაბლა, ბოკელები, საბასილო პურები. ახალ წელს უკავშირდება მეკვლეობა.
მეკვლეობა კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციაა. არსებობდა შინაური მეკვლე და გარეშე მეკვლე, ვინც ოჯახის წევრი არ იყო. მეკვლეობისთვის მზადდებოდა კერძები და ხდებოდა ოჯახის დალოცვა. ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი არის ლოცვის რიტუალი – მთელი წლის ბარაქის და კეთილდღეობის გამოთხოვა. ამიტომ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა კერძი. იკვლებოდა ღორი, ცხვებოდა სხვადასხვაგვარი პური, მზადდებოდა ტაბლა – ძირითადად დიდი გობი, რომელზეც იდებოდა ღორის თავი და სხვადასხვა სანოვაგე, მათ შორის, ტკბილეული.
დღეს მეკვლეობაც მრავალგვარი ფორმითაა შემორჩენილი. განსხვავებულია დალოცვა და საჩუქრების გაცვლა, რაც ბუნებრივია, რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, მაგრამ თავად იდეა და ის, რომ მეკვლემ აუცილებლად უნდა მოგვილოცოს და სიკეთე შემოიტანოს ოჯახში, დღესაც შემორჩენილია ყოფაში.
ცალკე უნდა აღინიშნოს საახალწლო რიტუალური პურის ცხობის ტრადიცია. ამ დღისთვის დიასახლისები ოჯახის წევრებისთვის აცხობდნენ როგორც ტრადიციულ კვერებს, ასევე ბასილებს – ადამიანის ფორმის პურებს. ბასილებს ზოგჯერ სხვადასხვა ფორმაც ჰქონდათ, ვაჟებისთვის მისცემდნენ გუთნის, ნამგლის ფორმას. ქალებისათვის – სართავი ჯარას ან კრუხ-წიწილის ფორმას, რაც მათ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. დღეს ასეთ რიტუალურ პურებს ოჯახის ყველა წევრისთვის აღარ ვაცხობთ, მაგრამ ხაჭაპური ან ლობიანი ახლაც მზადდება.
დალოცვის რიტუალისთვის ძველად მარანს ან ვენახს სტუმრობდნენ, ამზადებდნენ შეშას და ესეც ბარაქისა და ხვავის გამოთხოვის ტრადიცია იყო. დღეს ამას თითქმის აღარავინ აკეთებს. შემორჩენილია ღვინით დალოცვა.
ამ ტრადიციებიდან ბევრი რამ ახლაც სრულდება, ბევრიც – შეიცვალა, უცვლელი დარჩა მთავარი იდეა – იწყება ახალი წელი, ახალი ათვლა და ამ დროს უნდა დავიბედოთ კეთილდღეობა.
ახალი წლის აღნიშვნაში, ბევრი ფაქტორის გამო, ეტაპობრივად, სხვა ქვეყნების კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებიც შემოვიტანეთ. მაგალითად, თავად საშობაო ნაძვის ხე საქართველოში შედარებით გვიან დამკვიდრდა, მაგრამ უკვე მესამე საუკუნეა, რაც ჩვენს ყოფაში მყარად მოიკიდა ფეხი.
ძალიან საინტერესო ფაქტორია, რომ დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ჩიჩილაკი ისევ აქტიურად დაბრუნდა ყოფაში და დღეს უკვე საყოველთაოდ მიღებულია. ჩიჩილაკი, ძველი ტრადიციული ხე, ხშირად ნაძვის ხესთან ერთადაც იდგმება. ამას დაემატა ისიც, რომ ყოველ წელს, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, რომელიმე ცხოველს უკავშირებენ. შესაბამისად, ეს ატრიბუტები ამშვენებს ხოლმე ნაძვის ხეს ან ჩიჩილაკს. ეს არის გლობალიზაციასთან დაკავშირებული პროცესები და სადღესასწაულო ატრიბუტიკის მოდერნიზება, ასევე გვაქვს ისეთი ჩვეულებებიც, რაც საყოველთაოა და ქართულია. მაგალითად, გამორჩეული ტრადიციაა გოზინაყის მომზადება საახალწლოდ.
ჩვენი სუფრა, ძველი მენიუსგან განსხვავებით, დღეს გაცილებით მრავალფეროვანია. ხანდახან ამის საჭიროება არ არის, მაგრამ ითვლება, რომ ამითაც გამოვითხოვთ კეთილდღეობას მომავალი წლისთვის – მიიჩნევა, რომ, რაც უფრო უხვია საახალწლო სუფრა, მით ბარაქიანი იქნება შემდგომი წელი.
ახლა მთელს მსოფლიოს ისეთი პერიოდი უდგას, რომ მშვიდობა არის ყველაზე მეტად სასურველი და, სხვათა შორის, ტრადიციული ქართული სუფრის წესებში ღვთის სადღეგრძელოს შემდეგ მშვიდობის სადღეგრძელო შეისმებოდა, რაც დღესაც შენარჩუნებულია.
მინდა, ჩვენს საყვარელ უნივერსიტეტს მუდმივი წინსვლა ვუსურვო. ეს წელი ყოფილიყოს სიახლეების, საუკეთესო ახალგაზრდების მოზიდვისა და წარმატებების წელი როგორც აკადემიურ, ასევე, სასწავლო სფეროში. მინდა, რომ, ყველანაირი ეჭვების გარეშე, რეგიონში პირველი უნივერსიტეტის სტატუსი მყარად გვეკავოს და, როგორც ჩვენ დღეს გვეამაყება, ასევე ეამაყოს ჩვენს ახალგაზრდებსაც ჩვენი უნივერსიტეტით!