გასვლითი სამეცნიერო სესია ქვათახევში

თარიღი: 2026-07-08 14:41:03

ტრადიციადაა ქცეული თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრისა და მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის ერთობლივი სხდომის „გასვლითი“ ფორმით ჩატარება. იგი ყოველწლიურად ხდება საქართველოს რომელიმე სამონასტრო კომპლექსში. ამჯერად სესია ჩატარდა ქვათახევის მონასტერში. სესიაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე მოხსენება საქართველოს უმწვავეს პრობლემებზე.

მაკროეკონომიკის კათედრისა და მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა წარმოადგინა მოსახლეობის აღწერების ისტორიის მთელ მანძილზე (1897 წლიდან) მოსახლეობის ყველა საყოველთაო აღწერის შესახებ ინფორმაცია და ცალკეული ნაკლოვანებები. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პოსტსაბჭოთა პერიოდის მოსახლეობის საყოველთაო აღწერებზე, მათ უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე და ზოგიერთ ნაკლოვანებაზე, რაც სამწუხაროდ ახლდა აღწერების პროგრამებსა და მათ მსვლელობას. ამას საჯაროდ აღიარებენ თვით აღწერის პროცესში ჩართული ხელმძღვანელებიც. საუბარი იყო ზოგიერთ ლაფსუსზეც, რაც მომავალი აღწერების დროს უნდა გამოსწორდეს. დასკვნა ასეთია: ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა გაზარდოს თავისი ძალისხმევა მოსახლეობის აღწერის პროცესზე და მისგან უნდა განაცალკევოს მასზე მიკერებული სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესი.

თავის ორიგინალურ მოხსენებაში – „ფისკალური კურიოზები – ეკონომიკა სიმეტრიაში“ მაკროეკონომიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორმა მარინა ტაბატაძემ ისაუბრა ეკონომიკის განვითარების შესაძლო არაპროგნოზირებად შედეგებზე. მან არასტანდარტული რაკურსით წარმოაჩინა ზოგიერთი ეკონომიკური კანონზომიერება.

არანაკლებ კრიტიკული იყო ასოცირებული პროფესორის მალხაზ ჩიქობავას მოხსენება – „ინფლაციის თავისებურებანი საქართველოში“. მან ნათლად აჩვენა, რომ არსებული ინფლაციური ზეწოლა არ არის გამოწვეული ჭარბი ერთობლივი მოთხოვნით, ანუ არსით ის არამონეტარულია. ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე მან ჩამოაყალიბა რამდენიმე რეკომენდაცია, რაც შექმნილი ვითარების სტაბილიზაციისთვის გამოადგება საქართველოს ეროვნულ ბანკს.

მსჯელობა წარიმართა მიგრაციის კვლევის ცენტრის მუშაობის მომავალ პრობლემებზე, ჟურნალ „მიგრაცია“-ს მეთორმეტე ნომრისათვის წარმოდგენილ სტატიებზე. მიგრაციის კვლევის ცენტრი, მავანთა გაუგებარი წინააღმდეგობის მიუხედავად, 2004 წელს დაარსდა ეკონომიკის ფაკულტეტის მაშინდელი დეკანის, პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილისა და უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს  როინ მეტრეველის ხელშეწყობით. მისი ამოცანა იყო საზოგადოებრივ საწყისებზე (თვითდაფინანსების ფორმა) მიგრაციის პრობლემების კვლევა, მიგრანტოლოგთა კვალიფიციურ ზრდაში ხელშეწყობა, კვლევის შედეგების სტამბურად გამოცემა. მართლაც, ცენტრის მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსებიდან ორ წელიწადში დისერტაციები დაიცვეს ნათია ჭელიძემ, მანანა ლობჟანიძემ, ამირან ტაკიძემ, შორენა გუჩაშვილმა და სხვებმა. დისერტაციების მომზადებაში დახმარება გაეწია უცხოეთიდან მოვლინებულ ზურაბ ლალიაშვილს (ჩეხეთი) და მეგი კაცს (აშშ). კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიეცათ რეკომენდაცია ცენტრის მკვლევრებს ნ. ჭელიძეს და თ.ზუბიაშვილს. მათ გაიარეს მრავალწლიანი კურსები საზღვარგარეთის მიგრაციის კათედრებსა და კვლევით ცენტრებში. საყურადღებოა, რომ თ.ზუბიაშვილის ხელმძღვანელები იყვნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი მარი ფრაისი და მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე მ.ფიშბახი. მარი ფრაისმა უანგაროდ იკისრა ჩვენი მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის კონსულტანტობა და ცენტრის ჟურნალ „მიგრაცია“-ს რედკოლეგიის წევრობა. მან სამეცნიერო ნაშრომებიც გამოაქვეყნა  ჩვენს ჟურნალში.

არანაკლები ამაგი დასდო ცენტრის მუშაობასა და ჟურნალის კვალიფიციურ ფუნქციონირებას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟურნალ „მიგრაცია“-ს რედკოლეგიის აქტიურმა მუშაკმა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა ირინა მოლოდიკოვამ. მისი არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია გამოქვეყნებული ჩვენს ჟურნალში. ამასთან, მისი რეკომენდაციითაა გამოქვეყნებული სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მიგრანტოლოგის სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალ „მიგრაციაში“.

ათეულობით მონოგრაფია და კრებული გამოქვეყნდა ცენტრში ჩატარებული მასშტაბური გამოკვლევების შედეგებზე, მათ შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი – ინგლისურ ენაზე. აღნიშვნის ღირსად მიგვაჩნია ცენტრის ოთხი თანამშრომლის (მ. ტუხაშვილი, ნ. ჭელიძე, თ.ზუბიაშვილი, მ. შელია) აქტიური მონაწილეობა ცნობილი კონსორციუმის „Carim-East”-ის ოთხწლიან  კვლევით პროგრამაში (ფლორენცია 2009-2013 წწ). იქ გამოქვეყნდა ცენტრის თანამშრომელთა მრავალი სტატია, მათ შორის, „Carim-East”-ის კიევის ფორუმზე საუკეთესო ნაშრომად იქნა აღიარებული მ. ტუხაშვილისა და მ. შელიას გამოკვლევა: „შრომითი მიგრაციის გავლენა საქართველოს დემოეკონომიკურ განვითარებაზე“.

ცენტრის მიერ გამოცემულ მონოგრაფიულ ნაშრომთა ავტორები არიან ცნობილი მეცნიერები: ც. ანთაძე, გ. ბუნტური, ნ. ჭელიძე, მ. ტუხაშვილი, მ. შელია, ი. ანანიაშვილი, მ. ლობჟანიძე, მ. ცარციძე, ნ. ლაცაბიძე, გ. თაქთაქიშვილი, თ. ზუბიაშვილი, ა. ტაკიძე, თ. ფუტკარაძე.

ცენტრის მუშაობას, ნაშრომთა გამოცემას უანგაროდ ეხმარებოდნენ დიდი პატრიოტები: ნ. კვიციანი (მსო) და ვ. ჭკუასელი (დანიის ლტოლვილთა საბჭო), აგრეთვე, თსუ-ს სამეცნიერო  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გ. ღვედაშვილი.

ასე რომ, ქვათახევიდან ჯგუფი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა და უნდა ითქვას, რომ თავისი მისია შეასრულა.

ნათია ჭელიძე

ასოცირებული პროფესორი, ჟურნალ „მიგრაცია“-ს პასუხისმგებელი მდივანი

Facebook
Twitter
LinkedIn