რა განსაკუთრებული და სრულიად უნიკალური შემთხვევები არსებობს სამედიცინო ისტორიებში?

თარიღი: 2022-10-17 18:56:02

ქირურგიაში განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები განიხილეს საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციაზე – „განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში“, რომელსაც საქართველოს, გერმანიის, ისრაელის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ. ქირურგებმა სადისკუსიოდ საკუთარი გამოცდილებიდან ყველაზე უნიკალური სამედიცინო ქეისები გამოიტანეს.

„ქართველ ქირურგთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პანდემიით გამოწვეული რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ პირველად ჩავატარეთ საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია. განვიხილეთ განსაკუთრებული, ექსკლუზიური შემთხვევები ქირურგიაში, დისკუსიის ფარგლებში მოვისმინეთ ერთმანეთის მოსაზრებები. 12 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რათა საქართველოს წამყვან ქირურგებთან ერთად განგვეხილა ეს თემატიკა“, – განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა მერაბ კილაძემ.

„ქირურგიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, როდესაც სპეციალისტები იშვიათი სამედიცინო ქეისების შესახებ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს ვუზიარებთ. დისკუსიები საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა“, – აღნიშნა ბერლინის „ჰელიოს“ კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელმა მარტინ შტრიკმა. 

საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციაზე – „განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში“ – ამავე სახელწოდების კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ კილაძის ინიციატივითა და თანავტორობით გამოიცა. წიგნი გამიზნულია უკვე გამოცდილი ექიმებისა  და ასევე დამწყები მედიკოსებისთვის.  კრებულში  13 სხვადასხვა ქვეყნის ქირურგების 115 იშვიათი ქეისია გაერთიანებული. გამოცემა დასურათებულია და თითოეული იშვიათი შემთხვევის დროს წარმოქმნილი პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტულ მეთოდს აღწერს. ავტორებმა, კონფერენციის ფარგლებში,  კოლეგებს გახსნილი სადისკუსიო სივრცე შესთავაზეს, სადაც მათ ანალოგიური პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული ვარიანტების განხილვა შეეძლოთ.

„საინტერესო ქეისებია, ასახულია ლაკონურად გადმოცემული რეპორტები ქირურგიაში არასტანდარტული სიტუაციებისა და არასტანდარტულად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქირურგებისა და რეზიდენტებისთვის მათი კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. 115 შემთხვევიდან, დაახლოებით, ნახევარი ჩემი პირადი  40 წლიანი პრაქტიკიდან აღწერილი შემთხვევებია. ის ქეისებია წარმოდგენილი, რომლის პაციენტის სახელი და გვარი, სამედიცინო ისტორია ქირურგს არასდროს დაავიწყდება. ეს რთული და გადასალახი ეტაპია, რადგან კარგი ქირურგიული გადაწყვეტილება გამოცდილებიდან მოდის“, – განაცხადა მერაბ კილაძემ. 

საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ორგანიზებით გაიმართა. მოხსენებების მოსმენა-განხილვა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამეცნიერო ფორუმის გახნას საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ კონფერენციის მნიშვნელობა სამედიცინო პრაქტიკული  საქმიანობისა და სწავლა-სწავლების კონტექსტში გაანალიზეს.

საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი კონფერენციის მონაწილეებს პრეზიდენტის მრჩეველმა ქეთევან ტატოშვილმა გააცნო: „დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ქირურგიას მაღალი მიღწევები აქვს, ტექნოლოგიები კი ახალ შესაძლებლობებს იძლევა, აუცილებელია, რომ ქართული ქირურგიული სკოლაც ამ სიახლეების კვალდაკვალ ვითარდებოდეს, ამიტომ მსგავსი კონფერენციები, რომლებიც დარგის სპეციალისტებს აძლევს დისკუსიების წარმართვის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალებას და ხელს უწყობს მომავალი თაობებისთვის ცოდნის გადაცემას, კრიტიკულად აუცილებელია შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის“, – აღნიშნული იყო პრეზიდენტის მიმართვაში.

„მომავალი ექიმების დახლოვნებისა და სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ნაბიჯია, რომ გავიაზროთ და ვნახოთ ის, თუ რა განსაკუთრებული და სრულიად უნიკალური შემთხვევები არსებობს სამედიცინო ისტორიებში. ექიმი განათლებას იღებს არა მარტო იმით, რომ კითხულობს კარგ სახელმძღვანელოებს ან ატარებს კონკრეტულ ოპერაციებს, არამედ, როდესაც ის ეცნობა ახალ შემთხვევებს. ამ მხრივ გამონაკლისია დღევანდელი დღე, რადგან პირველად გამოვიდა წიგნი, რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოდაც გამოვიყენოთ. მასში შესულია ის იშვიათი და განსაკუთრებული შემთხვევები, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ქირურგის მაგიდაზე. აქედან გამომდინარე, ამ სახის შეხვედრები საფუძველს უყრის რამდენიმე მიმართულებით აქტივობას – პირველი ის, რომ ხდება ინფორმაციის გაცვლა, მეორე – მყარდება ახალი ურთიერთობები და რაც მთავარია, ჩნდება გზები მომავალი კვლევითი საქმიანობისაკენ“, – განაცხადა თსუ-ის ვიცე რექტორმა, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა. 

კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორი დოქტორანტი ისრაელსა და ავსტრიაში კვლევითი ვიზიტით გაემგზავრება. კანდიდატები უკვე შერჩეულია. ახალგაზრდა ქირურგების მივლინება ისრაელისა და ავსტრიის წამყვან კლინიკებში მომავალ წელს არის დაგეგმილი.

საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია – „განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში“ 13-15 ოქტომბერს მიმდინარეობდა. ღონისძების გახსნის ცერემონიაზე მსოფლიო ებრაელთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ სარელმა თსუ-ის პროფესორი მერაბ კილაძე საქართველო-ისრაელის მეგობრობის ხელშეწყობისა და მედიცინის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ისრაელის ონკოლოგ ქირურგთა ასოციაციის სიგელით დააჯილდოვა.

Facebook
Twitter
LinkedIn