ქეთევან ანთელავას კოლეგები და სტუდენტები ემშვიდობებიან
უკვე მესამედ, ამ მოკლე ხანში, ჩვენმა ინსტიტუტმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა საშინელი დარტყმა განვიცადეთ – პროფესორების თემურ კობახიძისა და ვასილ კაჭარავას შემდეგ დავკარგეთ ასოცირებული პროფესორი, პირველი ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, რომელმაც დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა – ქეთევან ანთელავა. განათლებით ფილოლოგი, ინგლისური ლიტერატურისა და ენის სპეციალისტი, იგი მოგვიანებით ამერიკისმცოდნეობით დაინტერესდა, აირჩია ქალთა საკითხები და 2015 წელს ამერიკელ მეცენატ ქალებზე ძალიან საინტერესო დისერტაცია დაიცვა. ქეთიმ არაერთი სტატია გამოაქვეყნა და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია, მისი, როგორც პედაგოგის საქმიანობა, მისი დამოკიდებულება სტუდენტებისადმი. სტუდენტებიც იმითვე პასუხობდნენ. ყოველი ლექტორის შეფასების მთავარი განმსაზღვრელი ხომ სწორად ისინი არიან. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ ვინ იყო ქეთი მათთვის. ამდენი თბილი სიტყვა, გამოთქმული არა მარტო მისი პიროვნული ღირსებების, არამედ არაჩვეულებრივი პედაგოგიური ღვაწლის მიმართ, არც ისე ხშირია. „საყვარელი ლექტორი და უბრალოდ ეტალონი“, ,,გამორჩეული ლექტორი, რომელთანაც ჩვენ, ამერიკისმცოდნეები ცალკე სკოლას გავდივართ“, ,,უღრმესი მადლობა პროფესორო, ძალიან მიყვარხარ“ – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამოხმაურებისა, რომელიც სოციალურ ქსელში ამ ტრაგედიიდან რამდენიმე საათში გავრცელდა. ეს სიტყვები რომ წაეკითხა, რა ბედნიერი იქნებოდა!
როდესაც ასეთი ადამიანი, პედაგოგი, სპეციალისტი ასე უდროოდ გვტოვებს, ამასთან შეგუება ძალიან რთულია. ჩვენც ძალიან გვიჭირს ამ ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული, მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე კოლეგის და, უბრალოდ, ლამაზი, ელეგანტული, დახვეწილი ადამიანის დაკარგვა. ვუსამძიმრებთ მის ყველა ახლობელს, მეგობარს, კოლეგა-ამერიკისმცოდნეებსა და ფილოლოგებს თბილისსა თუ ქუთაისში, სტუდენტებს პროფესორ ქეთევან ანთელავას გარდაცვალებას. მისი ხსოვნა მუდამ ჩვენთან დარჩება.
თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი