მარიამ ნანობაშვილის „ლექციები ქრისტიანულ არაბისტიკაში“

თარიღი: 2025-11-13 18:50:26

გასულ სექტემბერში თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ქრისტიანული აღმოსავლეთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მკვლევარმა, მარიამ ნანობაშვილმა გამოსცა ახალი ნაშრომი – „ლექციები ქრისტიანულ არაბისტიკაში“. წიგნი მოიცავს ლექციათა მცირე კურსს, რომელიც ეფუძნება როგორც ცნობილი მეცნიერების – გეორგ გრაფის, ეგნატე კრაჩკოვსკის, სამირ ხალილის, აზიზ ატიას, სიდნეი გრიფიტისა და რუსუდან გვარამიას – ავტორიტეტულ კვლევებს, ასევე თავად მარიამ ნანობაშვილის მრავალწლიან ორიგინალურ მეცნიერულ საქმიანობას.

ქრისტიანული არაბული ლიტერატურა საქართველოში მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ მიმართულების უნიკალურობასა და აკადემიურ მნიშვნელობას. მარიამ ნანობაშვილის  „ლექციები ქრისტიანულ არაბისტიკაში“ კი არის სერიოზული განაცხადი – ერთ მეთოდოლოგიურ სივრცეში მოაქციოს არაბული ენის, ქრისტიანული აზროვნების, რელიგიურ-ფილოსოფიური მემკვიდრეობისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხები.

ნაშრომი გამორჩეულია თავისი სისტემურობითა და თემატური სიღრმით. მასში განხილულია ქრისტიანული არაბული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ეტაპები, მისი სპეციფიკა და მჭიდრო კავშირი ქართულ კულტურასთან. ავტორი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ქრისტიანული არაბული ლიტერატურის არსებობა ისლამამდელ ეპოქაში, ამ დარგის წყაროები და ძირითადი ხელნაწერები, ბიბლიის არაბული თარგმანები, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა არაბულ ენაზე და არაბულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი.

წიგნში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქრისტიანული აღმოსავლეთის საეკლესიო მწერლობასაც. პატრისტიკული ნაწილის ფარგლებში წარმოდგენილია რამდენიმე ცნობილი საეკლესიო ავტორი მელქიტური (ქალკედონიტური, დიოფიზიტური), იაკობიტური (მონოფიზიტური) და ნესტორიანული ტრადიციიდან, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს – დაინახოს ქრისტიანული სამყაროს მრავალფეროვნება არაბულ კულტურულ სივრცეში.

მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომი, პირველ რიგში, განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის თანაბრად მნიშვნელოვანია ბაკალავრიატის მსმენელებისთვისაც – განსაკუთრებით მათთვის, ვინც  არაბულ-ქართულენობრივ და ლიტერატურულ ურთიერთობებს სწავლობს. ამავე დროს, წიგნი ფართო მკითხველსაც აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს ქრისტიანობის ისტორიულ განვითარებას არაბულ სამყაროში – თემას, რომელიც, როგორც ცნობილია, ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ინტერესს.

მარიამ ნანობაშვილი განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებს მასწავლებელს, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს რუსუდან გვარამიას. როგორც ავტორი აღნიშნავს, სწორედ გვარამიასთან მუშაობისას ჩამოყალიბდა მისი სალექციო კურსის საფუძველი: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლისას სისტემატურად ვხვდებოდი ქალბატონ რუსუდანს. ეს იყო სერიოზული სამუშაო შეხვედრები, სამეცნიერო ლიტერატურის განხილვა, დეტალური დისკუსია. ფაქტობრივად, იმდროინდელი ჩანაწერები გახდა პირველი საფუძველი სამომავლო სალექციო კურსისა, რომელსაც, ბუნებრივია, შემდგომში ბევრი რამ დაემატა“, – აღნიშნავს ავტორი, რომლის ინიციატივითაც, 1998 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე უკვე დამკვიდრდა ქრისტიანული არაბული ლიტერატურა, როგორც არაბისტიკის სპეციალობის მაგისტრატურის საგანი.

წიგნი გამოსცა გამომცემლობა „უნივერსალმა“. რედაქტორია თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ცნობილი მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე,  რომლის პროფესიულ წვლილსაც ავტორი განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნავს.

„ლექციები ქრისტიანულ არაბისტიკაში“  მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ამ მიმართულების სამეცნიერო ცოდნის გაღრმავების კუთხით. იგი ერთგვარი შესავალია უფრო მასშტაბური – ქრისტიანული არაბული ლიტერატურის სრული კურსისათვის, რომლის გამოცემაც, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, სამომავლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაშია დაგეგმილი.

Facebook
Twitter
LinkedIn