გამორჩეული პირველსემესტრელი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მზია წერეთელი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს.
შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი ქეთევან ტვილდიანი.
ქეთევანმა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულება აირჩია. ,,ვფიქრობ, რომ საქართველოში თსუ ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. ფაკულტეტი, რომელზეც უნდა ვისწავლო, უნივერსიტეტის გახსნის წლიდანვე დაარსდა და დიდი ხანია ვითარდება. ამიტომ ვთვლი, რომ ამ დარგში საუკეთესო განათლებას სწორედ აქ მივიღებ“, – ამბობს ქეთევან ტვილდიანი. მას სურს, რომ ჰქონდეს საინტერესო სტუდენტური წლები და სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.
,,როგორც საორიენტაციო შეხვედრიდან გავიგე, უნივერსიტეტში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი კლუბი არსებობს და ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩემი სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას. ჩემი სამომავლო გეგმა, პირველ რიგში, უკავშირდება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. ასევე დიდი სურვილი მაქვს – საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვისწავლო“, – აღნიშნავს ქეთევან ტვილდიანი, რომელიც უკვე შეუდგა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლას.
